სამარშრუტო ტაქსების მძღოლების საპროტესტო აქცია დროებით შეწყდა

სამარშრუტო ტაქსების მძღოლების საპროტესტო აქცია, რომელიც დღეს დილით ვარდების რევოლუციის მოედანზე დაიწყო, დროებით შეწყდა. გაფიცული მძღოლები დღესვე 17:00 საათზე თბილისის საკრებულოს შენობასთან შეიკრიბებიან, სადაც მათ მოთხოვნებს საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლები წამოაყენებენ. სამარშრუტო ტაქსების მძღოლები, რომლებმაც დღეს დილიდან ორშაბათამდე გაფიცვა გამოაცხადეს, თბილისის მერიის მიერ ჩატარებული ტენდერის შედეგების გაუქმებას და ტენდერის ხელახლა გამართვას მოითხოვენ.

თბილისის მერიამ თბილისის სატრანსპორტო ხაზების ახალი მფლობელების გამოსავლენად ტენდერი გასული წლის დეკემბერში გამოაცხადა. გამარჯვებულად ოთხი კომპანია გამოცხადდა: თბილქარი, თბილლაინი, ფაბლიქქარი და კაპიტალ გრუფი. სამარშრუტო ტაქსების მძღოლები აცხადებენ, რომ გამარჯვებული კომპანიები მათთვის ყოველდღიური გადასახადის გაზრდას აპირებენ. მათი თქმით, 1 მარტიდან დღიური გადასახადი 7-10 ლარის ნაცვლად 20-40 ლარი იქნება. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, აკაკი ჯოხაძემ გადასახადის გაზრდასთან დაკავშირებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს ”არც ერთი ზედმეტი თეთრის გადახდა არ მოუწევთ.”

სამარშრუტო ტაქსების მძღოლების გაფიცვამ დედაქალაქში გადაადგილება საგრძნობლად გაართულა. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, განსაკუთრებული პრობლემები ვარკეთილის, მოსკოვის გამზირის, გლდანის, დიღმის და საბურთალოს რაიონებში შეიქმნა. გადატვირთულია ავტობუსები და მეტროს სადგურები. თბილისის მერია აცხადებს, რომ სამარშრუტო ტაქსების მძღოლების გაფიცვის დასრულებამდე თბილისში დამატებითი ავტობუსები იმოძრავებს. 

კომენტარები