2011 წლის სუპერგამარჯვებულები

შალვა ჩიბოშვილი 81 წლისაა. კათარზისს ხშირად სტუმრობს და თვლის, რომ ეს მისი მეორე სახლია. დღესაც ჩვეულებრივ მოვიდა, უბრალოდ, თან ოჯახის წევრები გამოიყოლა და ფანდურიც წამოიღო. მნიშვნელოვანი დღეა, კათარზისი თავისი ერთგული ბებია-ბაბუებისთვის კონკურსს მართავს. შალვა ჩიბოშვილიც ასე საზეიმოდ სწორედ ამიტომ გამოეწყო. მაყურებლისა და ჟიურის წინაშე სიმღერით კიდევ ერთხელ უნდა წარდგეს. ის ხომ სუპერბაბუის ტიტულის ერთ-ერთი კანდიდატია. დიდად არ ნერვიულობს, რადგან დარწმუნებულია, წინა წელთან შედარებით ახლა უფრო მომზადებულია და აქედან გამომდინარე, გამარჯვების შანსიც მეტი აქვს.

შალვა ჩიბოშვილის გარდა კონკურსში კიდევ 24 კონკურსანტი იღებს მონაწილეობას. ისინი სცენის უკან, პატარა ოთახში არიან შეკრებილი და ღონისძიების დაწყებას ელოდებიან. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, 70 წლის ნათია კვინიკაძეა. ღელავს, რადგან აქამდე მისი ნამღერი ახლობლების გარდა არავის შეუფასებია. დროდადრო კი იმ კარისკენ იყურება, საიდანაც  ღონისძიების წამყვანი, მსახიობი ნანული სარაჯიშვილი შემორბის ხოლმე – დღეს მნიშვნელოვანი მისია აკისრია –  ახალბედა მომღერლები და მოცეკვავეები უნდა გაამხნევოს. ამასობაში კონკურსი იწყება, კონკურსანტი ქალბატონები ერთმანეთს გამოსასვლელ კაბებს უფასებენ და მაკიაჟის გაკეთებაში ეხმარებიან. უკვე გამოწყობილნი კი თავს ტელეკამერების წინ იწონებენ.

სუპერბებიისა და სუპერბაბუის კონკურსი წელს მეშვიდედ ჩატარდა. წინა წლებისგან განსხვავებით, კონკურსში მონაწილეობის მიღება იმ ხანშიშესულებსაც შეეძლოთ, ვინც კათარზისის წევრი არ არის – „წელს კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, ამიტომ ჟიურიმ ნიჭიერებს შორის ყველაზე ნიჭიერები შეარჩია”, – ამბობს კათარზისის მენეჯერი, რიტა გურჩიანი. მონაწილეებმა კონკურსის შესახებ მედიის საშუალებით გაიგეს და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდანაც კი ჩამოვიდნენ.

ტრადიციულად, სცენაზე პირველად გასული წლის გამარჯვებულები გამოვიდნენ და სტუმრებს შობა-ახალი წელი მუსიკალური ნომრით მიულოცეს. შემდეგ კი კონკურსანტები წითელბაფთიანი გიტარის, ფანდურის, დოლისა და გარმონის თანხლებით, სასიმღერო და საცეკვაო ნომრებით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. ღონისძიება ორსაათ-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა. დასასრულს, ჟიურის გადაწყვეტილებას მაყურებლები დარბაზში, ხოლო ერთად შეკრებილი მონაწილეები – სასადილოში, მონიტორს მიჩერებულები ელოდნენ. 2011 წლის სუპერბებია 80 წლის ციური კაკაბაძე გახდა, ხოლო სუპერბაბუა – 77 წლის იური მერაბოვი.

იური მერაბოვმა ამ ტიტულის მოპოვება წელს მეხუთედ სცადა და გაუმართლა. ამბობს – ამ გამარჯვების შემდეგ ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს დიდ წარმატებას მივაღწიეო. ხოლო წარმატებულმა დებიუტმა, ქალბატონ ციურის სუპერბებიის ტიტული მოაპოვებინა. თუმცა ერთადერთი, რაზეც გამარჯვებული წუხდა, მისი შვილიშვილები იყვნენ, რომლებიც ღონისძიების დასრულებამდე წასულან – ეტყობა არ ეგონათ, რომ გავიმარჯვებდი, ისე, არც მე ვიცოდი დღეს თუ დამასაჩუქრებდნენ, თორემ ხომ არ გავუშვებდიო, – შემოგვჩივლა ბოლოს.

როგორც კათარზისში ამბობენ, წლევანდელი კონკურსი სპონსორთა სიმრავლითაც გამოირჩეოდა. ამიტომ გამარჯვებულებსა და დანარჩენ კონკურსანტებს ბევრი საჩუქარი შეხვდათ. მონაწილეებს ფულადი ჯილდო გადასცა კომპანია თელასმა – გამარჯვებულები 300-300 ლარით, თითოეული მონაწილე კი 50 ლარითა და საახალწლო ნობათით დაასაჩუქრა. როგორც გამარჯვებულები ამბობენ, ტიტულის მოპოვება მხოლოდ საჩუქრების მიღებისთვის არ უნდოდათ. ამაყობენ, რომ ამიერიდან მათი ფოტოები კათარზისის ერთ-ერთ კედელზე, სხვა გამარჯვებულების ფოტოების გვერდით მოხვდება. ეს, მნიშვნელოვანია.

კომენტარები