მინსკის ტერაქტთან დაკავშირებით ლუკაშენკომ ოპოზიციონერების დაკითხვა მოითხოვა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/luka.png##fbimage#
მინსკში ორშაბათს მომხდარი ტერაქტი გახსნილია. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გააკეთა. ”პოლიციას ერთი დღე-ღამე დასჭირდა ბრწყინვალე ოპერაციის ჩასატარებად და ტერაქტის შემსრულებელთა დასაკავებლად,” განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ლუკაშენკომ. მისი თქმით, ეჭვმიტანილებმა დანაშაული აღიარეს. 

ამასთანავე, ბელორუსის პრეზიდენტმა განკარგულება გასცა ტერაქტთან დაკავშირებით ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი დაკითხონ. მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი ტერაქტის მოწყობაში ”ვისაც არ ეზარებოდა, ყველას ადანაშაულებდა.” ”ახლა ჩვენ ტერაქტის მოწყობის შემკვეთებსა და თანამონაწილეებს ვეძებთ. შეიძლება მეხუთე კოლონის ამ წარმომადგენლებმა მიგვითითონ, ვინ შეუკვეთა ტერაქტი,” განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელორუსის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დღეს გამთენიისას დააკავეს. სამართალდამცველების განცხადებით, დაკავებულებმა აღიარეს, რომ ისინი რამდენიმე წლის წინ ვიტებსკში და 2008 წლის 3 ივლისს მინსკში  მომხდარ აფეთქებეშიც მონაწილეობდნენ. ორშაბათს მეტროსადგურ ”ოკტიაბრსკაიაში” მომხდარ აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 149 კი დაშავდა. 

კომენტარები