თანამედროვე რომანი

დედაჩემი ამბობს, რომ ცივი ომი, რეიგანის ძალისხმევამ კი არა, კომპიუტერმა და კომუნიკაციის განვითარებამ დაასრულა.

მესმის, რასაც გულისხმობს. – იმას, რომ ინტერნეტის წყალობით ინფორმაცია გეოგრაფიულ საზღვრებს მოწყვეტილია: შეგიძლია პირდაპირ ნახო ყოველ მეორე კონტინენტზე მიმდინარე ნებისმიერი ომი და პოპულარული კულტურულ-სპორტული მოვლენა; უცქირო თვალცრემლიან ახალბედა ჰოლივუდელს, რომელიც მადლობას უხდის დედას, მამას, ბებიას, ჯეკს, ლიზას და საერთოდ ყველა იმ პიროვნებას, ვინც მის შემოსვაზე, შემოქმედებაზე და განვითარებაზე კეთილისმყოფელი გავლენა იქონია; დატკბე ვინმე ავსტრალიელი კინოვარსკვლავის კაბების თვალიერებით ან აფროამერიკელი მომღერლის მანქანების კოლექციით.

ინფორმირებული საზოგადოება კი ძნელი დასამორჩილებელ-მოსატყუებელია. მართალია, თავისთავად შესაძლებელია, რომ ინფორმაციის ეს ხელმისაწვდომობა უბრალოდ დაემთხვა რკინის ფარდის ახსნის პროცესს, მაგრამ არაა ხელწამოსაკრავი ის გარემოება, რომ უბრალო დამთხვევის გარდა, ამ კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების ევოლუცია-რევოლუციების ხანამ იზოლაციური ფარდის ჩამოხსნას საგრძნობლად შეუწყო ხელი.

მეც ამ ჩამოხსნილი ფარდის და – როგორც მამაჩემმა ქართულად თარგმნა – „მსოფლიოს მომცველი მონსტრის” (World Wide Web) შვილი ვარ, და ცოტა ხნის წინ, მსოფლიო ვებსივრცეში ერთ საინტერესო ისტორიას გადავაწყდი.

ყველას, ვისაც გახსოვთ ფილმი „ავატარი” თავისი ახალი სიტყვით არა იმდენად კინემატოგრაფში, რამდენადაც სუპერთანამედროვე 3D ტექნოლოგიებში, ეს ისტორიაც, სავარაუდოდ, გეცოდინებათ:

ის ამ წლის გაზაფხულს მოხდა და ამერიკელ ქალბატონს, ჯენიფერს ეხება, რომელიც ამტკიცებს, რომ 3D პორნოს ყურებისგან დაორსულდა. ქალბატონის ქმარი, ამერიკელი სამხედრო ერიკი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემდეგ ერაყიდან ჩამოვიდა და სახლში ორსული ცოლი აღმოაჩინა, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი ბავშვის მამა არა ფიზიკური კაცი, არამედ, არც მეტი, არც ნაკლები, 3D პორნოს გმირია. თანამედროვე ერიკი კი ეჭვების ქვეშაა: „3D ფილმები ძალიან რეალურია. დღევანდელი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ყველაფერია შესაძლებელი”. მაგრამ საქმე ისაა, რომ ჯენიფერი და ერიკი თეთრკანიანები არიან, ბავშვისგან განსხვავებით. ეს უკანასკნელი შავკანიანია, რაზეც ჯენიფერს აქვს პასუხი: ბავშვი ზუსტად იმ ფერია, როგორიც ის პორნოვარსკვლავი იყოო. ქალბატონი იმასაც ამბობს, პირველად ვნახე პორნო და მეგობრებს ამაზე მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი, რომ 3D-ს ეფექტი განმეცადაო. ასე იყო, თუ ისე, ამ პორნოს ყურებიდან ერთ თვეში თავი მთლად კარგად ვერ იგრძნო, გაესინჯა და ორსულად აღმოჩნდა. ჩემს ქმარს კი სჯერა ჩემი ერთგულების, მაგრამ ქორწინება, შესაძლოა, მაინც რისკის ქვეშ იყოსო.

ეტყობა, ძალიან კარგი პორნო იყო. “ავატარის” მერე 3D ფილმებმა უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა, მაგრამ ცოტა მერე (როგორც სჩვევიათ) ალაპარაკდნენ იმ მავნებლობებზე, რაც ამ ყველაფრის ხშირად მოხმარებამ შეიძლება თვალებს მოუტანოს. დღეს TechEye (ტექნოლოგიური სიახლეებისა და მათ შესახებ გამოთქმული აზრების ბრიტანული ვებგვერდი) კინოში წასვლამდე უკვე კონტრაცეფციასაც გირჩევთ.   

ეს ყველაფერი ოკეანის გადაღმა. და რა ხდება ამ დროს ოკეანის სხვა მხარეს, რითი ორსულდებიან ჩვენთან ქალბატონები?

თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენთანაც ხდება სასწაულები. ამას იუწყება ქართული ტელესივრცის უბადლო ტოქ-შოუ “პროფილი”. დაორსულების გარანტიას აქ წმინდა ეკლესია მამა-დავითი იძლევა – ვინც მამა დავით გარეჯელის სენაკიდან წამოსული წყალი დალია, ან მამა-დავითის ეკლესიაში ფეხით იარა ყოველ უიკ-ენდზე, ანდა ვისი მეუღლეც იქ სამღვდელო პირად აკურთხეს, ექვს, თექვსმეტ ან სამ წელიწადში შვილი გაუჩნდა.

მოკლედ, არასასურველი ორსულობისგან თავის თასაცავად თანამედროვე სამყარო ყველა ქვეყანაში თავის მინიშნებებს იძლევა. ისევე, როგორც სასურველი ორსულობის გამოსაწვევად.

მე კი კურტ ვონეგუტის სიტყვები გამახსენდა, რომელმაც თქვა – ჩემი აზრით, წიგნები, რომლებიც არაფერს ამბობენ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ცხოვრებას ისევე მცდარად წარმოაჩენენ, როგორც ვიქტორიანელები, რომლებიც სექსზე არაფერს ამბობდნენო.

სავსეა სამყარო პარადოქსებით.

ვიქტორიანული ეპოქა საუკუნეზე მეტია, დასრულდა. ნეტავ, რა ხდება თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში?!

კომენტარები