რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი საქართველოს ოფიციალურად ადანაშაულებს

რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების ლიდერს  აბდულა მოგამედალიევს საქართველოს სპეცსამსახურები ეხმარებოდნენ. კომიტეტის  განცხადებაში, რომელიც სააგენტო ინტერფაქსმა გაავრცელა ნათქვამია:"აბდულა მოგამედალიევი  საზღვარგარეთელი ემისარების დახმარებით, უკავშირდებოდა საქართველოს სპეცსამსახურებს, რომლებიც, თავის მხრივ მას ტერორისტულ საქმიანობაში ეხმარებოდნენ “.

ოფიციალურ განცხადებამდე რამდენიმე ხნით ადრე, რუსული მედია ჩრდილოკავკასიელ ბოევიკებთან საქართველოს კავშირზე ინფორმაციას, რუსეთის სამართალდამცავ სისტემაში ინკოგნიტო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებდა.

გუშინ რუსეთის ანტიტერორისტულმა კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ  მახაჩკალაში მიმდინარე სპეცოპერაციისას გაანადგურა ექვსი ბოევიკი, მათ შორის  რამდენიმე ტერ-აქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი აბდულა მოგამედალიევი.

ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, აბდულა მოგამედალიევი მეტსახელად „დაუდი“ 2006 წლიდან ჩეჩნეთში შელკოვსკისა და გუდერმესის რაიონში ხელმძღვანელობდა ე.წ. ჩრდილოეთის ფრონტს. 2007 წელს დაბრუნდა დაღესტანში. 2010 წლიდან დაღესტნის ბოევიკთა ლიდერმა მოგამედალი ვაგაბოვმა სამართალდამცველებისა და ხელისუფლების სტრუქტურების წინააღმდეგ ტერ-აქტის მოწყობაზე სპეციალიზებულ ე.წ სპეცბატალიონის უფროსად დანიშნა.    

რუსული მედიის ცნობით,  ანტიტერორისტული კომიტეტის მიერ გავრცელებული პირველი ინფორმაცია  შეიცავდა ფაქტობრივ შეცდომებს  და არ შეესაბამებოდა სიმართლეს .  ანტიტერორისტული ცენტრი აცხადებდა, რომ მოგამედალიევი მონაწილეობდა 2010 წელს ბუინაკსკში შინაგანი ჯარის ბაზაზე მოწყობილ ტერ-აქტში სადაც დაიღუპა 56 ადამიანი. გუბდენში მოწყობილ ტერ-აქტში, რომლის დროსაც დაიღუპა 26 სამართალდამცველი, ასევე 2010 წელს ხუნზახეში მოწყობილ ტერ-აქტში, რომლის დროსაც დაიღუპა ხუთი  სამხედრო მოსამსახურე.  რუსული მედიის ცნობით, „ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ყველაფერი აურ-დაურია“   56 ადამიანი ბუინაკსკში 1999 წელს დაიღუპა, ხოლო 2010 წელს სამხედრო ბაზაზე მოწყობილ ტერ-აქტს ოთხი ადამიანი შეეწირა.  გუბდენის ტერ-აქტისას სამი და არა 26 სამართალდამცველი დაიღუპა - იუწყება რუსული მედია.  

კომენტარები