ყვითელი მიკროავტობუსების მოლოდინში

გასულ ორშაბათს, თბილისის მერიამ ოთხ კომპანიასთან ხელშეკრულებები გააფორმა. შეთანხმების საფუძველზე მათ მიკროავტობუსებით მოქალაქეთა სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გადაეცათ. კომპანიებმა თბილქარმა, თბილ ლაინმა, ფაბლიქ ქარმა და კაპიტალ გრუპმა მერიის მიერ 2010 წლის ბოლოს გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხო გადაყვანის და სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ჩატარდა.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიებმა 2011 წლის ბოლომდე ახალი და არსებულზე ბევრად კომფორტული მიკროავტობუსები უნდა შემოიყვანონ. გარდა ამისა,  ისინი ყველა იმ მძღოლის დასაქმების ვადებულებას იღებენ, რომელიც ამ სფეროში მუშაობს.

სიახლეს ქართული საზოგადოება არაერთგვაროვნად შეხვდა. ინფორმაციის ნაკლებობის ფონზე ხალხში გავრცელდა ცნობა მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასურის გაზრდის შესახებ. სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა ერთი დღით გაფიცვაც გამოაცხადეს და მუშაობაზე უარი თქვეს. თბილისის მერის მოადგილე, დავით ალავიძე მიიჩნევს, რომ გაფიცვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სამარშრუტო ხაზების ძველი მფლობელები გახდნენ. მისი თქმით, სიახლემ ისინი სოლიდური და ძირითადად არაოფიციალური შემოსავლის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დააყენა. თავის მხრივ, მძღოლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ უკმაყოფილებას შემდეგი ფაქტი იწვევს: საკუთარი ავტომობილებიდან კომპანიების მიერ შემოყვანილ მიკროავტობუსებზე გადაჯდომა მოუწევთ, მათი კუთვნილი ტრანსპორტი კი ფუნქციის გარეშე რჩება და მეპატრონეს ზედმეტ ტვირთად დააწვება.
 
უკვე დიდი ხანია, რაც სამარშრუტო ტაქსების სფეროში გაურკვევლობაა. ალავიძის თქმით, სამარშრუტო ხაზების არაოფიციალური მფლობელები მძღოლებისგან დღეში 20-დან 200 ლარამდე იღებენ – იმის მიხედვით, თუ რამდენად შემოსავლიანია ესა თუ ის მარშრუტი. თუმცა, როგორც ერთ-ერთი საკმაოდ გრძელი მარშრუტის მძღოლებმა მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ გვითხრეს, ისინი ხაზის მეპატრონეს დღეში მხოლოდ შვიდ ლარს უხდიან. ოფიციალური ინფორმაციით, მერიის კონკურსში გამარჯვებული კომპანიების მიერ დაწესებული დღიური გადასახადი ათი ლარი იქნება. 
დღესდღეობით მანქანის ამორტიზების ხარჯებსაც მძღოლები ანაზღაურებენ. შესაძლოა, ამის გამოცაა, რომ თბილისში მოქმედი 2 ათასი მანქანის 80% ამორტიზებულია. არ არსებობს რაიმე სახის სტანდარტი, რომელიც მოქმედმა მიკროავტობუსმა უნდა დააკმაყოფილოს. ამიტომ თბილისში ხშირად შეხვდებით მოუხერხებელ სამარშრუტოს, რომელშიც სკამები ისეა განლაგებული, რომ გამართულად ჯდომაც კი შეუძლებელია. ამის შესაცვლელად კომპანიები ხუთი ავტოპარკის მშენებლობას აპირებენ, რომლებიც მხოლოდ მიკროავტობუსებს მოემსახურება.
 
ახალი მიკროავტობუსები გაზაფხულსა და ზაფხულში ეტაპობრივად უნდა შემოიყვანონ. ავტობუსებისა და მეტროს მსგავსად, გადახდის ელექტრონული ფორმა იქნება. ეს შესაძლებელს გახდის ფასდაკლების ანალოგიური სისტემის შემოღებას, როდესაც საფასური, დღის განმავლობაში, პირველი მგზავრობის შემდეგ მცირდება. ასევე გათვალისწინებული იქნება 120 ათასამდე სოციალურად დაუცველი პირის ინტერესი და ისინი შეღავათებს მიკროავტობუსით მგზავრობის დროსაც მიიღებენ. ფასში განსხვავებას კი, როგორც ეს უკვე ხდება მეტროსა და ავტობუსში, თბილისის მერია დაფარავს.
 
გარდა მანქანების ამორტიზებულობისა, პრობლემას წარმოადგენს მძღოლების დაუდევარი ტარების მანერა. მგზავრის ძებნაში ისინი ხშირად კვეთენ გზას დიაგონალურად, აჩერებენ სრულიად მოულოდნელ ან აკრძალულ ადგილებში. ამის გამო, ავარიული სიტუაციები და საცობები ხშირად იქმნება. ცვლილების შემდეგ, თბილისის ცენტრალურ უბნებში მიკროავტობუსების მოძრაობა და გაჩერებები შეიზღუდება და ისინი მხოლოდ სპეციალურ ადგილებზე შეჩერდებიან. თუმცა პერიფერიებში და ისეთ ქუჩებზე, სადაც ეს მოძრაობის პრობლემებს არ შექმნის, ყველაფერი ძველებურად დარჩება. გარდა იმისა, რომ მგზავრობის საფასურის გაზრდა არ იგეგმება, სამარშრუტოების მძღოლებისა და მგზავრების ჯანმრთელობას სადაზღვევო კომპანია დააზღვევს. 
 
მიკროავტობუსების გაზრდილი რაოდენობით და ავტოპარკების მშენებლობით მერია არა მარტო ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას, არამედ 1200 ახალი სამუშაო ადგილის შექმნასაც გეგმავს. ელექტრონული გადახდის ფორმა და მძღოლების ფიქსირებული ანაზღაურება სამარშრუტოებს შორის მგზავრებისთვის გამართულ ბრძოლას შეამცირებს. გრაფიკის ზუსტი დადგენა თავიდან აგვაცილებს ზოგიერთ მარშრუტთან დაკავშირებულ დისკომფორტს, როდესაც, განსაკუთრებით ღამის საათებში, მიკროავტობუსი იგვიანებს ან საერთოდ არ მოდის.
როგორც ირკვევა, მიუხედავად მერიის მხრიდან გაკეთებული რამდენიმე განმარტებისა, ზუსტ ინფორმაციას საკუთარი მომავლის შესახებ მძღოლების ნაწილი დღესაც არ ფლობს. გაურკვეველია ისიც, შემცირდება თუ არა მათი შემოსავალი. ხოლო ახალი მიკროავტობუსის გამოსყიდვა, ანუ მათი მძღოლების საკუთრებაში გადასვლა გრძელვადიანი პერსპექტივაა.

კომენტარები