ეკონომიკის სამინისტროსთან მდუმარე აქცია გაიმართა

დღეს ეკონომიკის სამინისტროს შენობასთან კოალიცია "მედია ადვოკატირებისთვის" წარმომადგენლებმა  მდუმარე საპროტესტო აქცია გამართეს. კოალიცია  თბილისის სატელეკომუნიკაციო ანძასთან დაკავშირებული აუქციონის გაუქმებას და აუქციონის პირობების დაკონკრეტებას ითხოვს. აქციის მონაწილეების თქმით, ანძის კერძო კომპანიის მფლობელობაში გადასვლა საფრთხეს შეუქმნის იმ ტელევიზიებსა და რადიოსადგურებს, რომლებსაც ”ჯერ ვერ აკონტროლებს ხელისუფლება.” საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, დღესვე ტელეკომპანია "კავკასიის" ხელმძღვანელმა და ანძის ერთ-ერთმა პოტენციურმა  მყიდველმა ნინო ჯანგირაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წერილი შეიტანა აუქციონის პირობების დაკონკრეტების მოთხოვნით. ჯანგირაშვილის განცხადებით, თუ აუქციონის ჩატარებამდე ეკონომიკის სამინისტრო მის შეკითხვებზე ოფიციალურ პასუხს არ გასცემს, ის სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივი საქმის წარმოებას დაიწყებს.

თბილისის სატელევიზიო ანძის მფლობელი კომპანია „ალფა კომი“ ეკონომიკის სამინისტრომ გასაყიდად პირობიან აუქციონზე გამოიტანა. კომპანიის მართვის უფლების მოპოვება  100.000 ლარი ღირს. კომპანიის დებიტორული დავალიანება 6.988 202 ლარია, ხოლო კრედიტორული დავალიანება 2.917.158 ლარი. აუქციონის პირობების თანახმად, ახალი მფლობელი ვადებულია სატელევიზიო ანძას პროფილი შეუნარჩუნოს და 4 წლის განმავლობაში 12.000.000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს.   თბილისის ტელეანძა 1955 წელს აშენდა. მას პირველად „საქართველოს ტელეცენტრი“ მართავდა.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, ირაკლი მოსეშვილმა  არ გამორიცხა, რომ ანძის სხვა კომპანიისთვის გადაცემის შემდეგ მაუწყებლებს მომსახურების ტარიფები გაეზარდოთ , „გამორიცხული არ არის, რომ ანძის ახალმა მმართველმა დაიწყოს იმ დავალიანების ამოღება სხვადასხვა ორგანიზაციებისგან, რომლებიც იყენებენ ანძას. ამან შეიძლება შეუქმნას პრობლემები მაუწყებლებს, განსაკუთრებით პატარა მაუწყებლებს, რომელებსაც არ აქვთ ისეთი ფინანსური შესაძლებლობები, როგორიც ნაციონალურ არხებს,” უთხრა მოსეშვილმა საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსს. მისივე თქმით, მარეგულირებელს არ აქვს სამართლებრივი ბერკეტი ჩაერიოს ანძასა და მაუწყებლებს შორის ურთიერთობაში. მოსეშვილმა  რეკომენდაცია მისცა ეკონომიკის სამინისტროს, რომ აუქციონის პირობებში, ტარიფების ზრდის  ზღვარი დააწესოს, რის შემდეგაც მმართველ კომპანიას ტარფების მომატების უფლება არ ექნება. „ ახალი კომპანიის მიერ ტარიფების მკვეთრი ზრდა მაუწყებლების სფეროში კონკურენტუნარიან გარემოს მოკლავს,” განაცხადა მოსეშვილმა.

კომენტარები