ვერ მოკლავთ ბიჭუნას

–  აქ სიწყნარეა. არაფერი ხდება. ომი არ იქნება. შინ დავბრუნდები.  
 

– დარჩი. შენ უზრუნველყავი ინფორმაცია, მე უზრუნველვყოფ ომს. 
 
ლეგენდის თანახმად, ეს მიმოწერა New York Journal-ის გამომცემელ უილიამ რენდოლფ ჰერსტსა და ამავე გამოცემის კორესპონდენტს, ჰავანაში მივლინებულ ფრედერიკ რემინგტონს შორის გაიმართა. დეპეშების ამბავს, რომელსაც ჟურნალისტი ჯეიმს კრილმანი 1901 წელს გამოცემულ წიგნში ჰყვება, იმის საბუთად იყენებენ, რომ ამერიკა ესპანეთთან ომში, არც მეტი, არც ნაკლები, პრესამ ჩაითრია. 
 
ამავე ისტორიას მოგვითხრობს ამერიკელი რეჟისორი ორსონ უელსი ჰერსტის პერსონით შთაგონებულ, კულტად ქცეულ ფილმში “მოქალაქე კეინი”. სურათის მთავარი გმირი იდეალისტი გამომცემელია, რომელიც ბოლოს ძალაუფლებას დახარბებულ მონსტრად იქცევა. “მოქალაქე კეინი” ჰერსტის არც ერთ გამოცემას არ გაუშუქებია.
 
ბევრი მკვლევარი მსგავსი მიმოწერის ფაქტს საერთოდ უარყოფს და პრესის გავლენის ხაზგასასმელად მოგონილ მითს უწოდებს, რომელმაც მე-19 საუკუნის ბოლოს, ამერიკის უპრეცედენტო ეკონომიკური და დემოგრაფიული ზრდის პარალელურად, განუხრელი მატება დაიწყო. ამ პერიოდს მარკ ტვენმა მოოქროვილი ხანა უწოდა და დღემდე ასე მოიხსენიებენ.  
 
ყველაფერი კი შემდეგნაირად დაიწყო:
 
1883 წელს ჯოზეფ პულიცერმა გაზეთი New York World-ი იყიდა და გადაწყვიტა მისგან გასართობი გაეკეთებინა. გამომცემელმა გაზეთს ძალიან დაბალი ფასი – 2 ცენტი დაადო, მის ფურცლებზე ათასგვარი თამაში და შეჯიბრი გააჩაღა, რითაც ახალი მკითხველები შეიძინა. მან მყვირალა სათაურები და საეჭვო წარმომავლობის სკანდალური ისტორიები – ფოკუსით სოციალურ უსამართლობაზე – სავალდებულო გახადა. ცოტა ხანში New York World-ი ქალაქის ყველაზე მაღალტირაჟიან გამოცემად და მომგებიან ბიზნესად იქცა. 
 
პულიცერის იდეა ჭკუაში დაუჯდა სან-ფრანცისკოელი მილიონერის მემკვიდრეს, უილიამ რენდოლფ ჰერსტს, რომელიც ამერიკის დასავლეთ სანაპიროდან, ნიუ იორკში გადასახლდა და New York Journal-ი შეიძინა. როგორც ედუინ დაიმონდი თავის წიგნში –  “თაიმსის უკან” – აღნიშნავს, ჰერსტს სურდა მისი მკითხველები გაზეთს რომ გადაფურცლავდნენ, სულ “ღმერთო დიდებულო” ეძახათ.  
 
თუ პულიცერის ინტერესის საგანი სოციალური უსამართლობა და მასთან დაკავშირებული სკანდალები იყო, ჰერსტს უფრო კრიმინალური სენსაციები და მათი გამოძიება აინტერესებდა. ფაქტების გადამოწმებით თავს არც ერთი გამოცემა არ იწუხებდა – იმ მკითხველს, ვისი მიზიდვაც სურდათ, არა იმდენად ფაქტების ზუსტი აღწერა, არამედ ხმაურიანი ამბები ხიბლავდა.
 
