ამერიკული ლობისტი კომპანია ცხინვალთან და სოხუმთან მუშაობას წყვეტს

ამერიკულმა ლობისტმა კომპანიამ, Saylor Company-მ უარი თქვა ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმებთან თანამშრომლობაზე.  ინფორმაციას ამის შესახებ რადიო ”ეხო კავკაზა” ავრცელებს. დე ფაქტო მთავრობებთან კონტრაქტების გაწყვეტის მიზეზები კომპანიას არ დაუსახელებია. თუმცა, აშშ-ს იუსტიციის სამინიტროში Saylor Company-ს მიერ წარდგენილ ანგარიშში ნათქვამია, რომ 1 ივნისდან ის საოკუპაციო რეჟიმებს ლობისტურ მომსახურებას აღარ გაუწევს.

ანგარიშის მიხედვით, შარშან  კომპანიამ სოხუმიდან და ცხინვალიდან ლობისტური საქმიანობისთვის 720 000 ათასი დოლარი მიიღო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომპანია სოხუმის რეჟიმთან მხოლოდ „ცალკეული პროექტის ფარგლებში გააგრძელებს საქმიანობას“. აშშ-ს კანონმდებლობის მიხედვით, ყველა ამერიკული ლობისტი კომპანია ვალდებულია წელიწადში ორჯერ აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს ანგარიში წარუდგინოს საკუთარი საქმიანობის შესახებ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კომპანია  Saylor Company-მ  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა დაიწყო. კომპანია მათ ამერიკულ მედიაში, ანალიტიკურ ცენტრებსა და ხელისუფლებაში წარმოადგენდა, ამზადებდა მათთვის შეხვედრებსა და კონფერენციებს, პრესაში აქვეყნებდა ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლების მიერ მომზადებულ მასალებს. კომპანია ეხმარებოდა საოკუპაციო რეჟიმებს დასავლურ პრესასა და საზოგადობაში კონფლიქტის საკუთარი ვერსიის გატანაში.

2010 წლის 10 მისს ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახალხო დამცველმა, დავით სანაკოევმა Saylor Company-სთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას. ”ეხო კავკაზას” ცნობით, დოკუმენტში ჩამოთვლილი იყო მათი თანამშრომლობის მიზნები: „ავხსნათ სამხრეთ ოსეთისადმი საქართველოს  ხანგრძლივი აგრესიის ისტორია, რომელიც ხორციელდებოდა მისი დამოუკიდებლობის, ეთნიკური წარმომავლობისა და და პოლიტიკური ავტონომიის წინააღმდეგ. სამხრეთ ოსეთის წინაამდეგ მიმართული ძვირადღირებული და აგრესული საინფორმაციო ომის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელსაც ახორცილებს საქართვლო და მისი მეკავშირეები“.

სოხუმის რეჟიმთან გაფორმებულ კონტრაქტში ნათქვამია, რომ თანამშრომლობის მიზანია „აფხაზეთის ინტეგრაცია მსოფლიო საზოგადოებაში ნიკარაგუასა და რუსეთის ხელისუფლებების ოფიციალური და არაოფიციალური მეთოდების  დახმარებით, ასევე აფხაზეთის საზღვრების გახსნა ვაჭრობისა და ინტეგრაციისთვის, რუსეთთან ახლო ურთიერთობების  შენარჩუნების აუცილებლობის ხაზგასმა, მათ შორის  აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ყოფნის აუცილებლობის ჩათვლით; რუსეთის სამხედრო ყოფნის დასაბუთება საქართველოს აგრესიისგან აფხაზეთის ტურისტული ინფრატრუქტურის  დაცვით“.

კომენტარები