ვლადიკავკაზში კოკოითის დაცვის წევრები მოკლეს

ჩრდილოეთ ოსეთის შსს-ს ინფორმაციით, ვლადიკავკაზის ერთ-ერთ ღამის კლუბში  მომხდარი შელაპარაკების დროს, გუშინ ღამით  სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის დაცვის უფროსის მოადგილე, ალიმ ქაბულოვი და დაცვის წევრი, ოლეგ იკაევი მოკლეს.

რუსული მედიის ცნობით, ალიმ ქაბულოვი ედუარდ კოკოითის ახლო ნათესავიცაა. ჩრდილოეთ ოსეთის შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცხინვალის რეჟიმმა უარყო. მათი თქმით, ქაბულოვი კოკოითის დაცვის  წევრი  კი არა, ცხინვალის ე.წ. მთავრობის თავმჯდომარის დაცვის უფროსის მოადგილე იყო. თუმცა, იმას, რომ ეს უკანასკნელი კოკოითის ნათესავია, ცხინვალიც ადასტურებს. 

კოკოითის დაცვის წევრების მკვლელობაში ეჭვმიტანილი ცნობილი სპორტსმენი, კიკბოქსიორი ალბერტ ცზგოევია. რუსული მედია იუწყება, რომ დღეს დილით ის პოლიციაში საკუთარი ფეხით მივიდა და დანაშაული აღიარა. საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის პრესსამსახურის განცხადებით, ქაბულოვი და იკაევი ვლადიკავკაზში პირად საქმეებზე იმყოფებოდნენ.

საინფორმაციო სააგენტო „ინტეფაქსის“ ინფორმაციით,  ცზგოევს, ქაბულოვსა და იკაევს შორის  ღამის კლუბში დაწყებული კამათის მოგვარება,  სპორტსმენმა  ერთი ბოთლი შამპანიურით სცადა და ის გვერდით მაგიდაზე მსხდომებს გაუგზავნა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. მედიის ცნობით, შელაპარაკების დროს დაცვის ერთ-ერთმა წევრმა იარაღი ამოიღო და ცზგოევს დაუმიზნა. ხელჩართული ჩხუბის დროს  ცზგოევმა თავდამსხმელებს იარაღი წაართვა და ორივე მოკლა, იუწყება ”ინტერფაქსი.”

ჩრდილოეთ ოსეთის შსს-ს ინფორმაციით კოკოითის დაცვის წევრების მკვლელობა ”საყოფაცხოვრებო ნიადაგზე” მოხდა.

კომენტარები