საია: სასტუმრო „აფხაზეთის“ საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  სასტუმრო „აფხაზეთში“ მცხოვრები დევნილების გამოსახლების საკითხზე  სასამართლოს მიმართავს და ითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროს აეკრძალოს დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე სასტუმრო "აფხაზეთის" შენობიდან დევნილების გამოსახლება.    სასტუმრო „აფხაზეთი“  კერძო კომპანია შპს "ველაჯიომ"  2011 წლის 26 ივლისს შეიძინა. იქ მცხოვრები დევნილებისთვის კომპანიის მიერ შეთავაზებული კომპენსაცია  მიუღებელი აღმოჩნდა . უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ, დევნილებმა  გამოსახლების შესახებ გაფრთხილება მიიღეს. სასტუმრო "აფხაზეთის" შენობაში 700-მდე დევნილი ცხოვრობს და მათი გამოსახლება იძულების წესით 15 აგვისტოდან იგეგმება. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, დევნილებმა 5 აგვისტოს უკვე მიიღეს გაფრთხილება, რომლის მიხედვითაც 10 დღის ვადაში უნდა დატოვონ აღნიშნული შენობა.

საია-ს თავმჯდომარემ  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  სასტუმრო "აფხაზეთს" აქვს კომპაქტური განსახლების ობიექტის სტატუსი, სადაც 1991 წლიდან ცხოვრობენ და რეგისტრირებულები არიან იძულებით გადაადგილებული პირები. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007 წლის 24 მაისის ბრძანების შესაბამისად, კი დევნილის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია შეწყვიტოს კომპაქტური განსახლების ობიექტიდან დევნილთა გამოსახლების პროცედურები.

მისივე თქმით, საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენამდე კომპაქტური განსახლების ობიექტიდან კატეგორიულად კრძალავს დევნილთა გამოსახლებას, „იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა შესახებ საქართველოს კანონიც" ვინიადან ამ კანონის თანახმად, საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავა სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს.

ჩუგოშვილის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც არსებული დავა სასამართლო განხილვის საგანი არ გამხდარა, პოლიცია არ არის უფლებამოსილი განახორციელოს დევნილთა გამოსახლება.

 

კომენტარები