ნოემბერში თბილისს ნატოს გენერალური მდივანი ეწვევა

ნატოში საქართველოს ელჩმა გეგა მგალობლიშვილმა დაადასტურა, რომ 9-10 ნოემბერს თბილისს ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი  ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციასთან ერთად ეწვევა. ”ეს არის  ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომელიც ხაზს უსვავს, რომ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი დინამიურად და წარმატებულად მიმდინარეობს” - განაცხადა გეგა მგალობლიშვილმა  სასტუმრო ”რადისონში” ამბასადორიალის დაწყების წინ. თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 3 დღიანი ამბასადორიალი გაიხსნა.

ნატოს გენერალური მდივანი თბილისს 2010 წლის სექტემბრის ბოლოს სტუმრობდა. ამ   ვიზიტის  შემდეგ,  უკვე ლისაბონში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მან განაცხადა: ”ნატოს პოზიცია უცვლელია. ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატვისცემას. ჩვენ გავაგრძელებთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ არაღიარების პოლიტიკას. მე მჯერა, რომ ნატოსა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ურთიერთობები  შეიტანს წვლილს  რუსეთ- საქართველოს   კონფლიქტის მოგვარების გზების ძიების საქმეში . გასულ აპრილში, ბერლინში ნატოს ორდღიანი შეხვედრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ანდრეს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატო მიესალმება საქართველოს გადამწყვეტ ქმედებებს თავდაცვის სფეროს რეფორმირების მიმართულებით და დასძინა: ” 2011 წელი იქნება გადამწყვეტი საქართველოში მეტი რეფორმების განხორციელებისთვის და ჩვენ ამ კუთხით  პროგრესს ველით.”

 

 

კომენტარები