ბელგია რეკორდსმენთა სიაში - 290 დღე მთავრობის გარეშე

 ბელგია მსოფლიოს რეკორდსმენთა სიაში მოხვდა ხელისუფლების გარეშე გატარებული დღეების რაოდენობის მიხედვით.  უკვე 290 დღეა ამ ქვეყანას მთავრობა არ ჰყავს. ამ მაჩვენებლით ბელგიამ წინა რეკორდსმენ ქვეყანას, ერაყს გაუწრო, რომელსაც 289 დღე დასჭირდა სუნიტებსა და შიიტებს შორის დაპირისპირების დასაძლევად და ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.

ბელგია მთავრობის გარეშე ოფიციალურად გასული წლის 13 ივნისს დარჩა, თუმცა არაოფიციალურად ქვეყანაში კრიზისი 2010 წლის აპრილში დაიწყო, როცა ფრანგულენოვან და ფლამანდიურენოვან პარტიებს შორის ენობრივი კონფლიქტის გამო სამთავრობო კოალიცია დაიშალა. 2010 წლის ივნისის არჩევნების შემდეგ ახალი კაბინეტის ფორმირების ყველა მცდელობა კრახით დასრულდა.

მხარეებს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ცენტრალურ ხელისუფლებასა და ქვეყნის რეგიონებს შორის საბიუჯეტო თანხების გადანაწილება გახდა. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, ქვეყანა სტაგნაციას არ განიცდის. ბელგიის ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2010 წელს ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 2 პროცენტი შეადგინა, რაც ევროზონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. 

კომენტარები