მთავარი საფრთხე რუსული ოკუპაციაა

 საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ახალი პროექტი პარლამენტს განსახილველად წარედგინა. პირველი ასეთი დოკუმენტი  2005 წელს დაამტკიცეს, ახალ პროექტში კი საქართველოს უსაფრთხოების გარემოში ბოლო წლებში მომხდარი ცვლილებები აისახა. 

 უსაფრთხოების კონცეფცია ღია დოკუმენტია, სადაც ასახულია ქვეყნის ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებები, ეროვნული ინტერესები,  მთავარი საფრთხეები, გამოწვევები და მათზე რეაგირების ზომებია გაწერილი. 

 დოკუმენტი მთავარი ეროვნული ღირებულებების ჩამოთვლით იწყება – მათ შორის დასახელებულია სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უსაფრთხოება, კეთილდღეობა და მშვიდობა. ამ ღირებულებებიდან გამომდინარე კონცეფციაში ეროვნული ინტერესებიც არის მოცემული – სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის; ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ეროვნული ერთიანობა და სამოქალაქო თანხმობის განმტკიცება; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ასევე – მდგრადი ეკონომიკური განვითარება; ენერგეტიკული უსაფრთხოება; რეგიონალური სტაბილურობა; ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განმტკიცება; ქვეყნის და რეგიონის ეკოლოგიური უსაფრთხოება; კულტურული თვითმყოფადობის, ინფორმაციული სივრცისა და დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 
საფრთხეების კლასიფიცირება კონცეფციაში საფრთხეების შეფასების დოკუმენტიდან არის გადმოტანილი. ამ საიდუმლო დოკუმენტში, რომელიც განსახილველად პარლამენტის ნდობის ჯგუფს წარედგინა, ქვეყნის ინტერესებისთვის შესაძლო საფრთხეები, მათი ალბათობისა და  შესაძლო შედეგების გათვალისწინებით, დეტალურად არის გაანალიზებული. 
 
ქვეყნის ინტერესებიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე კონცეფციაში ფაქტორების ორი კატეგორიაა გამოყოფილი – საფრთხეები და გამოწვევები. პირველი იმ საშიშროებებს მოიცავს, რაც უკვე გაცხადებული და დეკლარირებულია ან ახლო წარსულში მოხდა. შესაბამისად, მათი ალბათობა არსებობს და შედეგების გათვლაც შესაძლებელია. 
 
დოკუმენტის მიხედვით, პირველი და მთავარი საფრთხე ქვეყნისათვის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაა. მეორე – ახალი სამხედრო აგრესიის საშიშროება. დოკუმენტში გათვალისწინებულია კავკასიაში არსებული კონფლიქტების გაღვივების, საქართველოს ტერიტორიაზე „გადმოდინების” საშიშროება და საერთაშორისიო ტერორიზმით გამოწვეული საფრთხეები. 
 
რაც შეეხება დოკუმენტში გათვალისწინებულ გამოწვევებს, ისინი უფრო ჰიპოთეტური შინაარსისაა და მათი დეტალური აღწერა და შედეგების წინასწარ გათვლა შეუძლებელია. გამოწვევებს შორის კონცეფციაში მოცემულია ეკონომიკური, სოციალური, ენერგეტიკული, ინფორმაციული, ეკოლოგიური და დემოგრაფიული გამოწვევები, ასევე ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული.  
 
„ნებისმიერი საშიშროება ჩვენ გარშემო საკმაოდ კომპლექსურია, ბევრი საფრთხე და გამოწვევა ურთიერთგადაჯაჭვულია. შესაბამისად, ისეთი პატარა ქვეყანა, როგორც საქართველოა, მათ განეიტრალებას მხოლოდ საკუთარი რესურსებით ვერ შეძლებს”, – განაცხადა ტაბულასთან საუბრისას საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელიამ. შესაბამისად, მისი თქმით, შესაძლო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ზომები უნდა გატარდეს როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. 
 
