”2001 წლის 11 სექტემბერს „ალ ყაიდა" არა მხოლოდ ერთ ქვეყანას - ამერიკის შეერთებულ შტატებს - დაესხა თავს, ტერორისტებმა ომი გამოუცხადეს თვით დემოკრატიას, ადამიანის პიროვნულ თავისუფლებასა და დემოკრატიული ცხოვრების წესს. ”- ნათქვამია 2001 წლის ტერაქტებიდან 10 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მასში მიხეილ სააკაშვილი ხაზს უსვავს, რომ 11 სექტემბრის ტერორისტულმა აქტებმა წერტილი დაუსვა მცდარ შეხედულებას, თითქოს ბერლინის კედლის დაცემითა და ცივი ომის დასრულებით თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ფუნდამენტური საფრთხე გამოირიცხა. ”ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება და მათი დამარცხება საუკეთესო გზაა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.სწორედ ამის გამო არაერთმა ქართველმა ჯარისკაცმა სიცოცხლე გასწირა საკუთარი სამშობლოდან ასე შორს. ქართველი ხალხი მტკიცედ დგას ამერიკელი ხალხის გვერდით თავისუფლების დასაცავად მიმდინარე ბრძოლაში”- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.




