ბერლუსკონიმ პრემიერის პოსტი 3 ხმით შეინარჩუნა

იტალიის პრემიერ მინისტრმა, სილვიო ბერლუსკონიმ ქვეყნის მთავრობის მეთაურის პოსტი შეინარჩუნა. დღეს  იტალიის პარლამენტის ქვედა პალატაში ბერლუსკონის მიმართ უნდობლობის ვოტუმის მიღებას უყარეს კენჭი.

74 წლის პრემიერის ბედი სამმა ხმამ გადაწყვიტა. საინფორმაციო სააგენტო ევრონიუსის ცნობით, 311-მა დეპუტატმა მთავრობისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოტანას მისცა ხმა, 314-მა კანონმდებელმა კი მხარი სილვიო ბერლუსკონის დაუჭირა. მინისტრთა კაბინეტის მიმართ ნდობა ცოტა ხნით ადრე იტალიის სენატმაც გამოხატა:  308 სენატორიდან 162-მა მთავრობას დაუჭირა მხარი.

ოპოზიცია ბერლუსკონის ხშირი პირადი სკანდალებისა და კორუფციულ გარიგებებში შესაძლო მონაწილეობისთვის  აკრიტიკებს. იტალიის პრემიერ მინისტრმა ბოლო დროს სხვა თანამოაზრეებთან ერთად, მისი უახლოესი პოლიტიკური მოკავშირის, ჯანფრანკო ფინის მხარდაჭერაც დაკარგა. შედეგად, პარლამენტის ქვედა პალატაში ბერლუსკონის ავტომატური უმრავლესობა უკვე აღარ აქვს.

ოპონენტები სკანდალურ პრემიერ მინისტრს ხმების მოსყიდვაშიც ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ კენჭისყრის შედეგების მიუხედავად, იტალიაში ბერლუსკონის მმართველობის ხანა  დასრულდა. ”ერთი რამ ცხადია - ბერლუსკონის უკვე აღარ ჰყავს პოლიტიკური უმრავლესობა, რომელიც მას ქვეყნის მართვის საშუალებას მისცემდა,” განაცხადა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ანტონიო დი პიეტრომ. 

კომენტარები