ზურაბ მელიქიშვილი: სტრატეგიული ობიექტები არ გაიყიდება

 საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები  აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების გასხვისება აქვს დაგეგმილი, რასაც "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში მომზადებული ცვლილებების  მიღება  შეუწყობს ხელს  . საპარლამენტო უმრავლესობაში კი პირობას დებენ, რომ სტრატეგიული ობიექტების საკონტროლო პაკეტების გასხვისება არ მოხდება. როგორც დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ქრისტიან დემოკრატმა  ლევან ვეფხვაძემ განაცხადა:  "ნაციონალურ მოძრაობას",  ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით „მომავალი საარჩევნო წლისთვის ნახევარი მილიარდი ლარი სჭირდება და რკინიგზის, ელექტროსისტემისა და მაგისტრალური გაზსადენის აქციების საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე გატანის გადაწყვეტილება სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული".

ეს განცხადება ვეფხვაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს გააკეთა.  ცვლილებების თანახმად, მთავრობას უფლება ენიჭება სახელმწიფოს ხელში არსებული  ქონების აქციები და წილები პრივატიზებისთვის უცხოურ საფონდო ბირჟებზე გაიტანოს.

ვეფხვაძე  დარწმუნებულია, რომ "რკინიგზაში, ელექტროსისტემასა და მაგისტრალურ გაზსადენში პოლიტიკურად  მოტივირებული ფული, კერძოდ კი ოკუპანტი ქვეყნის ფინანსები ჩაიდება". დეპუტატი აქცენტს კიდევ ერთ საფრთხეზე აკეთებს , მისი თქმით  მაგისტრალური გაზსადენის აქციების კომპანია "სოკარის" მიერ შეძენის შემთხვევაში, საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბვას შეუწყობს ხელს".

ვეფხვაძემ უმრავლესობას კანონპროექტის განხილვის პროცედურის შეჩერებას სთხოვა,  უმრავლესობა კი  ამ წინადადების გაზიარებას არ აპირებს.საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა პირობა დადო :” "სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში,  (სტრატეგიული  ობიექტების) საკონტროლო პაკეტი უვადოდ იქნება სახელმწიფოს ხელში". მელიქიშვილის განცხადებით , საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი ინვესტიციების მოზიდვაა,  რაც სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ კომპანიებს კაპიტალის მიზიდვის, მომგებიან საწარმოებად ქცევისა და განვითარების საშუალებას მისცემს. საპასუხოდ  ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ თავის დროზე ხელისუფლებამ, უარი თქვა   სტრატეგიული ობიექტების საკონტროლო პაკეტების გაყიდვის კანონმდებლობით შეზღუდვაზე.  

კომენტარები