მანამ Dress Code-ზე ვთქვით უარი

 უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ჩაცმის ნორმები საქართველოში, პოლიტიკურ შეხედულებებთან ერთად, ქუჩაში რომ ყალიბდებოდა – ამაზე კამათი არც ღირს. გემახსოვრებათ, ეროვნული მოძრაობის დროს აქტუალური, თითქმის არქაული ტრაგიზმით  განმსჭვალული,  მეგრულ-ლაზური შავი დოლბანდები. შემდეგ – მხედრიონელების მოკაზმულობა, როდესაც ტყავის მცირე ზომის უსახელო ზედა ტანსაცმელი, ავტომატური იარაღის პატრონ სადისტს გულისხმობდა. უახლესი ქართული გენი, კლასიფიკაციისა და დეკლასიფიკაციისათვის ფერს მიმართავს. ვნებათაღელვის მიუხედავად, 2009 წლის მაისში, როგორც მოგვიანებით გაცხადდა, საზოგადოების გარკვეული ნაწილი მხოლოდ ერთ რამეზე შეთანხმდა – ეს  იყო: Dress code – თეთრი.

 
ამოუცნობი პრობლემა R.S.V.P-ია, ამ საკითხში უძველესმა ევროპელებმა მაგრად დავჯაბნეთ კონტინენტის ახალგაზრდა ნაწილი. Répondez s'il vous plaît – საერთაშორისო ეტიკეტის ნორმაა, რომელიც ზრდილობიანად გთხოვთ შეატყობინოთ მათ, ვინც გეპატიჟებათ, შეძლებთ თუ არა წვეულებაზე დასწრებას. საქართველოში მოღვაწე უცხოურმა დიასპორამ (ქართველებს არც კი გვიცდია) არაერთი მცდელობის შემდგომ, უარი თქვა ამ ნორმაზე. ვინაიდან ის უბრალოდ არ მუშაობს აქ, ამ მიწაზე – არ გვინდა, არ გეტყვით, მოვალთ თუ არა!   
 
მეორე მძიმე პრობლემა ფორმალური ტანსაცმელია. თუ საქმე არა რომელიმე ახლად გაჩენილ ქართულ  ყელსახვევთან, არამედ საერთაშორისო ეტიკეტთან გვაქვს, მაშინ გაწვალებული ქართველი კაცი უმალ იბნევა. კარგი ჩაცმა, გემოვნებასა და ფულთან ერთად, ცოდნასაც გულისხმობს. ბრიტანელები ამბობენ: ჯენტლმენის გარდერობმა არა რომელიმე პერიოდი, არამედ მისი ცხოვრება უნდა მოგვითხროსო...
 
ფრანგების მიერ ჩამოყალიბებული ეტიკეტი ბრიტანელებმა დახვეწეს და მე-20 საუკუნის 40-იანი წლებიდან ნორმად აქციეს. გაგიკვირდებათ და ის, რასაც დღეს სმოკინგს (Dinner Jacket) ვუწოდებთ, დედოფალ ვიქტორიას ვაჟიშვილის, მომავალში მეფე ედუარდ VII-ს არაფორმალური ტანისამოსი გახლდათ. მასში გამოჩენა არისტოკრატებისათვის მხოლოდ ვიწრო წრეში იყო მისაღები, მაგრამ წარმოუდგენელი – რომელიმე ოფიციალური მიღების დროს. სმოკინგი გაცილებით უფრო ადვილი სახმარია, ვიდრე ფრაკი, ალბათ ამიტომაც განდევნა ეს უკანასკნელი, რომელმაც, თავის მხრივ, გვიანი შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, მამაკაცის ზედა ტანისამოსი, ელეგანტურ საჯირითო ქურთუკად აქცია. საერთოდ, ფორმალური ტანისამოსი ევროპული ცივილიზაციის მონაპოვარია და გასული საუკუნის შუა წლებში მდიდარი წრეების ცხოვრების წესს დაექვემდებარა. 
 
 მამაკაცის ტანისამოსი დღის და საღამოს გარდერობად იყოფა. დღის ტანსაცმელი სამსახურს და დასვენებასაც ითვალისწინებს. დასვენება კი – სპორტს. საღამოს ტანისამოსი კი ვახშამს, ცეკვას, ოპერაში ან კლასიკური მუსიკის კონცერტზე ვიზიტს უკავშირდება. თუკი ქალები სიახლეს, სექსუალურობას და ორიგინალურ დიზაინს წინა პლანზე აყენებენ, პოსტინდუსტრიულ ევროპაში მამაკაცი თავისი ჩაცმულობით ტრადიციაზე, ხელობაზე და გარკვეულწილად,  პატრიარქალური წყობის უპირატესობაზე საუბრობს.
 
თუ ტანსაცმელს ყურადღებას აქცევთ ან პროფესია გაიძულებთ ეტიკეტი დაიცვათ, მაშინ ფერთა კომბინაციების და საკუთარი სხეულის კარგი ცოდნა აუცილებელია. გამოცდილი თერძი ზუსტად მიხვდება სად რა არის დასაფარი და როგორ ეფექტს გამოიწვევს. სოლიდური ტანსაცმელი, დაუწერელი კანონების ნაკრებს წარმოადგენს, სადაც ფერი, ფორმა და პროპორცია ზედაპირულ მოდურ ტენდენციაზე იმარჯვებს.  
 
კლასიკური Dress Code, კლასიკური პიჯაკის მსგავსად, უცვლელი რჩება. Dress Code – Black Tie არა უბრალოდ შავ ჰალსტუხს ნიშნავს, როგორც ეს საქართველოში ხშირად ჰგონიათ, არამედ შავ ბაფთას, შავ სმოკინგს, თეთრ პერანგს, შავ ან თეთრ ჟილეტს ამოღებული გულით და საყელოთი, სარტყელს, შავ შარვალს და შავთასმებიან ტყავის ფეხსაცმელს. ასე გამოწყობილმა  შეიძლება R.S.V.P-ზეც არ დაიხიოთ უკან და სოციალური ქცევის ევროპულ კოდექსს მთლიანად  დანებდეთ. 

კომენტარები