უფლებების დაცვა უფლებების დარღვევით

წარმოიდგინეთ: ხალხმრავალ ადგილას, ასფალტზე, საბავშვო კალათაში მოთავსებულ ჩვილ ბავშვს ხედავთ. კარგად ჩაცმულს. მოვლილს. პატრონი არ ჩანს. ხვდებით, რომ რაღაც რიგზე არაა. სხვებიც გარშემო იხედებიან, ყოყმანის შემდეგ ფეხაკრეფით უახლოვდებიან პატარას და მის გარშემო თავს იყრიან გამვლელები, იქვე „ბირჟაზე” მდგომი ტიპები და მოვაჭრეები. ადამიანები ჯერ ჩურჩულით, შემდეგ კი ხმამაღლა, მეტიც – ყაყანით ბჭობენ, თუ როგორ გადაწყვიტონ „მონაპოვარის’’ მომავალი. ზოგი ბავშვის დედას ლანძღავს, ზოგიც დაბნეულია. საბოლოოდ პატრული მოდის და მიტოვებული ჩვილის სახლში წაყვანის მსურველები გაწბილებულები ტოვებენ შემთხვევის ადგილს.

როგორ მოიქცეოდით თქვენ? შეგიძლიათ, ახლავე იფიქროთ სავარაუდო რეაქციაზე, რადგან გამორიცხული არაა, მსგავსი დილემის წინაშე აღმოჩნდეთ. გილოცავთ: თქვენ ექსპერიმენტის უნებლიე მონაწილე ხართ, აი, სულ მალე ინტერვიუსაც ჩამოგართმევენ და შემდეგ ტელევიზორში იქნებით! ექსპერიმენტის ობიექტი ხომ სწორედ თქვენ ხართ, ამ გაუგებრობაში შემთხვევით მოხვედრილი.

ექსპერიმენტი, რომელზეც ვსაუბრობთ, სპეციალური რეპორტაჟის 27 ნოემბრის გადაცემაში ჩატარდა. ეს პროექტი ტელეკომპანია იმედზე ყოველკვირეულად გადის და პოპულარობითაც სარგებლობს. გადაცემა დედების მიერ საკუთარი შვილების მკვლელობას ეძღვნებოდა. საყურებლად მძიმე (18+) რეპორტაჟი მოგვითხრობდა ჩვენი საზოგადოების ტრაგედიაზე: მშობლები ახალდაბადებულ შვილებს გუდავენ, პოლიეთილენის პარკებში ახვევენ და ფანჯრიდან აგდებენ, ყრიან ნაგავსაყრელებზე, ურნებში, ზღვაში. გადაცემის მსვლელობისას მოვისმინეთ დამნაშავე დედების კომენტარი, ვნახეთ სხვადასხვა ადგილას აღმოჩენილი ჩვილების გვამების შემზარავი კადრები. ფსიქოლოგები შეეცადნენ, აეხსნათ, თუ რა მოტივი შეიძლება ამოძრავებდეს ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას მშობელს. კამერის ობიექტივში მოხვდნენ პატარები, რომლებიც საბედისწერო განაჩენს გადაურჩნენ... მონათხრობი მართლაც დამთრგუნველი იყო.

ცდის ადგილად თბილისის ორი მეტად ხალხმრავალი წერტილი აარჩიეს: ვაგზლის მიმდებარე ტერიტორია და რუსთაველის მეტრო. ობიექტად: დასახელებულ წერტილებში მოძრავი საზოგადოება. ცდის უნებლიე „წარმმართველად”– რამდენიმე თვის ბავშვი.

როგორც წესი, ყველა ექსპერიმენტი ახალი ცოდნის მოპოვებას ემსახურება. რა იყო მიზანი ამ შემთხვევაში? წამყვანმა გვამცნო, რომ მათ სურდათ გაეგოთ, „როგორ ვიქცევით მიტოვებული ჩვილის დანახვისას”. შედეგი? მაყურებელმა იხილა „მიტოვებული” ბავშვის გარშემო შეკრებილ გამვლელთა გაკვირვებული სახეები და ერთი-ორი კომენტარი მოდელირებული ინციდენტის შემდეგ. გაუგებარია, რატომ გახდა ეს აუცილებელი, როცა ისედაც ნათელია, რომ ამ ასაკის ბავშვები საკუთარი ინიციატივით არ სეირნობენ ქალაქის ქუჩებში. შესაბამისად, კალათში ჩაწოლილი პატარა აუცილებლად გახდებოდა საზოგადოების დაინტერესების ობიექტი. „ველოდებოდი, რომ ექსპერიმენტი განსაკუთრებულ მიზანს ემსახურებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი მარტივად, ინტერვიუს სახით შეგვეძლო გაგვეგო”, – ამბობს ომბუდსმენის აპარატთან არსებული ქალთა და ბავშვთა უფლებების ცენტრის იურისტი, ანა აბაშიძე. მისი თქმით, რთულია, მიუთითო კონკრეტული მუხლი, რომელიც ამ შემთხვევაში დაირღვა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ექსპერიმენტი რაიმე ღირებულ მიზანს არ ემსახურებოდა და არც შესაბამის ორგანოებს გაუციათ რეკომენდაცია მასში ბავშვის მონაწილეობის უსაფრთხოების შესახებ, სახეზე გვაქვს პროცედურული დარღვევა: „ეს ის შემთხვევაა, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არის რეკომენდებული, მსგავსი ტიპის ექსპერიმენტებში ბავშვების  ჩართვა. შეიძლება ოპონენტმა გვითხრას, რომ მშობელი დათანხმდა და ეს საკმარისია. მართალია, მშობელმა თვითონ უნდა განსაზღვროს რა არის შვილისთვის საზიანო და რა არა, მაგრამ თუ ვხედავთ, რომ ის ბავშვის უფლებების საზიანოდ იქცევა, მშობლის გადაწყვეტილება არ არის აუცილებლად შესასრულებელი. ვინ იცის რას გრძნობს პატარა, რომელიც მარტო, კალათში, სიცივეში მეტროს შესასვლელთან დევს. ეს ექსპერიმენტი რაღაც კუთხით შეურაცხმყოფელი იყო პატარასთვის. რაც მთავარია, მისი სახე ახლო ხედით აჩვენეს”.

