ხელჩართული დაპირისპირება ცხინვალის ცენტრში

რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების  ცხინვალის რეგიონში სტუმრობა სკანდალით დასრულდა. საინფორმაციო სააგენტო ოსინფორმის ცნობით,  ცხინვალში   გადაადგილებისას,   მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის მანქანიდან ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმისა და ცხინვალის მოსახლეობის მიმართ სალანძღავი სიტყვები ისმოდა. ოსინფორმი იუწყება, რომ ნაკრების მწვრთნელმა, ჯამბულათ თედეევმა, მანქანიდან შუა თითი უჩვენა ცხინვალის მაცხოვრებლებს და უცენზურო სიტყვებით მოიხსენია ისინი. მანქანაში თედეევთან ერთად იმყოფებოდნენ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის ე. წ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ანატოლი ბარანკევიჩი და რუსეთის თავისუფალ მოჭიდავეთა ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ მამიაშვილი. “ცხინვალის ომონი დაეწია მანქანას, გადმოიყვანა ისინი და შეურაცხყოფისთვის საკადრისი პასუხი გასცა,“ ნათქვამია ოსინფორმის მიერ გავრცელებულ მასალაში.

რუსული სააგენტოები კი, თვითმხილველებზე დაყრდნობით, ცხინვალის ცენტრში მომხდარი  მასშტაბური  კონფლიქტის შესახებ იუწყებიან,  რომელშიც სამართალდამცველები და მოქალაქეები მონაწილეობდნენ. რუსული მედიის ცნობით „ძნელი იყო იმის გარჩევა, თუ ვინ ვის ურტყამდა, ისმოდა სროლის  ხმაც.“  რუსულ ფორუმებზე კი თვითმხილველები წერენ, რომ კონფლიქტი  ომონის წევრებმა დაიწყეს, მას შემდეგ რაც თედეევმა მათ მანქანიდან სამი თითის კომბინაცია დაანახა და კოკოითისა და მათ მიმართ უწმაწური გინებაც მიაყოლა.

ცნობილია რომ ჯამბულათ თედეევსა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერს, ედუარდ კოკოითს შორის მრავალი წელია პიროვნული და საქმიანი  დაპირისპირებაა. კოკოითი მუდმივად შიშობდა, რომ მოსკოვს შესაძლოა იგი თედეევით ჩაენაცვლებინა.  თედეევს მოსკოვშიც საკმაოდ გავლენიანი მეგობრები ჰყავს და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურ ოსებშიც ავტორიტეტით სარგებლობს.   ცხინვალეის რეგიონში ავტორიტეტულ ადამიანად ითვლება ასევე ბარანკევიჩიც, რომელიც კოკოითმა  2008 წლის ომის შემდეგ თანამდებობიდან მოხსნა. პასუხად ბარანკევიჩმა  რუსეთის პრესას კოკოითის  მიერ თანხების მითვისებისა და დე ფაქტო ლიდერის მიერ დაგროვილი ზღაპრული სიმდიდრის შესახებ  მიაწოდა ინფორმაცია.

საგულისხმოა, რომ თედეევისა და ბარანკევიჩის  ჩასვლა ცხინვალში უკმაყოფილების ტალღას დაემთხვა, რომელიც ცხინვალის ცენტრში ომის შედეგად უახლკაროდ დარჩენილმა ცხინვალელებმა მოწყვეს.  მიუხედავად იმისა, რომ დანგრეული სახლების აღსადგენად რუსეთიდან კოკოითის რეჟიმმა მილიარდობით რუბლი მიიღო, სახლები ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი და ხალხი ისევ კარვებში ცხოვრობს. მათ მიერ გამართული აქცია კოკოითის საოკუპაციო რეჟიმმა დაშალა.

რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ცხინვალის რეგიონი უკვე დატოვეს.  
 

კომენტარები