კალათბურთი: არმიამ სუპერთასი მოიპოვა

თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს საკალათბურთო სუპერთასისათვის ერთმანეთს შსს-სა და არმიის გუნდები დაუპირისპირდნენ. სეზონის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს თასისა და ჩემპიონატის გამარჯვებულები უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ რაკი ორივე ეს ტურნირი ერთი გუნდის - არმიის გამარჯვებით დასრულდა, სუპერთასისათვის მის წინააღმდეგ თასის ფინალისტმა, შსს-მ ითამაშა.

უპირატესობას თავიდანვე თავდაცვის სამინისტროს გუნდის მოთამაშეები დაეულფნენ, საკუთარი დომინაცია ერთი წამით არ დაუყენებიათ ეჭვქვეშ და ეს ყველაფერი, ქულებშიც კარგად გარდასახეს. ჯერ იყო და პირველი ტაიმი მოიგეს 48:32, არც ამის შემდეგ გაჩერდნენ და საბოლოოდ 79:63 გაიმარჯვეს. წლევანდელ სეზონში ეს არმიელთა მესამე ტიტულია - საქართველოს ჩემპიონატი, თასი და ახლა უკვე სუპერთასიც მათია.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე არმიის კაპიტანი, საქართველოს ნაკრების წევრი კოტე ტუღუში გახდა. მის ანგარიშზე 25 ქულა იყო.

თამაშის დასრულების შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიალის დაწყებამდე საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დაასახელა. წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი, რომელიც გიორგი ავალიშვილის სახელობისაა, არმიის დამრიგებელს ლევან მოსეშვილს გადაეცა. საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად გიორგი შარაბიძე დასახელდა, მას ტრაგიკულად დაღუპული ზვიად მიქაძის სახელობის პატარა ქანდაკება გადაეცა. 2010-2011 წლების საუკეთესო კალათბურთელი კოტე ტუღუში გახდა, მან 58 ქულა დააგროვა. მეორე-მესამე ადგილები კი 26-26 ქულით ლაშა ფარღალავამ და გიორგი შარაბიძემ გადაინაწილეს.

კომენტარები