რაც შეეხება მთავარ საფრთხეს – რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას, ასევე დეოკუპაციის პროცესს, ბათუ ქუთელიას განცხადებით, „საქართველოს სუვერენული უფლებაა უზრუნველყოს საკუთარი თავის დაცვა. ხელისუფლების მოვალეობაა გამოიყენოს საერთაშორისო ნორმებით მინიჭებული უფლება და დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა”. 
 
ამავე დროს, მისი თქმით, თბილისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის ძალის არგამოყენების პოლიტიკას ახორციელებს. ეს საგარეო პოლიტიკაში აქტიურ ნაბიჯებს – მოკავშირეების შეძენას, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირებასა და ამ მეთოდებით პროცესის შემობრუნებას – ითვალისწინებს.
 
რაც შეეხება სამხედრო აგრესიის საფრთხეს, ქუთელიას განცხადებით, „ამ ეტაპზე მისი ალბათობა დაბალია, საერთაშორისო ჩართულობიდან გამომდინარე”. თუმცა, ხელისუფლება ამ სცენარსაც ითვალისწინებს და დოკუმენტის თანახმად, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალი გამოწვევების, ოპერატიული გარემოსა და ამოცანებისადმი შეიარაღებული ძალების ადაპტირების, აგრესიის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიის დასაცავად შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ მიმართულ ღონისძიებებს. მაგრამ, მხოლოდ თავდაცვის სრულყოფა შესაძლო აგრესიის მოსაგერიებლად საკმარისი არ არის. დიდი მნიშვნელობა ენიჭება დიპლომატიურ აქტიურობას, პარტნიორებისა და მოკავშირეების შეძენას. 
 
იმის გამო, რომ  საქართველო ჯერჯერობით რომელიმე სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წევრი არ გამხდარა და კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგის იმედი ვერ ექნება, ქვეყნის თავდაცვის დაგეგმვა „ტოტალური თავდაცვის” პრინციპს ეფუძნება. ეს ნიშნავს, რომ როგორც მოსახლეობას, ასევე მთელ ინფრასტრუქტურას გარკვეულ როლი და ფუნქცია ენიჭება აგრესორის შეჩერებაში. ტოტალური თავდაცვის პრინციპი, შეიარაღებული ძალების განვითარებასთან ერთად, მოითხოვს სამოქალაქო თავდაცვის სისტემის დანერგვას და რეზერვის ეფექტიანი სისტემის შექმნას.
კონცეფციის თანახმად, საქართველოს უსაფრთხოება რეგიონში შექმნილ ვითარებასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. დოკუმენტი ითვალისწინებს ზომებს, მათ შორის დიპლომატიურ ნაბიჯებს, ჩრდილო კავკასიასა და მთიან ყარაბაღში კონფლიქტებთან დაკავშირებული საფრთხეების ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელების თავიდან ასაცილებლად. 
 
საქართველოს მთავარ პარტნიორად დოკუმენტში მითითებულია აშშ, რომელთანაც ქვეყანას სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია აქვს გაფორმებული. “წამყვან რეგიონულ პარტნიორად” მოხსენიებულია თურქეთი, ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანთან თანამშრომლობა “სტრატეგიულ პარტნიორობად ჩამოყალიბდა”.
 
კონცეფციის თანახმად, საქართველო ესწრაფვის, უკრაინასთან “სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობები” მაქსიმალურად გამოიყენოს. 
დოკუმენტში ცალკე თავი ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკას ეთმობა, რომელიც ლიბერალურ ღირებულებებს ეფუძნება და განაპირობებს კერძო სექტორის როლის ზრდას ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაში. „ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა სწორედ ის მოდელია, რომელიც ამცირებს ჩვენს მოწყვლადობას გარეშე თუ შიდა საფრთხეების მიმართ. ბოლოდროინდელმა ეკონომიკურმა გამოწვევებმა, მათ შორის  გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა და ეკონომიკის ომისშემდგომმა რეაბილიტაციამ, ამ მიდგომის სისწორე დაამტკიცა”, – აღნიშნა  უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ.  

კომენტარები