ჰერსტი ჟურნალს ერთ ცენტად ყიდდა, რამაც პულიცერი აიძულა ფასი გაენახევრებინა. მაგრამ სენსაციებით და სკანდალებით შეიარაღებული გაზეთების ნამდვილი ომი მაშინ დაიწყო, როდესაც ჰერსტმა, უფრო მაღალი ხელფასის სანაცვლოდ, პულიცერის თანამშრომლების გადაბირებას მიჰყო ხელი – მათ რიცხვში მოხვდა რიჩარდ ფელტონ აუთქოლთი, პირველი თანამედროვე კომიქსის – “ჰოგანის ხეივნის” ავტორი, რომელმაც ორკბილა, დიდყურა პერსონაჟი – ყვითელ პერანგიანი ბიჭუნა შექმნა. პულიცერმა დიდყურა გმირთან განშორება არ ისურვა და მისი ამბის გასაგრძელებლად სხვა ავტორი იქირავა. მოხდა ისე, რომ ყვითელი ბიჭუნას ისტორიას ორივე გაზეთი ჰყვებოდა –  ბუნებრივია, სხვადასხვანაირად. 
 
როგორც ამბობენ, სწორედ აუთქოლთის გმირს უკავშირდება ტერმინი ყვითელი პრესა. საზოგადოების ნაწილს პულიცერისა და ჰერსტის უპასუხისმგებლო, მხოლოდ კომერციაზე – ტირაჟის გაზრდასა და რეკლამაზე – გათვლილი მოღვაწეობა აღიზიანებდა. რესპექტაბელურ მედიაწრეებში მათ გამოცემებს ზიზღით მოიხსენიებდნენ და “ყვითელი ბიჭუნას ჟურნალისტიკას” ეძახდნენ. 
 
“გაზეთს თუ არავინ კითხულობს, გაზეთი არაა, – ამბობდა ჩიკაგოს სოციოლოგიის სკოლის დამფუძნებელი, ამერიკელი სოციოლოგი რობერტ კემპი. – არსებობისთვის ბრძოლა, გაზეთის შემთხვევაში ტირაჟისთვის ბრძოლას ნიშნავს. გაზეთი, რომელსაც არ კითხულობენ, საზოგადოებაზე გავლენას ვერ მოახდენს. პრესის გავლენა იმით განისაზღვრება, თუ რამდენი ადამიანი კითხულობს მას”. 
 
საქმე ისაა, რომ მე-19 საუკუნის მიწურულამდე პრესა ძირითადად იდეოლოგიურ ან პარტიულ მიზნებს ემსახურებოდა. ასეთი იყო მაგალითად ამჟამად New York Times-ის მფლობელობაში მყოფი International Herald Tribune-ის წინაპარი, New York Herald-ი. ისინი არა იმდენად ახალი ამბების გავრცელებით, რამდენადაც სხვადასხვა ავტორთა ნააზრევის გამოქვეყნებით იყვნენ დაკავებულები. მსგავს გაზეთებს, როგორც წესი, მხოლოდ განათლებული და პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანები კითხულობდნენ. ყვითელი პრესის დაბადებამდე, New York Herald-ი იჩემებდა, რომ მისი ტირაჟი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იყო – 84 ათასი. ჰერსტმა და პულიცერმა, როგორც უკვე ვთქვი, ყველა გამოცემა უკან მოიტოვეს, რადგან საზოგადოების ფართო მასები დააინტერესეს. სხვადასხვა დროს მათი ტირაჟი 200 ათასს აღწევდა. 
 
სკანდალსა და სენსაციაზე გათვლილმა სარედაქციო პოლიტიკამ – ყალბმა ინტერვიუებმა, ფსევდომეცნიერულმა კვლევებმა, თვითმარქვია ექსპერტების შეფასებებმა, ცილისწამებამ – საგამომცემლო და სამართლებრივ წრეებში ფართო დისკუსია გამოიწვია. სიტყვას ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი შესწორება იცავდა. ისმოდა კითხვა იმის შესახებ, თუ რა დაიცავდა ადამიანებს სიტყვისგან. 
 
