მულტიკულტურალიზმის შემდეგ

5 აპრილს პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისა და მმართველი პარტიის – სახალხო მოძრაობისთვის კავშირის (UMP) – ორგანიზებით, გაიმართა დებატები თემაზე „ისლამის როლი სეკულარულ საფრანგეთში”. დებატებში არც ერთ მუსლიმ სასულიერო პირს არ მიუღია მონაწილეობა. ისინი მმართველ პარტიას მუსლიმების სტიგმატიზაციაში ადანაშაულებენ. ეს ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ფიიონმაც დაგმო.

დისკუსიის მიზანს, ლაიციზმის შესახებ ფრანგული კანონების დღევანდელობასთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენდა. ლაიციზმი დოქტრინაა, რომელიც რელიგიას საზოგადოებრივი ცხოვრებისგან მიჯნავს. საფრანგეთმა ლაიციზმის სისტემა ტოლერანტობის ცხოვრებაში გატარების უზრუნველსაყოფად გამოიმუშავა. ის შესაძლებელს ხდის რელიგიური დოგმატიკით არაშეზღუდული სახელმწიფოს შექმნას – სისტემა, სადაც ოფიციალური რელიგიისათვის ადგილი არ არის. ხანდახან ლაიციზმს შეცდომით ანტირელიგიურობას აბრალებენ. სინამდვილეში კი ის მხოლოდ უარყოფს რელიგიის პრეტენზიას, იყოს კანონისა და პოლიტიკური წყობის საფუძველი.

UMP-ს გენერალური მდივნის, ფრანსუა კოპეს აზრით, დებატები სეკულარული პრინციპების ხელახალი დადასტურება და გზავნილია რადიკალი ისლამისტებისათვის. ნიკოლა სარკოზის თქმით, საფრანგეთში მულტიკულტურალიზმმა „მარცხი განიცადა”, ამდენად იმიგრანტები ფრანგულ საზოგადოებას უნდა „შეერწყან”. „ჩვენ არ გვინდა მოჩვენებითი მლოცველები საფრანგეთის ქუჩებში”, – დააკონკრეტა პრეზიდენტმა. მართლაც, პარიზში, ყოველკვირეულად, მეჩეთ ალ-ფათჰის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩები სავსეა ხალიჩებზე დაჩოქილი ათასობით მლოცველით. პარიზელები წუხან, რომ ამ დროს, მანქანებით თუ ფეხით გადაადგილება უბრალოდ შეუძლებელია. ნაციონალური ფრონტის ლიდერმა, მარინ ლე პენმა მლოცველები არაკორექტულად ნაცისტ ოკუპანტებსაც კი შეადარა.

ფრანგი მუსლიმები თავის მხრივ ნიქაბისა და ბურქის აკრძალვასთან დაკავშირებით კვლავაც ვერ მალავენ უკმაყოფილებას. ჰიჯაბის ტარება მუსლიმი ქალებისათვის რელიგიურ მოვალეობას წარმოადგენს. ახალი კანონის გამო კი მუსლიმი მოსახლეობა თავს შეურაცხყოფილად თვლის. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მსგავსი ტანისამოსი მუსლიმური რადიკალიზმის გავრცელებისა და სეპარატიზმის წყაროა, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკას ემუქრება. თუმცა თავად სადავო კანონი საერთოდ არ მოიხსენიებს ქალს ან მუსლიმს. ის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახის დაფარვის ნებისმიერ ფორმას კრძალავს.

6 მსხვილი ისლამისტური ასოციაციის ხელმძღვანელი, რომლებმაც დებატებში პროტესტის ნიშნად მონაწილეობა არ მიიღეს, აცხადებენ, რომ ნებისმიერი რელიგიის სტიგმატიზირება დაუშვებელია და არასახარბიელო შედეგებს გამოიწვევს. საფრანგეთის ორ ქალაქში ახალი ისლამური კულტურული ცენტრის აშენება დაძაბულობას შეანელებს. მუსლიმური ასოციაციები კერძო ფინანსებს სამლოცველო ოთახების შესაძენად გამოიყენებენ. „როდესაც ახალი ისლამური ცენტრი აშენდება, ქუჩაში მლოცველები აღარ იქნებიან”, – განაცხადა დანიელ ვეიანმა, პარიზის მე-18 რაიონის სოციალისტმა მერმა.

2012 წელს საფრანგეთი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. ნიკოლა სარკოზიმ კი რეიტინგის ასამაღლებლად ფრანგული სეკულარული ტრადიციების თავგამოდებით დაცვა გადაწყვიტა. ამის გამო, კრიტიკოსები პრეზიდენტს მემარჯვენე ელექტორატის გადმობირებაში ადანაშაულებენ, რომლის უმრავლესობაც მარინ ლე პენს ემხრობა. ფრანსუა კოპე მიიჩნევს, რომ თუ ისლამური პრობლემა მმართველი პარტიის იდეების სასარგებლოდ გადაწყდება, მომავალ არჩევნებში ისინი მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევენ.

კომენტარები