რუსული ულტიმატუმი: ანექსია „დემარკაციის” ნიღბით

მოსკოვი აფხაზეთის ტერიტორიის ნაწილზე პრეტენზიას აცხადებს. რუსეთს, რომელიც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობასთან „საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის”  შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს, მდინარე ფსოუს მარცხენა სანაპიროზე 160 კვადრატული კილომეტრის საკუთარ საზღვრებში მოქცევა სურს. 

სოხუმის ხელისუფლებაში ადასტურებენ, რომ საზღვრის დემარკაციის თაობაზე რუსული პოზიციის ამსახველი დოკუმენტი მიიღეს. თუმცა, მისი შინაარსის გამხელისგან თავს იკავებენ რუსულ-აფხაზური კომისიის სხდომამდე, რომელიც 28 მარტს არის დანიშნული. 

ამ ინფორმაციამ ოფიციალური სტრუქტურებიდან მაინც „გაჟონა”. აფხაზმა ჟურნალისტმა, გაზეთ ჩეგემსკაია პრავდას მთავარმა რედაქტორმა ინალ ხაშიგმა ტაბულასთან საუბრისას დაადასტურა, რომ კრემლის წარმოდგენილი დოკუმენტი, მართლაც შეიცავს მოთხოვნას გაგრის რაიონში 160 კვადრატული კილომეტრის რუსეთისათვის გადაცემის თაობაზე. ხაშიგის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი ამ მოთხოვნას კომისიის მომავალ სხდომაზე პრინციპულად დააყენებს, აფხაზური ხელისუფლების წარმომადგენლები იძულებულნი გახდებიან პრობლემის შესახებ უკვე საჯაროდ განაცხადონ. 
 
მოსკოვსა და სოხუმს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს ოფიციალური თბილისი გამოეხმაურა. საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, ე.წ. მოლაპარაკებები „ოკუპანტ ქვეყანასა და მის მიერვე შექმნილ საოკუპაციო რეჟიმს შორის” საქართველოს სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთის დელიმიტაციისა და დემარკაციის თაობაზე უკანონოა. მათ შორის მიღწეულ შეთანხმებებს სამართლებრივი შედეგები არ ექნება. უწყების განცხადებით, ერთადერთი მხარე, რომელთანაც რუსეთი ამ საკითხზე მოლაპარაკებებს უნდა აწარმოებდეს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებაა.
 
რუსეთ-საქართველოს საზღვარი მდინარე ფსოუს გასწვრივ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, 1920 წლის 7 მაისს ხელმოწერილი ხელშეკრულებით დადგინდა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ ამ მონაკვეთზე ორ საბჭოთა რესპუბლიკას შორის ადმინისტრაციული საზღვარი გადიოდა. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. 1994-დან 2006 წლამდე საერთო საზღვრის მხოლოდ ერთი მესამედის შეთანხმება მოხერხდა. 2006 წლიდან, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მკვეთრად გაუარესების შედეგად, მოლაპარაკებები შეწყდა. 
 
კრემლის წარმოდგენილი დოკუმენტი შეიცავს მოთხოვნას გაგრის რაიონში 160 კვადრატული კილომეტრის რუსეთისათვის გადაცემის თაობაზე.
2008 წელს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად” აღიარების შემდეგ, მოსკოვმა საზღვრის დასადგენად „მოლაპარაკებები” უკვე მათთან დაიწყო. 2009 წლის იანვარში რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი – საგანგებო დავალებათა ელჩი ალექსანდრ გოლოვინი დანიშნა.   
პირველი „რუსულ-აფხაზური კონსულტაციები” საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით  გასული წლის ნოემბერში გაიმართა. შეხვედრა დახურული იყო, მხარეები სამომავლოდ საკუთარი წინადადებების მომზადებაზე შეთანხმდნენ. აფხაზური კომისიის თავმჯდომარემ, ვალერი კვარჩიამ მაშინ აღნიშნა, რომ  ერთობლივ მუშაობაში „განსაკუთრებულ პრობლემებს” არ ელოდება. 
 
თუმცა, რუსული მხარის პოზიცია აფხაზური რეჟიმისათვის დიდ პრობლემად შეიძლება იქცეს. როგორც ტაბულას ინალ ხაშიგმა განუცხადა, რუსეთისათვის რაიმე ტერიტორიის შესაძლო დათმობაზე აფხაზური საზოგადოების რეაქცია ძალზე უარყოფითია. ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ხაშიგი ბაღაფშს „სწრაფ გადადგომას” უწინასწარმეტყველებს. 
 
„ძნელი სათქმელია, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი რუსეთისათვის და წავა თუ არა ის აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტაზე იმ შემთხვევაში, თუ სოხუმი მის წინადადებას არ  დათანხმდა. მაგრამ, ნამდვილად შეიძლება ითქვას – თუ ბაღაფში ამას დათანხმდება, აფხაზეთში  აფეთქება მოხდება”, – აღნიშნა ინალ ხაშიგმა ტაბულასთან საუბრისას. 
 
რუსეთთან ურთიერთობების საკითხი სოხუმის ხელისუფლებისა და ადგილობრივი ოპოზიციის მკვეთრი დაპირისპირების საგანი აქამდეც არაერთხელ გამხდარა. კრიტიკა გამოიწვია აფხაზური ხელისუფლების მიერ მოსკოვთან გაფორმებულმა შეთანხმებებმა აფხაზეთის რკინიგზის გასხვისების, მის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების, ასევე რუსი სამხედროების სტატუსის შესახებ, რომლებზეც ადგილობრივი კანონმდებლობა არ ვრცელდება.  
 
