ლიბიის რევოლუცია

კადაფის შემდეგ

REUTERS
დაახლოებით ერთი თვეა, რაც ლიბია კადაფის გარეშე ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს. ექვსთვიანი ორხელისუფლებიანობის შემდეგ ქვეყანას ახლა ერთი პოლიტიკური ძალა – ნაციონალური საბჭო აკონტროლებს, რომელიც კადაფის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიის დროს შეიქმნა. მისი მთავარი მიზანი 2013 წელს ლიბიის სათავეში ღირსეული ხელისუფლების მოყვანაა. 

ნაციონალური საბჭოს ამჟამინდელი ლიდერი პროდასავლური ორიენტაციის მქონე, გამოცდილი პოლიტიკოსი მაჰმუდ ჯიბრილია. ახალი მთავრობის ფორმირებამდე სწორედ ის იქნება ლიბიის პირველი პირი. ჯიბრილის გარდა საბჭოში კიდევ რამდენიმე საკვანძო ფიგურაა – მათ შორის მუსტაფა მაჰმუდ აბდულ ჯალილი, რომელიც რევოლუციის დაწყებამდე კადაფის რეჟიმის ერთ-ერთი წევრი იყო, თუმცა აჯანყებების დროს ხალხის გვერდით დადგა და ნაციონალური საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. აღსანიშნავია ამერიკიდან ახლახან დაბრუნებული ეკონომისტი ალი ტარჰუნი, რომელიც საბჭოს ფინანსურ საკითხებს განაგებს.

მიზანი მიღწეულია – ლიბია თავისუფალია! თუმცა ყველა ხვდება, რომ მთავარი ახლა იწყება: ქვეყნის ეკონომიკა დანგრეულია, ომმა მთლიანად გაანადგურა არსებული ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი კი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი. ამ ფონზე ლიბიისთვის ის თანხები, რომლებიც ომის პერიოდში დასავლეთმა გაყინა, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ამ საკითხზე ლიბიის დროებითი მთავრობა ევროპელ ლიდერებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

დიქტატორის ჩამოგდება ქვეყნის სწორად განვითარების გარანტი ნამდვილად არ არის. კადაფის ტოტალიტარული მმართველობის პირობებში ლიბიაში სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატიული პარტიები უბრალოდ არ არსებობდა. რეჟიმის დამხობის შემდეგ პოლიტიკური ვაკუუმი შეიქმნა. ეს სივრცე, შეიძლება, ორგანიზებულმა კრიმინალურმა ძალებმა ან ისლამისტებმა შეავსონ. 

პოსტრევოლუციურ ლიბიაში უკვე გამოჩნდნენ ისლამისტები, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლა სურთ. შეიხ ხალედ შერიფი ლიბიის ყველაზე დიდი ისლამისტური დაჯგუფების ლიდერია. ის წარსულში ბინ ლადენთან და ალ-ყაიდასთან ახლო კავშირებით იყო ცნობილი. დღეს შერიფი სხვა ისლამისტ მებრძოლთან, ჰაკიმ ბელაჯისთან ერთად, ცდილობს საზოგადოებაში ისლამისტური გაერთიანების გავლენის გაფართოებას.  
ლიბიამ უნდა გაითვალისწინოს ავღანეთის, ერაყისა და სომალის მაგალითები, როცა დიქტატურის დამხობის შემდეგ ამ ქვეყნებმა დემოკრატიის ნაცვლად სამოქალაქო ომი მიიღეს. ავღანეთსა და ერაყში დიქტატორის ჩამოგდების შემდეგ სამოქალაქო ომი ადგილობრივ ტომებს შორის დაიწყო, შემდეგ კი რელიგიურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ყველაფერთან ერთად, ლიბია ეთნიკური სიჭრელით გამორჩეული ქვეყანაა. აქ დიდ უმრავლესობას სხვადასხვა არაბული ტომები წარმოადგენს, დანარჩენ ნაწილს ბერბერები, თურქები, ტუნისელები, პაკისტანელები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები შეადგენენ. საზოგადოებრივი დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებით ფრთხილი და წინდახედული პოლიტიკის გატარებაა საჭირო.

ლიბია ღრმად რელიგიური სახელმწიფოა, თუმცა, როგორც ჩანს, ამას ახალი მთავრობის ფორმირებაზე გავლენა არ ექნება. “ლიბია არ არის ადგილი ექსტრემიზმისთვის, – განუცხადა ერთ-ერთმა მუსლიმმა მოქალაქემ უცხოელ ჟურნალისტებს, – ლიბიელი ხალხი საკმაოდ განათლებულია, მან იცის რა სურს. ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ისლამური კულტურა და არა ისლამური სახელმწიფო”.

ლიბიაში მშვიდობის შენარჩუნება დასავლეთისთვისაც უმნიშვნელოვანესი საკითხია. კიდევ ერთი დიქტატურის დასამხობად ევროპამ და ამერიკამ საკმაოდ დიდი რესურსები დახარჯა – როგორც მატერიალური, ისე ადამიანური თვალსაზრისით. მიღწეული წარმატების ბოლომდე შესანარჩუნებლად ახლა ლიბიის გვერდით დგომაა საჭირო. NATO-ს ახალი გადაწყვეტილების თანახმად, მშვიდობისმყოფელები ლიბიაში კიდევ 90 დღის განმავლობაში დარჩებიან. “ეს გადაწყვეტილება ლიბიელ ხალხს ნათელ გზავნილს უგზავნის: ჩვენ ვიქნებით მათ გვერდით მანამ, სანამ ლიბია თვითონ შეძლებს საკუთარი მომავლის მართვას, არც ერთი დღით მეტი, ან ნაკლები!” – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა. 
 

კომენტარები