საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ვიზების მიღების პროცედურა გამარტივდება

ევროპარლამენტმა დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის ხელშეკრულებები დაამტკიცა. სავიზო პროცედურა იმ ადამიანებისთვის გამარტივდება, ვისაც მოკლევადიანი ვიზების აღება სურთ. ხელშეკრულების თანახმად საკონსულო მოსაკრებელი 35 ევრომდე შემცირდება. სტუდენტების, ჟურნალისტების, პენსიონერების, 12 წლამდე ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ვიზები უფასოდ გაიცემა.

ადამიანთა გარკვეული ჯგუფებისთვის: ბიზნესმენებისთვის, სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტების რაოდენობა შემცირდება. გადაწყვეტილება ვიზის გაცემის ან არგაცემის შესახებ კი ვიზაზე მოთხოვნის შეტანიდან 10 დღეში მიიღება.

რეადმისიის ხელშეკრულების მიხედვით კი საქართველო და ევროკავშირი ვალდებული იქნებიან ნებისმიერი არალეგალი ემიგრანტი სამშობლოში დააბრუნონ. მესამე ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები ასევე უნდა დაბრუნდნენ თუ დამტკიცდება, რომ პირს აქვს ვიზა, რომელიც ხელმომწერი ქვეყნის მიერ არის გაცემული, ან თუ ის ცხოვრობდა ან ტრანზიტით იმყოფებოდა ამ ქვეყანაში.

ხელშეკრულებები ახლა ფორმალურად ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს. ორივე დოკუმენტი ერთდროულად შევა ძალაში რატიფიკაციის პროცესის დასრულების შესახებ ორივე მხარის შეტყობინებიდან ორი თვის შემდეგ. 

კომენტარები