”უცნობი” ”მაესტროს” აქციების 50 %-ის მფლობელი ხდება და ახალ შოუს იწყებს

მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე ”უცნობი,” ტელეკომპანია ”მაესტროს” აქციათა 50 პროცენტის მფლობელი ხდება. ”მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა, ილია კიკაბიძემ განაცხადა, რომ 2006 წელს დადებული შეთანხმების საფუძველზე, ტელეკომპანიის აქციათა ნახევარი გაჩეჩილაძის საკუთრებაში გადადის. აქციების გადაცემის პარალელურად, ტელეკომპანია ”მაესტროსა” და რადიო ”ნაცნობს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, რადიო ”ნაცნობი” რადიო ”მაესტროდ” გადაიქცევა. კიკაბიძის თქმით, შესაბამისი იურიდიული პროცედურები რამდენიმე კვირაში დასრულდება.

ქართული მედიაში გუშინ გავრცელებული ინფორმაციით კი, გია გაჩეჩილაძე მაესტროზე ”საკანი #5”-ის ტიპის ახალი რეალითი შოუს დაწყებას გეგმავს. მოქმედება ამჯერად საკნის ნაცვლად, ტყეში განვითრდება. მომღერალი სწორედ ტყიდან გააკეთებს ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებებს. შოუს ტრანსლაციას პირდაპირ ეთერში, სავარაუდოდ ტელეკომპანია ”მაესტრო” უზრუნველყოფს, რომელიც აპრილიდან სატელიტზე მაუწყებლობის განახლებას გეგმავს. უცნობი ტყეში, კარავში ერთი თვე იცხოვრებს, მასთან ერთად იქნებიან მისი თანამოაზრეებიც. 26 მაისს ის თანამოაზრეებთან ერთად ტყიდან გამოვა და თბილისში ”ხელისუფლების შესაცვლელად” დაბრუნდება - მედიის სხვადასხვა საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით ამგვარია რეალითი შოუს ახალი სცენარი.

საინფორმაციო სააგენტო newsgeorgia.ru-ს ცნობით, ”მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა გაჩეჩილაძის რეალითი შოუს ”მაესტროს” პირდაპირ ეთერში ტრანსლირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. კიკაბიძის თქმით, გია გაჩეჩილაძეს მართლაც აქვს მსგავსი პროექტი. თუმცა, კიკაბიძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, გავა თუ არა შოუ ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში. ”ჩვენ არანაირი კონკრეტული მოლაპარაკებები პროექტის შესახებ არ გვქონია. ეს საკითხი არც კი განხილულა,” აღნიშნა კიკაბიძემ.  

კომენტარები