1890 წელს, Harward Law Review-ში გამოქვეყნდა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მომავალი მოსამართლის, ლუის ბრანდეისის და მისი ყოფილი სტუდენტის, სემუელ უორენის სტატია “პირადი ცხოვრების უფლება”, რომელიც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომად რჩება აშშ-ის იურისპრუდენციაში. 
 
დაიწყო საუბარი პროფესიონალიზმსა და ობიექტურობაზე. იყვნენ ისეთებიც, ვინც პრესის ლიცენზირებას მოითხოვდა. თუმცა ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორების პირობებში, მსგავსი ინიციატივები უარყვეს და მოვლენები თვითრეგულირების სასარგებლოდ განვითარდა. ჩაითვალა, რომ ადამიანი საკმარისად რაციონალურია იმისთვის, რომ იდეათა თავისუფალი ბაზრის პირობებში კარგის და ცუდის გარჩევა შეძლოს. 
 
“უსაფრთხოდ მაშინ ვართ, როდესაც პრესა თავისუფალია და ყველა ადამიანს შეუძლია კითხვა”, – ამბობდა აშშ-ის მესამე პრეზიდენტი თომას ჯეფერსონი.
 
და მართლაც, განუსაზღვრელი თავისუფლების პირობებში, საზოგადოების განსჯისა და კრიტიკის შედეგად, მედიის ნაწილმა – Washington Post-მა, Wall Street Journal-მა, New York Times-მა და ა.შ. – პროფესიული სტანდარტების შემუშავება დაიწყო, მკითხველს ხარისხიან ინფორმაციას დაჰპირდა. მართალია იდეოლოგიისგან ვერ გათავისუფლდა, მაგრამ ფაქტის და ანალიზის გამიჯვნა ნორმად გამოაცხადა და მკითხველს გამოქვეყნების ღირსი ყველა სიახლის მიწოდება აღუთქვა –  ამგვარად, უარი თქვა თვითმიზნად ქცეულ სენსაციონალიზმზე. 
 
ასე გაჩნდა “კარგი” და “ცუდი” მედია. მაგრამ პირველმა მეორეს ვერაფერი დააკლო. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ სიყვითლე, საზოგადოებას დღემდე უფრო მეტად აინტერესებს, ვიდრე სერიოზული ჟურნალისტიკა. ამას გარდა, მათ შორის ზღვარი ჩინური კედლით არავის გაუყვია – ის, რაც ერთისთვის დამაჯერებელია, სხვას სისულელე ჰგონია, რაც ვიღაცისთვის საზოგადოების სამსახურში ყოფნას ნიშნავს, სხვისთვის არაპროფესიონალურად გამოიყურება 
 
ამის საილუსტრაციოდ Wikileaks-ის სკანდალიც კმარა, როდესაც ჰაკერსა და რესპექტაბელურ გამოცემებს შორის უპრეცედენტო თანამშრომლობა შედგა. New York Times-მა მსოფლიო პრესის სხვა თვალსაჩინო წარმომადგენლებთან ერთად ამერიკის საგარეო უწყების ქსელიდან მოპარული საიდუმლო მიმოწერა გამოაქვეყნა. კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ ამ ნაბიჯით, მან საკუთარი ეთიკის კოდექსი დაარღვია, რადგან უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ჩააგდო საფრთხეში. ამერიკული პრესის “ნაცრისფერი ლედი” კი ირწმუნებოდა, რომ მან პრესის მოვალეობა შეასრულა – საზოგადოებრივ ინტერესს გაუწია სამსახური. 
 
შეიძლება პარადოქსად მოგეჩვენოთ, რომ ყვითელი პრესის სულისჩამდგმელი – ჯოზეფ პულიცერი ერთ-ერთი პირველია, ვინც ჟურნალისტიკის პროფესიად ქცევაზე და ჟურნალისტების განათლებაზე არა მხოლოდ ალაპარაკდა, არამედ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. 1892 წელს მან კოლუმბიის უნივერსიტეტის რექტორს სეთ ლოუს ჟურნალისტიკის სკოლის დასაფუძნებლად ფული შესთავაზა. რექტორმა მისი წინადადება პულიცერის ცუდი რეპუტაციის გამო უარყო. შემდეგი რექტორი ყოყმანით, მაგრამ მაინც დათანხმდა. თუმცა გამომცემელმა ოცნება მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ აიხდინა – 1912 წელს, კოლუმბიის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის მსოფლიოში პირველი სამაგისტრო სკოლა გაიხსნა.
 
