„კომერსანტი“ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის საბოლოო გაწყვეტას ვარაუდობს

მოსკოვში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ქონება შესაძლოა რუსეთ-საქართველოს შოროს  ახალი დაძაბულობის მიზეზი გახდეს. ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ იუწყება. თბილისი მოსკოვს ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს და „საპასუხო ზომებით“ ემუქრება. რამდენიმე დღის წინ მოსკოვში ყოფილი სასტუმრო სახლის  „თბილისის“ შენობა აუქციონზე, 6,8 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამ ობიექტს თბილისში საქართველოს საკუთრებად მიიჩნევენ. 1974 წლიდან შენობა საქართველოს მინისტრთა საბჭოს ეკუთვნოდა და ოფიციალური დელეგაციებისა და სტუმრების მისაღებად გამოიყენებოდა. რუსი სამართალდამცავების განმარტებით, 1991 წლიდან შენობას „უცნობი პიროვნებები“  განკარგავდნენ.

2006 წელს,  რუსეთში გაჩაღებული ანტიქართული კამპანის ფონზე, შენობა საქართველოს წარმომადგენლობას ძალის გამოყენებით ჩამოერთვა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ყოფილი „თბილისის“ შენობაში სასტუმრო „მელოდია“ ფუნქციონირებდა.

როგორც ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ  ნინო კალანდაძემ განაცხადა, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების გამო  საქართველო დიდი ხანია დაობს .  შენობის დაბრუნების მოთხოვნით  მოსკოვში  პირველი ნოტა ივლისის ბოლოს გაიგზავნა,  თუმცა მასზე  პასუხი  არ ყოფილა. აგვისტოს ბოლოს კი შენობა აუქციონზე გაიტანეს. ქართული მხარე ამ  ფაქტს  უკანონოდ მიიჩნევს და მოსკოვს ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს.

მინისტრის მოადგილემ ისიც აღნიშნა, რომ შენობის აუქციონზე გატანას საეჭვოდ დაემთხვა პრობლემები იმ  შენობასთან დაკავშირებით, რომელშიც ამჟამად შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ფუნქციონირებს. ბიზნეს-ცენტრ „ოსტოჟენკას“ მეორე სართულს, სადაც ამჟამად ქართველი დიპლომატები მუშაობენ, შენობის მესაკუთრემ ელექტროენერგია რამდენჯერმე  გაუთიშა.  საბაბად იჯარის გადაუხდელობა დაასახელა.  საქართველოს საგარეო უწყებამ მესაკუთრეთა ქმედებები სასამართლოში გაასაჩივრა, საქმეზე პირველი მოსმენა ოქტომბერში არის დაგეგმილი.

როგორც „კომერსანტი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება  საქართველოში შვეიცარიის საელჩოს უკვე გადაეცა ნოტა რუსული მხარის უკანონო  ქმედებების შესახებ. ”კომერსანტის” ინფორმაციით , ქართველი დიპლომატების შენობიდან გასახლების შემთხვევაში   საქართველომ მოსკოვიდან შესაძლოა, საკუთარი დიპლომატები გაიწვიოს და შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით მომუშავე რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევოს. ”ამით    საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა საბოლოოდ გაწყდება”,—ნათქვამია “კომერსანტის” სტატიაში.    

კომენტარები