მიხეილ სააკაშილი: სასტუმროები სანგრების ნაცვლად

საქართველოს პრეზიდენტმა ანაკლიაში ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ოქროს საწმისი“ გახსნა.  მიხეილ სააკაშვილმა ახალი 105 ნომრიანი სასტუმრო პირადად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.  პრეზიდენტმ ასევე მონაწილეობა მიიღო ახალი გესთჰაუსის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში. ანაკლიაში გაიხსნა ასევე 540–მეტრიანი საფეხმავლო ხიდი, რომელიც მდინარე ენგურზეა გადაჭიმული. კურორტის გახსნა ფეირვერკით და კონცერტით აღინიშნა, სადაც ქართველი მომღერლები აფხაზეთზე სიმღერებს ასრულებდნენ.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა,  რუსეთმა გამყოფი კედელი ააშენა და სამხედრო ძალების ზრდას შეუდგა აფხაზეთში და ამ ვითარებაში ბევრ ქვეყანას შესაძლოა საპასუხოდ თავდაცვითი სანგრები აეშენებინა.

„ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ და, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ - სანგრების ნაცვლად 5 და 7-ვარსკვლავიანი სასტუმროები აგვეშენებინა, ხოლო ნაღმების ნაცვლად -  საუკეთესო აკვაპარკები ევროპაში, ახალი სამხედრო ნაწილების ნაცვლად - ეს უზარმაზარი ამფითეატრი თავისი დისკოთეკით; ასევე ფეხბურთის ახალი, ულამაზესი მოედნები, სადაც შეიქმნება ძალიან საინტერესო სპორტული კომპლექსები; ახალი სპა კურორტი, სადაც გოგირდის წყალიც შემოვიყვანეთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„იქით არიან ბარბაროსები, აქეთ კი ცივილიზაციაა; იქით არის მონღოლოიდური გადმონაშთები და იდეოლოგია, ხოლო აქ - ნამდვილი, უძველესი კოლხური ევროპა, უძველესი ცივილიზაცია, უძველესი სიყვარული, უძველესი ნიჭიერება. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის გავიმარჯვებთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ანაკლია 2013 წლისთვის 200 ათას, ხოლო 2015 წლისთვის –400 ათას  ტურისტს უმასპინძლებს. მისი თქმით, ანაკლია გახდება „ერთ-ერთი ყველაზე დიდი კურორტი მთელი შავი ზღვისპირეთის რეგიონში“. სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2015 წლისთვის საქართველოს 7–8 მილიონი ტურისტი ეწვევა.

კომენტარები