პოპერა ანუ საოპერო წარმოდგენა “ანა ნიკოლი”

დიახ, სწორედ იმ ანა ნიკოლზეა საუბარი – ანა ნიკოლ სმითზე, რომელმაც 90-იანებში ფლეიბოით მოიხვეჭა პოპულარობა. ის ერთ-ერთი პირველი გახლდათ, ვინც სილიკონის ბურთებთან ასოცირდებოდა. 26 წლის ანა 89 წლის მილიარდერზე გათხოვდა, ტრაგი-ტუტუცური სკანდალების  წყალობით ყვითელი პრესის პრინცესა გახდა და ბოლოს, 2007 წელს, 39 წლისამ, კლასიკურ ტრადიციებში, სასტუმროს ოთახში ნარკოტიკების ჭარბი დოზირებით სიცოცხლე დაასრულა.  

ოპერის სახლი კი, რომელიც 17 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით მის შესახებ დადგმულ წარმოდგენას გვთავაზობს, თვით ლონდონის Royal Opera House-ია. ეს ის შემთხვევაა, როცა სრულიად ტაბლოიდურმა ისტორიამ მაღალ ხელოვნებაში გადაინაცვლა და მასზე ალბათ პრეტენზიული აუდიტორიაც ალაპარაკდება.  

მაგრამ სპექტაკლში თემის გარდა, პრინციპში, სხვა ყველაფერი კონვენციურია: ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე “კულტურულ” უბანში, Covent Garden-ში მდებარე, ლამის სამსაუკუნოვანი ტრადიციების ბრიტანული სამეფო ოპერის სახლი, 50 წლის კომპოზიტორი მარკ-ანტონი ტერნიჯი, ლიბრეტისტი რიჩარდ თომასი, რეჟისორი რიჩარდ ჯოუნსი, დირიჟორი ანტონიო პაპანო და ანა ნიკოლის შემსრულებელი 39 წლის ევა-მარია უესტბრუკი – დრამატული სოპრანო. ამ უკანასკნელს, სხვათა შორის, “ანა ნიკოლში” მკერდში საგანგებოდ რაღაც „ნივთის”  ჩამაგრება მოუხდა.  ის ფაქტი, რომ ამერიკელ სილიკონ-სექს-სიმბოლოზე Royal Opera House-ში საოპერო წარმოდგენა იდგმება, უკვე ღიმილს იწვევს. ადვილი წარმოსადგენია ის სარკაზმი, რომელსაც სავარაუდოდ მისი შემქმნელები განიცდიდნენ – მათ ავანსცენა ისევე ხელოვნურად მოაწყვეს, როგორიც ანა ნიკოლის გიგანტური ძუძუები იყო. თუმცა, ჟურნალისტები ამბობენ, რომ სპექტაკლი ტაბლოიდური კულტურის იდიოტიზმზე მორალური ზღაპარი იყო და მასში ანა ნიკოლისადმი დიდი თანაგრძნობა ჩანდა.

ბუნებრივია, გარდაცვლილ ვარსკვლავზე ოპერის დადგმა ავტორებისთვის ცოტა საჩოთირო იქნებოდა; ამას დაუმატეთ ანა ნიკოლის ახლობლები, მისი სასამართლოს ამბები (თანაცხოვრებიდან ერთი წლის თავზე გარდაცვლილი ქმრის ქონებაზე გამალებით დავობდა), ჯარი მამაკაცებისა, რომლებიც ანას ახალშობილი ქალიშვილის (მისი დაბადება ტელეეთერით აჩვენეს) მამობაზე აცხადებდნენ პრეტენზიას და მისი უფროსი შვილის ტრაგიკული ისტორია (რომელიც, ასევე ნარკოტიკებით, 20 წლის ასაკში ზუსტად იმ პალატაში გარდაიცვალა, სადაც სამი დღით ადრე ანა ნიკოლმა მეორე გოგონა გააჩინა). მოკლედ, საკმაოდ რთული საქმე გამოდის. მაგრამ ოპერის ავტორებმა სითამამე გამოიჩინეს, რეალურ ფაქტებს ფანტაზიაც დაურთეს და მშვენიერი სანახაობა გამოვიდა.

წარმოდგენის ნახვა მხოლოდ 16 წელს გადაცილებულ მაყურებელს შეუძლია: სპექტაკლში უხვადაა თამამი ენა, სექსუალური შინაარსი და ნარკოტიკები. ერთმა დამსწრემ აღნიშნა კიდეც, არ წარმომედგინა, ოპერაში გინების მოსმენა ასეთი თავშესაქცევი თუ იქნებოდაო. ანა ნიკოლის აწ გარდაცვლილი ვაჟის შემსრულებელი კი ერთი ეპიზოდისას თურმე, სულაც მხოლოდ ნარკოტიკების სახელწოდებებს მღერის. ერთი სიტყვით, წარმოდგენა მეტად პროვოკაციულია. თუმცა, მუსიკის ექსპერტები მხოლოდ თემატიკით  არ ტყვევდებიან და მუსიკალურ ღირსებებზეც ბევრს საუბრობენ.

ისე კი, თუ “ანა ნიკოლის” ნაცვლად, წარმოდგენას, ვთქვათ, “ზღაპარი ანა ნიკოლისა”-ს დავარქმევთ, გამოვა, რომ ეს უბრალოდ თანამედროვე ოპერაა იმავე თემებზე, რაც ამ ჟანრს სულ იტაცებდა: ვუაიერიზმი თავაშვებული ცხოვრებისადმი. ჰოდა, რა უნდა მეტი ოპერას, თუ არა ქალები, სექსი, სიხარბე, ტრაგედია, გროტესკი?!

ასეა თუ ისე, ანა ნიკოლ სმითის ცხოვრება ერთ დროს ჰიტი იყო. ახლა საინტერესოა, ოპერაც თუ შეძლებს იმავეს.

კომენტარები