19-წლამდელებმა მოგებით დაიწყეს

ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში, 19-წლამდე ფეხბურთელთა საერთაშორისო ტურნირი Milk Cup-ი დაიწყო. ამ შეჯიბრებაში გიორგი დევდარიანის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს.

პირველ სათამაშო დღეს ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები მექსიკელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ. მატჩი დევდარიანის გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, პირველი ბურთი საჯარიმო დარტყმით ალექსანდრე რეხვიაშვილმა 25-ე წუთზე გაიტანა. პირველ ტაიმში ამის მეტი აღარაფერი მომხდარა. თამაშის მეორე ნახევარში, 65-ე წუთზე გოლი ისევ რეხვიაშვილმა გაიტანა. ნაკრები 2:0 დააწინაურა, თვითონ კი დუბლი გაიფორმა. ამის შემდეგ, მექსიკელებმა მსაჯის მიერ დამატებულ დროში ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს, მაგრამ მეტის გასაკეთებლად დრო აღარ ეყოთ.

ახლა, საქართველოს ნაკრები ტურნირზე მეორე თამაშის ჩასატარებლად ემზადება. 19-წლამდელთა შემდეგი მოწინააღმდეგე, მასპინძელი ირლანდიის ნაკრები იქნება. ამ გუნდმა, თავის მხრივ, პირველი შეხვედრა დანიის ნაკრებთან 1:1 დაასრულა.

სატურნირო თვალსაზრისით ქართველებისა და ირლანდიელების დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანია. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები ფლეი ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს და ტურნირის მოგების კარგი შანსიც გაუჩნდება.

 
საქართველო - მექსიკა 2:1

 



კომენტარები