თანამედროვეების მიერ აბუჩად აგდებული პულიცერის სახელობის ჯილდოსთვის დღეს მსოფლიოს საუკეთესო მწერლები და ჟურნალისტები იღვწიან. ლაურეატებს შორის არიან უილიამ ფოლკნერი, ერნესტ ჰემინგუეი, ტონი მორისონი, ფილიპ როთი, ისევე როგორც Washington Post-ის, New York Times-ისა და Wall Street Journal-ის მთელი შემადგენლობა და ბევრი სხვა. 
 
რაც შეეხება ჰერსტს, მისი შექმნილი კორპორაცია დღეს ფლობს 200-მდე ჟურნალსა და გაზეთს, 29 ტელევიზიასა და 2 რადიოსადგურს.
 
ყვითელი პრესა საქართველოშიც განსჯის საგანია, მაგრამ დისკუსია ჯერ სალონურ გარჩევებს არ სცდება. აღშფოთებული კრიტიკოსები სიყვითლეს, სიყვითლით – პერსონალური თავდასხმებით – პასუხობენ და ხშირად დისკუსია ამით ამოიწურება. ყურადღების მიღმა რჩება ის, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თვითმიზნურ სენსაციონალიზმსა და ჭორაობაზე ორიენტირებული ჟურნალისტიკის გვერდით, რესპექტაბელური მედია აღმოცენდეს ან რა უშლის ამას ხელს. 
 
იოლი გამოსავლის მაძიებლები ხარისხის პრობლემის გადაჭრას აკრძალვებით ცდილობენ. ამერიკული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ გამოსავალი, სამომხმარებლო არჩევანის გაფართოება და აუდიტორიისთვის უფრო ხარისხიანი ალტერნატივის შეთავაზებაა. 
 
ისტორიულად, ქართული პრესა ამ გზით ვითარდებოდა. შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ილია ჭავჭავაძე გამოსავალს სწორედ პლურალიზმისა და კონკურენციის განვითარებაში ხედავდა. 
 
“ჟურნალების სიმრავლე არამც თუ უნდა იყოს საწყენი, არამედ სასიხარულო იმისათვის, ვისაც უანგაროდ უყვარს თავისი ხალხი და იმისი ბედნიერება. ჟურნალების სიმრავლე ცხადად აჩვენებს, რომ ხალხს არ ჰსძინავს, ფიქრობს, და ჰსჯის; რომ ხალხში ტრიალებს, მოძრაობს სხვადასხვანაირი აზრი, რომლის გამომეტყველადაც არიან სხვადასხვა ჟურნალები”, – წერდა ილია 1863 წელს გამოქვეყნებულ წერილში “საქართველოს მოამბეზედ”. ამ სიტყვებს თომას ჯეფერსონიც ხელს მოაწერდა. 
 
ამერიკულის მსგავსად, ამ პერიოდის ქართული პრესა იდეოლოგიური იყო. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი პარტიული კონტურები შეიძინა. საქართველოში, ისევე როგორც ამერიკაში, მას, როგორც ბიზნესს, არავინ განიხილავდა. მაგალითისთვის, ცისკრის გამომცემელმა, ივანე კერესელიძემ ჟურნალს მთელი თავისი ქონება შეწირა, თვითონ კი სიღარიბეში ამოხდა სული.
 
აი, რას წერდა პირველი ქართული ჟურნალის, სალიტერატურო ნაწილნი ტფილისის უწყებათანის რედაქტორი, სოლომონ დოდაშვილი: 
“დაიწყო ქართულ ენასა ზედა გამოცემამა ტფილისის უწყებათამან აწინდელსა ამას წელსა, უმეტეს ამისთვის, რათამცა ესე გარსა სასარგებლოსა საქმესა მისცემოდა მტკიცე საფუძველი შესაწევნელად განათლებისა განვრცელებისათვის ბუნებითისა ენისა ჩვენისა, მიახლოებისთვის გამობრძნობილთა მცხოვრებთა ევროპიისათა, თუმცაღა ჯერეთ არა იხილვების მიღებული ესე საგანი”. 
 
