შემოდგომის ლეგენდები

 ზაზა ფაჩულია ატლანტაში დარჩა. გამცვლელებმა გასაცვლელები გაცვალეს, ათდღიანი კონტრაქტებით აყვანილი ბიჭებიდან გუნდებმა ბევრი გაუშვეს და ცოტა დაიტოვეს. ატლანტამ ზაზა დაიტოვა. ზაზამ ატლანტაში რესტორანი დაიტოვა. რესტორანმა ზაზას ძმაკაცები დაიტოვა. ატლანტამ ყველაზე ელეგანტურად ჩამცმელი ბიჭიც დაიტოვა და თითქმის ყველაფერი აწყობილია.

ცოტა უხერხულად ჩაჯდა ამ იდილიაში „თითქმის”. ალბათ, ცოტა უხერხულად ჩაჯდა ლარი დრიუს ატლანტაში ზაზაც. 

ფაჩულიას რამდენიმე კვირის წინ ჯერ ჰიუსტონში უშვებდნენ, შემდეგ ზაზა პორტლენდში გაუშვეს, ქართულ-ინგლისური სლენგის ლექსიკონი შარლოტშიც უნდა დაებეჭდათ და ფაჩულია მაინც ატლანტაში დარჩა. 
ატლანტა წელს გაუგებარი ბანდაა. იგებს მოსაგებს, აგებს მოსაგებს, აკეთებს გაუგებარ გაცვლებს და დრიუ უშვებს შეცდომებს შემადგენლობის დაყენების პროცესში.
 
ზაზა ცენტრია. ჰოქსში სასტარტოში ძირითადად, ალ ჰორფორდი პივოტობს. თუ დრიუს გუნდი მაღალ გუნდს ხვდება, მაშინ ჰორფორდი მეოთხე ნომერზე გადადის და ცენტრად ჯეისონ კოლინზი დგება. ზაზა ნებისმიერ შემთხვევაში სათადარიგოა და დრიუს ჩვენი კაცი მხოლოდ იმ დროს ახსენდება, როდესაც ჰორფორდმა უნდა დაისვენოს. ან ზედმეტი ფოლების გამო იძულებით ჩამოჯდეს და მინერალურის დოზა მიიღოს. 
 
ფაჩულიას გუნდში კიდევ ორი არაპოპულარული კონკურენტი ჰყავს. ჰილტონ არმსტრონგი თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თაიგულებს კრავდა და 2 დოლარად ასაღებდა. თან, მაღალიც იყო და კალათბურთს უიზარდსში თამაშობდა. ატლანტამ კირკ ჰაინრიხის ტრეიდით (რომელმაც მაიკ ბიბი ვაშინგტონის გავლით ლებრონთან გაუშვა) ჰილტონიც დაირტყა და ეს კაცი პატიოსნად იღებს საშუალოდ 1.8 ქულას და 2.6 მოხსნას. ერთხელ დრიუს წამოცდა, არმსტრონგი დაცვაში მაგრად დგასო. 
 
შემდეგ მოდის ჯოშ პაუელი. ერთხელ კვირის ჰაილაითებში მოხვდა, როდესაც ჯეკ ნიკოლსონს დურბინდი დაუვარდა და არმსტრონგმა ელეგანტურად მიაწოდა. იმ სეზონში დურბინდის მიმწოდებლებში საუკეთესო გახდა და ლეიკერსს, 63 VS–ში საშუალოდ 2.7 ქულა და 1.8 მოხსნაც აჩუქა. დღეს პაუელიც ატლანტაშია და დრიუმ ამ ელემენტზე უკვე ორჯერ თქვა, დაცვაში მაგარიაო.
 
ჰორფორდზე ჩვენ წამოგვცდება, რომ დაცვაში მაგრად დგას და თუ ვინმე რეალურად იცავს თავს, ეს ჯოშ სმიტია. უბრალოდ, ატლანტას ერთადერთ სერიოზულ დამცველს არ მოსწონს დრიუ, არ მოსწონს დრიუს ვარჯიშები და არ მოსწონს დრიუს სუნამოს არომატი. 
 
ფაჩულიაზე დრიუ შაბლონურ კარგი ბიჭია, ვენდობი-ს პრინციპით საუბრობს და წელს ჯერ არ უთქვამს, ზაზა დაცვაში კარგად დგასო. 
გაუგებარი და ლოგიკური კომბინაცია გამოდის.
 
არმსტრონგი დაცვაში კარგად დგას და ვერ თამაშობს (საშუალოდ 5:35 წუთი). პაუელი დაცვაში კარგად დგას და არმსტრონგზე მეტს (11:35) თამაშობს. ფაჩულია ბოლო დროს არსად არ დგას და საშუალოდ მაინც ამ ორზე მეტს თამაშობს (14:05). ატლანტა დაცვაში დგება და მერე იბნევა, ვერ ხვდება რა გააკეთოს.
 
შემდეგ მოდის ედვარდ ცვიკი და „შემოდგომის ლეგენდების” მეორე ნაწილის კასტინგს იწყებს. კასტინგში სან ანტონიოს ბოსი გრეგ პოპოვიჩიც იღებს მონაწილეობას. ერთი შემოდგომის წინ გრეგი ფაჩულიას ტიმ დანკანთან ერთად სათამაშოდ პატიჟებდა. ზაზამ არ მოინდომა. და დღესაც ატლანტაში დგას. სეზონში 4 251 250 მილიონს იღებს და ახალ კასტინგს ელოდება. 

კომენტარები