გასული წლის ბოლოს დიდი ხმაური სამი ობიექტის – ბიჭვინთაში, მიუსერასა და გაგრაში მდებარე ყოფილი საბჭოთა სამთავრობო აგარაკების – რუსეთისათვის გადაცემის საკითხმა გამოიწვია. ხელშეკრულების პროექტის მომზადება მთავრობას რუსეთის პრემიერმა, პუტინმა დაავალა და ობიექტების იჯარის თანხაც თავად განსაზღვრა – წელიწადში ერთი რუსული რუბლის ოდენობით. პუტინის ბრძანებულებაში საგანგებოდ არის აღნიშნული, რომ ამ ობიექტებზე რუსეთის ხელისუფლების პირველი პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები უნდა გატარდეს, რის გამოც იქ მომუშავე პერსონალი ადგილობრივ კანონმდებლობას არ უნდა დაექვემდებაროს. 
 
რეჟიმის ოპონენტებმა სოხუმში ამ მოთხოვნას ულტიმატუმი უწოდეს, ობიექტების გასხვისების გეგმები კი ტერიტორიის მითვისების მცდელობად შეაფასეს. „ეს პირობები უფრო დამამცირებელია, ვიდრე ის, რაც აშშ-მ მეორე მსოფლიო ომში დამარცხებულ იაპონიას წაუყენა”,  – განაცხადა ამის შესახებ აფხაზმა პოლიტიკოსმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა 2004 წლის არჩევნებზე ანატოლი ოტირბამ. 
 
თუმცა, სერგეი ბაღაფშმა ოპონენტთა არგუმენტები არ გაიზიარა და განაცხადა, რომ აფხაზებმა რუსეთს მადლიერების ნიშნად უნდა გადასცენ ის ობიექტები, რომლებიც საბჭოთა პერიოდში „ისედაც რუსეთს ეკუთვნოდა”. „ოპოზიციას მივმართავ: გინდათ რუსული პასპორტები? დიახ. რუსული პენსიები? დიახ. 11 მილიარდი რუბლის დახმარება სამ წელიწადში? დიახ... (აფხაზეთში) 1600 რუსი მესაზღვრე და რუსული სამხედრო ბაზა   დგას. „გვაქვს უსაფრთხოება, თქვენ კი არაფრის გაცემა გინდათ? ასე არ გამოვა”, – განაცხადა სოხუმის რეჟიმის ლიდერმა  გასულ თვეში სააგენტო რია-ნოვოსტისათვის მიცემულ ინტერვიუში. მან ისიც აღნიშნა, რომ დასასვენებლად რუსეთის ხელმძღვანელების ჩამოსვლა აფხაზეთისთვის ინვესტიციებსა და უსაფრთხოების გარანტიებს ნიშნავს. „რუსეთი მეგობარი სახელმწიფოა. თქვენ ვინმე სხვა გყავთ, ვისაც დაეყრდნობით?” – მიმართა ბაღაფშმა ოპონენტებს. 
 
ამგვარი რიტორიკა საკუთარი გადაწყვეტილების დასაცავად ბაღაფშს შესაძლოა, აგარაკების საკითხში გამოადგეს – თუმცა, შეთანხმებამ მათი გასხვისების თაობაზე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტში რატიფიცირება უნდა გაიაროს. მაგრამ, საზოგადოების  დარწმუნება რუსეთისათვის გაგრის რაიონის მნიშვნელოვანი ნაწილის გადაცემის საჭიროებაში ბაღაფშს გაუჭირდება.
 
ინალ ხაშიგი აფხაზური ხელისუფლების მოსკოვისადმი ერთგულების კიდევ ერთ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას – აფხაზეთის ბიუჯეტი 60-70%-ით რუსული დოტაციებით ივსება, რუსეთიდან მიღებული ფინანსური დახმარების ხარჯვის შემოწმებისას კი რუსეთის საანგარიშო პალატამ გასული წლის ბოლოს 347 მილიონი რუბლის (11,5 მილიონი დოლარი) არამიზნობრივი ხარჯვა გამოავლინა.  ხაშიგი ამას „აფხაზ მოხელეებში დაბანდებულ ინვესტიციას” უწოდებს, რაც მოსკოვის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებისათვის მყარი „არგუმენტი” უნდა გახდეს.   
 
სოხუმში მიიჩნევენ, რომ მოსკოვის მოთხოვნა ბაღაფშის ხელისუფლებისათვის სერიოზული შიდაპოლიტიკური გამოცდა გახდება. უახლოეს დღეებში გამოჩნდება, თუ რამდენად პრინციპულად დასვამს მოსკოვი ტერიტორიის საკითხს სოხუმის წინაშე და მეორე მხრივ, რამდენად მორჩილი აღმოჩნდება მოქმედი აფხაზური ხელისუფლება. აფხაზური საზოგადოების ლოიალობას მოსკოვისათვის პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან არა ოკუპანტის, არამედ „მშვიდობისმყოფელის” იმიჯის შექმნით არის დაინტერესებული. ამავე დროს, კრემლი უხვი დოტაციებით მოსყიდული აფხაზური ელიტისაგან სრულ  მორჩილებას უნდა ელოდოს, როგორც ამას ჩრდილოკავკასიის რეგიონებშია მიჩვეული. 
 
იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვმა სოხუმთან „საზღვრის დელიმიტაციისა  და დემარკაციის” მისთვის სასურველი ვარიანტი გააფორმა, ეს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის უშუალო და დაუფარავი ანექსიის მაგალითი გახდება. 

კომენტარები