ჰაიტიზე ყოფილი დიქტატორი დაბრუნდა

ჰაიტიზე ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი,  ჟან კლოდ დუვალიე დაბრუნდა. 59 წლის დუვალიემ, რომელიც ”ბეიბი დოკის” სახელითაა ცნობილი, ჰაიტი 25 წლის წინ იძულებით დატოვა და საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა. მას ბრალი მასობრივ კორუფციაში, რეპრესიებსა და ადამიანის უფლებათა დარღვევაში ედება.

”ბეიბი დოკის” ჰაიტიზე დაბრუნების  მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თავად დუვალიე აცხადებს, რომ მას ”ჰაიტის მოსახლეობის დახმარება” უნდა, რომლებიც გასულ წელს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ დააზარალა. ქვეყნის ოფიციალური პირების თქმით, დუვალიეს დაბრუნება კუნძულზე არეულობებს არ გამოიწვევს. ”ის ჰაიტიდან არის, ასე რომ, მას თავისუფლად შეუძლია საკუთარ სახლში დაბრუნდეს,” აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ჰაიტის პრემიერ მინისტრმა.

ჟან კლოდ დუვალიე 19 წლის იყო, როცა 1971 წელს მამამისისგან, ფრანსუა დუვალიესგან პრეზიდენტის ტიტული მემკვიდრეობით მიიღო და მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა. მისი მმართველობა 1986 წელს სამხედრო გადატრიალებით დასრულდა.

კომენტარები