შობის დღესასწაულზე ეგვიპტეში კოპტურ ეკლესიებს პოლიცია დაიცავს

ეგვიპტეში კოპტურ ეკლესიაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებამ კოპტურ სალოცავებთან უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. 7 იანვარს, როცა კოპტები შობას აღნიშნავენ, სამართალდამცველები სადღეღამისო რეჟიმში იმორიგევებენ. დაცვის გაძლიერებულ რეჟიმი დაწესდა ეგვიპტის ყველა პორტსა და აეროპორტშიც.

ქალაქ ალექსანდრიაში ახალი წლის ღამეს თვითმკვლელმა ტერორისტმა კოპტურ ეკლესიასთან თავი მაშინ აიფეთქა, როცა მლოცველები ტაძრიდან გამოდიოდნენ. აფეთქებას 21 ადამიანი ემსხვერპლა, 97 კი დაიჭრა. ტერაქტის მოწყობა თავის თავზე ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია. პოლიცია ვარაუდობს, რომ აფეთქების უკან რადიკალი ისლამისტები დგანან. სამართალდამცველები ტერაქტთან ალ-ქაიდას კავშირსაც არ გამორიცხავენ.

31 დეკემბერს მომხდარი აფეთქება ეგვიპტის კოპტურმა მოსახლეობამ ორშაბათს საღამოს გააპროტესტა. ასობით დემონსტრანტი ქაიროს ქუჩებში გამოვიდა და ხელისუფლება გულგრილობასა და უმოქმედობაში დაადანაშაულა. ”სიტუაცია სულ უფრო და უფრო იძაბება,” განუცხადა ევრონიუსს ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ”ჩვენ საკუთარი უფლებებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ უმცირესობა არა ვართ, ჩვენ ქვეყნის ისეთივე მოქალაქეები ვართ, როგორც მუსულმანები არიან,” დასძინა მან.

ეგვიპტის გარდა კოპტური ეკლესიის წარმომადგენლები შეშფოთებას ევროპაშიც გამოთქვამენ. ისინი აცხადებენ, რომ საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში არსებული კოპტური ეკლესიის მისამართით ისლამისტების მხრიდან მუქარა გაისმა. მათი თქმით, ეს ეკლესია რადიკალი ისლამისტების საიტზე გამოქვეყნებულ თავდასხმის სავარაუდო ობიექტების ჩამონათვალშია შეტანილი.  ინტერნეტის საშუალებით მუქარის გზავნილი გერმანიაში მოქმედი კოპტური ეკლესიის მიმართაც გავრცელდა.

ალექსანდრიაში მომხდარი ტერაქტი რომის პაპმა, ბენედიქტე XVI-მ დაგმო. მან ინციდენტს ”სიკვდილის საზიზღარი ჟესტი” უწოდა. ”ეს შეურაცხყოფს ღმერთს და კაცობრიობას,” აღნიშნა რომის პაპმა. მან ქრისტიანებს ”არაძალადობრივი გზით თავდაცვისკენ” მოუწოდა. 

კომენტარები