სოლომონ დოდაშვილი ამ სიტყვებით ევროპელ განმანათლებლებს ეხმაურებოდა და ჟურნალის მიზნად ქართველთა შორის განათლების გავრცელებას ისახავდა. ილია ჭავჭავაძე კი პრესის მოვალეობად თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობას და ერის განვითარების ხელშეწყობას მიიჩნევდა. 
 
“ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა; მისი გაუმჯობინება ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილია. თუ ჟურნალს უნდა კეთილსვინდისიანად აღასრულოს თავისი ძნელი საქმე, უნდა თვალგაფაციცებით თან აჰყვეს აწინდელ ცხოვრებასა, რათა ყოველ აღმოშობილ ფაქტსა თვალი და გონება ადევნოს, ყოველ აზრის საკეთილო მოძრაობას გზა მისცეს, ყოველიფერი შენიშნოს და ყოველსფერს პასუხი გასცეს. ერთის სიტყვით, უშველოს ცხოვრების წინ ფეხის გადადგმასა გასამჯობინებლად, გასაკეთებლად”, – ამბობდა ილია. 
 
საინტერესოა, როგორ განვითარდებოდა ქართული პრესა იდეათა თავისუფალი ბაზრის პირობებში – იქცეოდა თუ არა ის ბიზნესად. მაგრამ ილია მოკლეს. საქართველოს მიერ მეოცე საუკუნეში მოპოვებული ხანმოკლე დამოუკიდებლობა კი, საბჭოთა ოკუპაციით და ტოტალიტარული ცენზურით დამთავრდა. აქ გაიყინა ქართული პრესის განვითარება. ილიას ნაქები პლურალიზმი წარსულს ჩაბარდა და 90-იან წლებამდე, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობამდე მოგონებად დარჩა. 
 
ქართული პრესა, როგორც მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესი, მეოცე საუკუნის ბოლოს მოგვევლინა. ისევე, როგორც მე-19 საუკუნის მიწურულს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენს მედიალანდშაფტშიც ყვითელი ფერი დომინირებს. აქედან გამომდინარე, ბევრი აკეთებს მცდარ დასკვნას, რომ ქართულ სინამდვილეში ხარისხი კომერციულ მდგრადობასთან შეუთავსებელია და ჩვენი საზოგადოება სერიოზული ჟურნალისტიკისთვის მზად არ არის. სინამდვილეში, ეს საკუთარი წარუმატებლობის გამართლების მცდელობა უფროა, ვიდრე ობიექტური კანონზომიერება. 
 
არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ ყვითელი მედია აკრძალული ილეთებით ავიწროებს რესპექტაბელურ ჟურნალისტიკას და რომ ის უსამართლოდ არის დაუფლებული იმ აუდიტორიას, რომელიც სხვა შემთხვევაში ინტელექტუალური გადაცემების და გამოცემების მაყურებელი, მსმენელი და მკითხველი იქნებოდა. ამიტომ ჭორიკნების, უვიცების, უზრდელების და სიძულვილის მქადაგებლებისთვის პირში ბურთის ჩაჩრას მოითხოვენ.  
 
“ყვითელი ბიჭუნას” მოკვლით რესპექტაბელური მედია ვერ განვითარდება. ამის მცდელობას შეიძლება თავისუფალი სიტყვა გადაყვეს. გამოსავალს, ილიას გზით უფრო იოლად ვნახავთ – საზოგადოებას უკეთესი არჩევანი უნდა შევთავაზოთ. მით უმეტეს, რომ ჩვენ წინაშე მდგარი ამოცანა ბევრად უფრო მარტივია – მე-19 საუკუნისგან განსხვავებით, დღეს წერა-კითხვა თითქმის ყველამ იცის. 

კომენტარები