როგორ ვუყურებთ დროს

რთულია იმის დადგენა, თუ სად და როდის დაიწყო ადამიანმა დროზე დაკვირვება, ან როდის მიხვდა, რომ დროს აღნიშვნა სჭირდება. სად იწყება საათის, როგორც ნივთის ისტორია? იყო ეს მე-10 საუკუნის ჩინეთი თუ უფრო ადრეული ათასწლეულების ინდური ობსერვატორიები, სადაც ითვლიდნენ და აღნიშნავდნენ ციურ სხეულებს, დროის და სივრცის სხვადასხვა ნიშნებს.  

წყლის, მზის, ქვიშის და თქვენ წარმოიდგინეთ, არომატული საკმევლის საათები უკვე ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენენ. ყველაზე პოპულარული მაჯის საათი კი დროის დაფიქსირების შედარებით ახალი ფორმაა, რომელმაც სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ არცთუ ისე ადვილად მოიკიდა ფეხი.
 
დღეს მაჯის საათი მაჩო-სიმბოლოა, მამაკაცის სოციალური ლექსიკონის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს – არის საბუთი, საშვი, გნებავთ დიაგნოზი სტატუსისა და მისწრაფებების შესახებ. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი მამაკაცისათვის წარმოუდგენელი გახლდათ მაჯის საათის ტარება, მაჯის საათი ქალბატონების კუთვნილება იყო და ის პატეკ ფილიპმა შექმნა 1869 წელს. პირველი საათები სამკაულის ფუნქციას ატარებდა, საიუველირო ხელოვნების ნიმუში უფრო იყო, ვიდრე ზუსტი დროის მაჩვენებელი. პატივმოყვარე მამაკაცი მხოლოდ ჯიბის საათით სარგებლობდა. კლასიკურ ევროპულ ტანსაცმელს დღემდე შემორჩა ამ ნივთის შესანახი პატარა ჯიბე. ცალკე სტილისა და გემოვნების საკითხს წარმოადგენდა ჯაჭვი, რომელზეც საათი და ხშირად სხვა პატარა აქსესუარები ეკიდა. მაგალითად, თილისმები, საგვარეულო ბეჭდები, პატარა ჯაყვა და ასე შემდეგ. 
 
მაჯის საათის პოპულარობა პირველ მსოფლიო ომს და ავიაციის განვითარებას უკავშირდება, როდესაც გადამწყვეტი გახდა სამხედრო ოპერაციების დროულად ჩატარება. როცა დრო უფრო „მნიშვნელოვანი” გახდა. მაჯის საათი უფრო პრაქტიკული იყო, ვიდრე დახურული ჯიბის საათი, სამხედროებს დაბრკოლების გარეშე, სწრაფად უნდა დაენახათ დრო, მარცხენა მაჯა კი საუკეთესო ადგილი აღმოჩნდა საათის მოსათავსებლად. პირველი სამხედრო მაჯის საათები ზამბარიან დაუხვეწავ მექანიზმებს წარმოადგენდა, მაგრამ სულ მალე კომპანიებმა – Cartier, Patek Philippe, Breitling – უმაღლეს დონეზე აიყვანეს ლუქს კლასის საათების შექმნის ხელოვნება. 
 
ხშირად საათი, დროსთან ერთად მუდმივი კალენდრის, მთვარის ფაზების აღმნიშვნელის და წამზომის ფუნქციებს ითავსებს, არის ქრონოგრაფი, არ წყვეტს მუშაობას წყალქვეშ ან უწონადობის პირობებში. კარგი საათი საუკეთესო მასალებსაც გულისხმობს: ოქრო, პლატინა,  ძვირფასი თვლები და დიდი კრიტიკის საბაბი – ეგზოტიკური ცხოველების ტყავი, რომელიც სამაჯურისათვის გამოიყენება. ცხოველთა დაცვის საზოგადოებები ხშირად საყვედურობენ ცივ შვეიცარიას ტროპიკული ცხოველების ტყავის მოხმარების გამო. 
ლუქს კლასის საათის სილამაზე მის მექანიზმშიცაა. ცალკეა საათების კატეგორია, რომლებსაც ჩონჩხი – მექანიზმი დასანახად მინის ან საფირონის ქვეშ აქვთ მოთავსებული. მრავალ ფუნქციასთან ერთად, მამაკაცის მაჯის საათები ხელოვნების დახვეწილ ნიმუშებსაც წარმოადგენს, სადაც ბალანსი მეცნიერებასა და ესთეტიკას შორის, საათს საკოლექციო ძვირფას ობიექტად აქცევს. 
 
მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან მაჯის საათი ლუქს ავტომობილებთან ერთად მამაკაცური ვნების უპირობო ლიდერი გახდა. ამ შემთხვევაში უპირატესობა არა ახალ ან მოდურ, არამედ იშვიათ და უნიკალურ მოდელს ენიჭება. საათები სხვადასხვა შემთხვევებისთვისაა განკუთვნილი: საღამოს საათები ფორმალური წვეულებისათვის ან ოფიციალური შეხვედრისათვის; უფრო სადა, მუქი სპორტული ან გარეთ სატარებელი საათები დასვენების და ქალაქგარეთ ყოფნის დროს. ლიდერებს შორის, რა თქმა უნდა, შვეიცარიული კომპანიებია: Patek Philippe, Omega, Rolex, Breitling, Hublot და ფრანგული კომპანია Cartier.
 
გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს კვარცის  და ციფრული მექანიზმების განვითარებას ელექტროსაათების მასობრივად წარმოება მოჰყვა. იაფფასიანი საათი ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა, მაგრამ მაღალი კლასის მაჯის საათები, ისევე როგორც ლუქს ცხოვრების სტილი, მხოლოდ მცირეოდენ ცვლილებებს განიცდის და ფუფუნება, როგორც ასეთი, მოდიდან სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ გადადის. 
 
მსოფლიოს ცნობილი ბრენდები ახალ „წევრებს” იღებენ თავიანთ „ექსკლუზიურ კლუბებში”. 90-იანი წლების ბოლოს აფროამერიკელი რეპერები, სპორტსმენები და „ახალი რუსები” წარმოადგენდნენ მაჯის საათების ინდუსტრიის მამოძრავებელ ძალას, დღეს კი, როგორც ჩანს, ჩინელების დრო დადგა. 
 
აუქციონის სახლები Sothbey’s და Christie’s წელიწადში რამდენჯერმე მართავენ იშვიათი საათების აუქციონებს. 2010 წლის მაისში Christie’s მიერ ჟენევაში მოწყობილ აუქციონზე კომპანია Patek Philippe-ის 1943 წელს გამოშვებული ყვითელი ოქროს საათი რეკორდულ ფასად, 5,708,885 დოლარად გაიყიდა, კომპანია Hublot კი დიდი წარმატებით იღებს შეკვეთებს ბრილიანტებით მოჭედილ მაჯის საათზე BB, რომლის ფასიც 2,800,000 დოლარია. 

კომენტარები