ნაბიჯი ერთიანი კავკასიისკენ

"ჩემი სურვილია, არსებობდეს ერთიანი კავკასია” – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 12  თებერვალს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუსთან შეხვედრაზე გააკეთა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იგი ამ იდეის შესახებ თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ესაუბრა და  რეგიონში გახსნილი საზღვრების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ამ იდეის განსახორციელებლად პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და თურქეთს შორის სასაზღვრო რეჟიმის გამარტივება გახდება.
 
როგორც მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ მაისიდან თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა მანქანიდან გადაუსვლელად, თანაც პასპორტის გარეშე, მხოლოდ პირადობის მოწმობით გახდება შესაძლებელი.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო-თურქეთის  თანამშრომლობა შესაძლოა რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის „მისაბაძი მაგალითი” გახდეს. თუმცა, პრეზიდენტმა აღიარა, რომ მთიანი ყარაბაღის დაურეგულირებელი კონფლიქტი რეგიონის სახელმწიფოთა დაახლოებას ხელს უშლის.
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრამდე ახმეთ დავუთოღლუ ქართველ კოლეგას, გრიგოლ ვაშაძეს ესაუბრა და სასაზღვრო რეჟიმის გამარტივება, ერთობლივი ეკონომიკური პროექტები, „კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონალური საკითხები” და ნაბუქოს გაზსადენის პროექტის რეალიზაციია განიხილა. საგარეო საქმეთა მინისტრებმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის თაობაზეც იმსჯელეს.   მოლაპარაკებები ანკარასთან საქართველოში სამი მეჩეთის რეკონსტრუქციის და ერთის ხელახლა აშენების სანაცვლოდ, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ოშკის, ხანძთის, იშხანის სამონასტრო კომპლექსების და ოთხთა ეკლესიის რეაბილიტაციას შეეხება. გრიგოლ ვაშაძის თქმით, აზრთა გაცვლა-გამოცვლა გრძელდება და როგორც კი ხელშეკრულების ტექსტი მომზადდება, ის საზოგადოებასთვის ცნობილი გახდება. თავის მხრივ დავუთოღლუმ აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია, „რადგან ჩვენ გვაქვს საერთო ძირძველი ისტორია”. მისი თქმით, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ისტორიული ძეგლები ასევე თურქეთის კულტურული მემკვიდრეობაცაა.
 
ბოლო წლებში ოფიციალური ანკარა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვნად გააქტიურდა. ზოგიერთი ექსპერტი თურქეთის ახალ რეგიონულ პოლიტიკას „ნეოოსმანიზმსაც” უწოდებს. მას სათავე 90-იან წლებში თურგუთ ოზალის პრემიერობის დროს დაედო, განვითარება კი ზომიერად ისლამისტური სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჰპოვა. ახალი ხედვის შესაბამისად, რომლის ერთ-ერთი იდეოლოგი სწორედ თურქეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრია, თურქეთი არა ევროპის, NATO-სა და აზიის განაპირას, არამედ ევრაზიის შუაგულში მდებარეობს და ისტორიულად და გეოგრაფიულად უკავშირდება ისეთ მნიშვნელოვან რეგიონებს, როგორიცაა ბალკანეთი, ახლო აღმოსავლეთი და კავკასია.  
 
მოსკოვთან ხაზგასმით კარგი ურთიერთობების მიუხედავად, ექსპერტები, ანკარის ახლანდელი კურსის ფარგლებში, რუსეთსა და თურქეთს გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებად განიხილავენ.
 
ახალი რეგიონული ინიციატივა ანკარამ რუსეთ-საქართველოს ომის დროს გააჟღერა. 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვში ყოფნისას თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რეგიონული გაერთიანების – კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის პლატფორმის – იდეა წამოაყენა.
მალევე ანკარა ყველაზე პრობლემურ მეზობელ სომხეთთან ურთიერთობების მოწესრიგებას შეუდგა. 2008  წლის 6 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული სომხეთს ეწვია და სომეხ კოლეგა სერჟ სარგსიანთან ერთად სომხეთისა და თურქეთის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგურ მატჩს დაესწრო. ამან სათავე დაუდო ე. წ. საფეხბურთო დიპლომატიას, რომლის შედეგი 2009 წლის ოქტომბერში ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა მიერ ე. წ. ციურიხის ოქმების ხელმოწერა გახდა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესახებ. ამ მოლაპარაკებებს ქვეყნებს შორის საზღვრის გახსნა უნდა მოჰყოლოდა, თუმცა ეს დღემდე ვერ მოხერხდა.
ხელმოწერილი  დოკუმენტები, როგორც სომხური ოპოზიციის, ასევე ბაქოს მხრიდან მწვავე კრიტიკის საგნად იქცა. სომხეთის საზოგადოების დიდი ნაწილისათვის მიუღებელი გახდა 1915 წლის გენოციდის აღიარების საკითხის „გვერდზე გადადება”. ამავე დროს, აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ ციურიხის ოქმები გააპროტესტა. ეს იმის გამო, რომ თურქეთი სომხეთთან დოკუმენტების გაფორმებას ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების  გარეშე დათანხმდა.
 
ანკარა იძულებული გახდა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი პოზიცია არაერთხელ მკვეთრად გამოეხატა. ამან, თავის მხრივ, ერევანის გაღიზიანება გამოიწვია. საბოლოოდ, ციურიხის ოქმების ხელმოწერის რატიფიცირება სომხეთისა და თურქეთის პარლამენტების მიერ გაურკვეველი ვადით გადაიდო.
 
კულტურული მემკვიდრეობის საკითხი ანკარისთვის სომხეთთან ურთიერთობის მოწესრიგებისთვის მნიშვნელოვანი მომენტი გახდა. თურქულმა მხარემ ახტამარის სომხური ტაძარი აღადგინა, გასული წლის სექტემბერში კი იქ, პირველად 1915 წლის მოვლენების შემდეგ,   სომხური ღვთისმსახურება ჩატარდა. თუმცა, ეს ფაქტი სომხეთში არაერთგვაროვნად შეაფასეს – პოლიტიკოსთა ნაწილმა მას „თვალთმაქცობა” უწოდა.
 
იმას, რომ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობა მოწესრიგებისგან ჯერ კიდევ შორსაა, აჰმეთ დავუთოღლუს განცხადებაც მოწმობს, რომელიც მან 25 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გააკეთა. მისი თქმით, ანკარა ერევანთან ურთიერთობის დარეგულირებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და სომხეთს არა მოწინააღმდეგედ, არამედ პოტენციურ მეგობარ ქვეყნად განიხილავს. ამავე დროს, მინისტრის განცხადებით, სომხეთმა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა, „რაც ამ ევროპული სტრუქტურის პრინციპებს ეწინააღმდეგება”.
 
 „ერთიანი კავკასიის” იდეის განხორციელებას ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგების ე. წ. მადრიდის პრინციპების თაობაზე მოლაპარაკებების გაჭიანურებაც უშლის ხელს. გარკვეული უნდობლობა ანკარის პოლიტიკის მიმართ როგორც ერევანში, ასევე ბაქოში არსებობს. დღეს ანკარისთვის მისი კავკასიური ინიციატივების რეალიზაციისთვის ყველაზე საიმედო პარტნიორად თბილისი რჩება.

კომენტარები