ალასანიას პარტიამ ამერიკული ლობისტური კომპანია დაიქირავა

ირაკლი ალასანიას პარტიამ ”ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატები” ამერიკული ლობისტური კომპანია დაიქირავა. კერძოდ, კონტრაქტი  გააფორმა BGR Gabara–სთან, რომელიც ამერიკული ლობისტური კომპანია BGR Government Affairs LLC -ს ევროპულ ფილიალს წარმოადგენს. მისი ოფისი ლონდონშია განლაგებული, მომსახურეობაში შედის მთავრობებთან ურთიერთობების დამყარება, ძირითადად ლონდონსა და ბრიუსელში, ასევე მედიასთან ურთიერთობები მთელი ევროპის მასშტაბით. ამერიკული კანონმდებლობის თანახმად, განაცხადი გარიგების შესახებ კომპანიამ BGR Government Affairs LLC აშშ-ს იუსტიციის სამინისტროში ივლისში შეიტანა. მასში ნათქვამია, რომ მომსახურების  ღირებულებასა და ხანგრძლივობაზე მხარეები ჯერ არ შეთანხმებულან.   

როგორც Civil.ge-ს იუწყება, “თავისუფალი დემოკრატები“ გარიგების ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები თანხებსა და მომსახურების ვადაზე კვლავაც მიმდინარეობს. “კონსულტაციები  როცა დასრულდება, ინფორმაციაც (ამის შემდეგ) გამოქვეყნდება “ – განაცხადა Civil.ge-ს პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვაკო ავალიანმა.

როგორც თავის განაცხადში BGR Government Affairs-ი აღნიშნავს, ის აპირებს  კლიენტს შემდეგი სახის მომსახურეობა გაუწიოს:  კონტაქტების დამყარება აშშ–ის მთავრობის წარმომადგენლებთან, მედია საშუალებებთან და სხვა პირებთან შეერთებული შტატების ფარგლებში,  „2012 წლის სამართლიანი, ღია და პატიოსანი არჩევნების მეშვეობით უფრო ძლიერი ქართული დემოკრატიის ხელშეწყობის მიზნით“.

BGR Group 90–იანი წლების დასაწყისში დააფუძნეს ჰეილი ბარბორმა (მისისიპის შტატის ამჟამინდელი გუბერნატორი,  წარსულში  - გავლენიანი  ლობისტი)  და  ედ როჯერსმა  (ჯორჯ ბუშ- უფროსის ყოფილი მრჩეველი).

 

კომენტარები