სენატორები: აშშ-მ თბილისს იარაღის შეყიდვის ნება უნდა დართოს

რესპუბლიკელმა სენატორებმა აშშ-ს ადმინისტრაციას საქართველოს, უკრაინის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მიმართ დახმარების გაძლიერებისკენ მოუწოდეს. მათ მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, ვაშინგტონმა საქართველოს თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვის ნება უნდა დართოს. რეკომენდაციებს შორის არის საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, ქვეყნის ევროკავშირში მიღება, ასევე აშშ-ს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსება.

სენატორების, ჯონ კაილის, რონ ჯონსონის, ჯეფ სეშენსის და მაიკ კრეპოს მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „დინამიური ხელმძღვანელობა რონალდ რეიგანისა და მილტონ ფრიდმანის ეკონომიკურ პრინციპებს ეყრდნობა.“

„მაშინ, როდესაც რუსული ჯარები აგრძელებენ საქართველოს ერთი მეხუთედის ოკუპაციას, და როცა 1000-მდე ქართველი ჯარისკაცი იბრძვის ამერიკული ძალების მხარდამხარ ავღანეთში, საქართველომ ითხოვა, და უნდა მიეცეს კიდეც, თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვის უფლება აშშ-სგან,“ ვკითხულობთ წერილში „ასევე, საქართველო, როგორც NATO-ს მომავალი წევრი ქვეყანა, არის შესანიშნავი ადგილი აშშ-ს და ევროპის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემების განლაგებისთვის. აშშ-სთან ეკონომიკური თანამშრომლობა თავისუფალი ვაჭრობის ფორმით   და ევროკავშირში მიღება უზრუნველყოფს საქართველოს გრძელვადიან წარმატებას.“ 

კომენტარები