ბრეივიკს სხვა სამიზნეებიც ჰქონდა

ანდერს ბრეივიკმა განაცხადა, რომ ის სხვა ტერორისტულ აქტებსაც გეგმავდა. გამოძიებას ახალი დეტალები მან პარასკევს, 10-საათიან დაკითხვაზე გაუმხილა. თუმცა ნორვეგიის პოლიცია არ აკონკრეტებს რა ობიექტებზე  აპირებდა თავდასხმას ეჭვმიტანილი.

ბრეივიკმა 22 ივლისს ჯერ დედაქალაქ ოსლოში ააფეთქა ბომბი, შემდეგ კი კუნძულ უტოიაზე საზაფხულო ბანაკს დაესხა თავს და მოზარდებს ცეცხლი გაუხსნა. ორივე ინციდენტს ჯამში 77 ადამიანი შეეწირა. ბრეივიკი, რომელიც ქვეყანაში იმიგრანტების რიცხვის ზრდით იყო გაღიზიანებული, წლების მანძილზე გეგმავდა ტერაქტებს.

ნორვეგიის პოლიციის წარმომადგენელის პაალ-ფრედრიკ ჰორტ კრაბის თქმით, ბრეივიკმა მხოლოდ ორი გეგმის განხორციელება მოასწრო. კრაბმა აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილი საკმაოდ მოწადინებულია ითანამშრომლოს პოლიციასთან და ახსნას საკუთარი ქმედებები.

ნორვეგიული ტაბლოიდი Verdens Gang დაუდასტურებელი ინფორმაციის მიხედვით იუწყება, რომ ბრეივიკი სამეფო სასახლესა და ლეიბორისტული პარტიის შტაბზე გეგმავდა თავდასხმას. ის ლეიბორისტული პარტიის მიმართ განსაკუთრებული ანტიპათიით იყო განმსჭვალული. უტოიას ბანაკში პარტიის მრავალი ახალგაზრდა წევრი იმყოფებოდა.

ბრეივიკის ადვოკატმა გეირ ლიპესტადმა ერთ-ერთ გაზეთს განუცხადა, რომ მის კლიენტს 22 ივლისისთვის მოქმედების რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა შემუშავებული. ლიპესტადის თქმით, ბრეივიკს სწამდა, რომ მკვლელობები მუსლიმთა ბატონობის წინააღმდეგ ომის აუცილებლობით იყო გამართლებული.

ნორვეგიის პოლიცია სწავლობს ბრეივიკის სქელტანიან მანიფესტს, რომელშიც შესაძლოა მისი სხვა სამიზნეებიც იყოს ნახსენები.

ტრაგედიამ ევროპის ყველაზე სტაბილური სახელმწიფო შეძრა. ქვეყანაში იმდენად დიდი მოთხოვნაა ყვავილებზე, რომ მთავრობამ ყვავილების იმპორტზე გადასახადები სამშაბათამდე გააუქმა.

30 ივლისს ოსლოს კათედრალში მემორიალური კონცერტი გაიმართა, სადაც ტერაქტების მსხვერპლთა ნათესავები იყვნენ მიწვეულნი. მას აგრეთვე დაესწრნენ პრინცი ჰააკონი და პრინცესა ასტრიდი. მემორიალური ცერემონიები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა როგორც ეკლესიებსა და მეჩეთებში, ისე არარელიგიურ დაწესებულებებში.

ნორვეგიის მთავრობა აპირებს შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც ბრეივიკის თავდასხმებს გამოიძიებს. კომისიის ამოცანა იქნება უპასუხოს კითხვას, თუ რატომ დააგვიანა პოლიციამ რეაქცია. უტოიას ბანაკში ბრეივიკი საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისროდა, სანამ მისი გაუვნებელყოფა მოახერხეს.

სასამართლომ ბრეივიკს ორი ფსიქიატრი მიუჩინა, რომლებმაც ნოემბრისთვის მისი მენტალური მდგომარეობა უნდა გამოიკვლიონ. ბრეივიკის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი კლიენტი შესაძლოა ფსიქიურად შეშლილი იყოს.

კომენტარები