„ოპოზიციური რვიანის“ ექვსმა პარტიამ პოლიტიკური კოალიცია შექმნა

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც რვა თვის განმავლობაში  ხელისუფლებასთან ოპოზიციური რვიანის ფარგლებში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ,  8 ივლისს  პოლიტიკური კოალიცია „თავისუფალი არჩევნებისთვის“ შექმნა. ეს ამ პარტიების პირველი ერთობლივი განცხადებაა მას შემდეგ, რაც ხელისუფლების შეთავაზებებს დათანხმდნენ და  „რვანიდან“ გავიდნენ ახალი მემარჯვენეები და ქრისტიან დემოკრატები. კოალიციის  განცხადებით, მათი მიზანია არჩევნების გზით მიაღწიოს  ხელისუფლების შეცვლას. ეს განცხადება ირაკლი ალასანიამ  ვერის პარკში მდებარე კალათბურთის სასახლეში შეკრებილ  საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე  გააკეთა.

კოალიციაში შედიან: ეროვნული ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატიული პარტია, რესპუბლიკური პარტია, საქართველოს გზა და ხალხის პარტია. კოალიციის განცხადებით,  მათ ახალი სტატეგია და ტაქტიკა აქვთ, რომელიც მდგომარეობს არა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში, არამედ „სასიცოცხლო გარემოს“ შექმნაში.

 “თუ დღემდე ჩვენი ერთობლივი პოლიტიკური თვალსაწიერი შემოიფარგლებოდა სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით, დღეიდან ჩვენი ამოცანაა კოალიციური საპარლამენტო უმრავლესობის უზრუნველყოფა“, ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

მიუხედავად ამისა,  2012 წელს არჩევნებშიკოალიციის ერთ ბლოკად გამოსვლა დღის წესრიგში არ დგას. ეს თემები აქტუალური მას შემდეგ გახდება, რაც გამოიკვეთება  საარჩევნო გარემოს ძირითადი კონტურები, აცხადებენ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტიკური გაერთიანება  იწყებს სამოქალაქო მოძრაობას, მილიონი მოქალაქის მობილიზების მიზნით, რომლებიც „დაიცავენ საკუთარ ხმას და იბრძოლებენ საკუთარი თავისუფლებისათვის.“

 

კომენტარები