აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის მემუარები სახელწოდებით “In my Time” აშშ-ში აგვისტოს ბოლოს გამოვიდა. სხვა თემებთან ერთად, წიგნში ჩეინი რუსეთ-საქართველოს ომს იხსენებს და კრემლის პოლიტიკისადმი საკუთარ აზრს გამოთქვამს.
2008 წლის ომის მიზეზებზე საუბრისას, ჩეინი აღნიშნავს, რომ „აგვისტოში ოსურმა ძალებმა, რომლებიც რუს მეთაურებს ექვემდებარებოდნენ, სამხრეთ ოსეთში ქართულ სოფლებს ცეცხლი გაუხსნეს. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრძანება გასცა საპასუხო ზომების შესახებ. ამან, როგორც ჩანს, პუტინს მისცა ნანატრი საბაბი ქართველების წინააღმდეგ აგრესიული სამხედრო ოპერაციის დასაწყებად”.
დიკ ჩეინის დამოკიდებულებას რუსეთ-საქართველოს ომის მიმართ გამოცემაში The National Interest გამოეხმაურა კარნეგის ფონდის ექსპერტი თომას დე ვაალი, რომელმაც ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი უზუსტობებში ამხილა. კერძოდ, იგი შეედავა ჩეინის ფრაზას იმის შესახებ, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში „მრავალრიცხოვანი რუსი მოსახლეობა” ცხოვრობდა. დე ვაალი აზუსტებს, რომ ამ რეგიონების მოსახლეობა ეთნიკური აფხაზები და ოსები იყვნენ, რომლებსაც რუსული პასპორტები ჰქონდათ აღებული. გარდა ამისა, დე ვაალი არასწორად მიიჩნევს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ოსური ძალების ქართულ სოფლებზე თავდასხმებს რუსი სამხედროები ხელმძღვანელობდნენ. იგი აღნიშნავს, რომ „ოსურ და ქართულ სოფლებს შორის სროლა მიმდინარეობდა, მაგრამ რუსული სამშვიდობო ძალები სიტუაციაში არ ერეოდნენ, სანამ 8 აგვისტოს ქართული შეტევა არ დაიწყო” (თუმცა, დე ვაალი არ ახსენებს რუსეთიდან ცხინვალში მივლენილ სამხედროებს, რომლებიც იმ დროისთვის სეპარატისტულ მთავრობაში ძალოვან უწყებებს ხელმძღვანელობდნენ).
დე ვაალი აღნიშნავს, რომ ჩეინისგან „რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თაობაზე გაწონასწორებულ მონაყოლს არც ელოდა”, მით უმეტეს რუსეთის მიმართ შეხედულებების ფონზე, რასაც ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი თავის მემუარებში აყალიბებს.
როგორც ჩეინი მემუარებში იხსენებს, რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში ეროვნული უშიშროების საბჭოზე მან გამოთქვა აზრი იმის თაობაზე, რომ რუსეთის აგრესია „უფრო მეტია, ვიდრე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხი”. „პუტინი ბოლო 20 წლის ტენდენციების უკან შემობრუნებას ცდილობდა. მას ძალა და ფინანსები ჰქონდა – ძირითადად ნავთობით ვაჭრობის წყალობით – იმისთვის, რომ აღედგინა გავლენა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა მოლდოვა, უკრაინა, ბალტიის და ცენტრალური აზიის ქვეყნები”, – აღნიშნავს ჩეინი.
ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი წერს, რომ, ვლადიმირ პუტინისგან განსხვავებით, სსრკ-ის დაშლას განიხილავს არა როგორც „გეოპოლიტიკურ კატასტროფას”, არამედ „უდიდეს წინ გადადგმულ ნაბიჯს ადამიანის თავისუფლებისათვის ბოლო 60 წლის განმავლობაში”. იგი აფრთხილებდა აშშ-ის ადმინისტრაციას, არ დაევიწყებინათ პუტინის წარსული, რომელიც საბჭოთა КГБ -ში მუშაობდა.
ობამას ადმინისტრაციის რუსეთთან დამოკიდებულებას ჩეინი არაერთგვაროვნად აფასებს. იგი იმედგაცრუებას გამოთქვამს აშშ-ის უარის გამო პოლონეთსა და ჩეხეთში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებაზე. ამავე დროს, მისი აზრით, მისასალმებელია ადმინისტრაციის მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის NATO-ში ინტეგრაციის მიმართ. „თუმცა, პროგრესის ნელი ტემპი ამ მიმართულებით იმედგაცრუებას იწვევს”.
„საბოლოო ჯამში, რუსებს – ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებს, ნათლად უნდა გავაგებინოთ, რომ თავისუფალი სამყაროს საზღვრების აგრესიულად გაფართოებას გავაგრძელებთ და რომ რუსეთის ხელისუფლებამ არჩევანი უნდა გააკეთოს”, – მიიჩნევს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. კერძოდ, მისი აზრით, რუსებმა „კვლავინდებურად ვეღარ უნდა გააგრძელონ თავისუფალი მსოფლიო ეკონომიკის სიკეთეებით სარგებლობა, იმავდროულად კი განახორციელონ სხვა ქვეყნების შანტაჟი, ცდილობდნენ სამხედრო ძალის გამოყენებით სუვერენული საზღვრების შეცვლას და ციხეში აგდებდნენ ყველას, ვინც კრემლისთვის საფრთხეს წარმოადგენს”.
დიკ ჩეინის მემუარებში არ მოხვდა ეპიზოდი, რომელიც აღწერილია რონალდ ასმუსის წიგნში „მცირე ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო”. როგორც ასმუსი წერდა, საქართველოში რუსულ ინტერვენციაზე აშშ-ის რეაქციაზე მსჯელობისას ჩეინიმ აშშ-ის ადმინისტრაციას როკის გვირაბის დაბომბვა შესთავაზა, რათა რუსული ძალების შეტევა შეეჩერებინა. ეს წინადადება ჯორჯ ბუშმა არ მიიღო, რადგან რუსეთთან ღია კონფრონტაციას მოერიდა.
საქართველო ჩეინის მემუარებში