სწორედ მშობლების მიერ გაცემულ ნებართვაზე აპელირებს იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსი მათე კირვალიძე. ის დარწმუნებულია, რომ ექსპერიმენტის დროს ბავშვის უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რადგან არსებობდა დედ-მამის თანხმობა და მისი უსაფრთხოება დაცული იყო.

თუმცა, როგორც გადაცემიდან ვიგებთ, პროცესს გაუგებრობის გარეშე არ ჩაუვლია. რუსთაველის მეტროსთან, პოლიციისთვის ბავშვის გამორთმევა არა მხოლოდ იმედის გადამღებ ჯგუფს, არამედ „უპატრონო” ჩვილის დედასაც გაუჭირდა. გაუგებრობა შემდგომი პროცედურების გარეშე ამოიწურა. სახალხო დამცველის აპარატში უკვირთ, პოლიციამ ინფორმაცია სოციალურ სააგენტოებს რატომ არ გადასცა.

სხვა ქვეყანაში, მაგალითად, აშშ-ში, პროცესი შეიძლება შორსაც წასულიყო. არაერთი პრეცედენტი არსებობს იმისა, რომ მშობელი ისეთი ფაქტის გამო დააკავეს, რომელსაც ჩვენთან გამონაკლისები თუ ჩათვლიდნენ პასუხისგების ღირსად. წარმოგიდგენიათ, საქართველოში დედა დააკავონ ან დააჯარიმონ გარკვეული ხნით მცირეწლოვანი შვილების სიცხეში, ჩაკეტილ მანქანაში დატოვებისთვის?

მშობლების თანხმობის, ექსპერიმენტის ხანგრძლივობისა და ბავშვის მშვიდი ემოციური ფონის გათვალისწინებით, ბავშვთა ფსიქოლოგი ნატა მეფარიშვილი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, საქმე მძიმე დანაშაულთან არ გვაქვს. თუმცა, „რისკისგან თავის დაზღვევის მიზნით, ეთიკური იქნებოდა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის და ბავშვთა ფსიქოლოგისთვის ეკითხათ, თუ როგორი გარემო უნდა შეექმნათ ექსპერიმენტის დროს, რათა ბავშვს მინიმალური ზიანი მიეღო”.

როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, მაუწყებელთა ქცევის კოდექსი არ კრძალავს მაუწყებელთა ასეთი ტიპის ექსპერიმენტებში ბავშვთა მონაწილეობას. თუმცა, ამბობენ იმასაც, რომ დასადგენია, რატომ გავიდა 18+ ნიშნით გადაცემა ეთერში დროის ამ მონაკვეთში. შეგახსენებთ, რომ  მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია  18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები 06.00 საათიდან 24.00 საათამდე არ განათავსოს.

საქართველოში არასრულწლოვნების მიმართ დამოკიდებულება თუნდაც გაეროს მიერ ბავშვთა უფლებების კონვენციით დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამება. არც ბავშვის „ჭეშმარიტი ინტერესის” დადგენის სრულყოფილი მეთოდოლოგიაა შემუშავებული. მშობლები ფიქრობენ, რომ უკეთ იციან, შვილისთვის რა სჯობს. შესაბამისად, გარეშე პირისგან ნებისმიერ საყვედურს თავდასხმად აღიქვამენ. ის, რომ არასრულწლოვნების მიმართ დამოკიდებულება ხშირად ცდება ელემენტარულ ეთიკურ სტანდარტებს, ქართული მედიის მიერ წარმოებულ პროდუქტზე ზედაპირული დაკვირვებითაც კარგად ჩანს. კონფიდენციალობის დარღვევა, ბავშვის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე სენსაციური მასალის აწყობა, ბავშვის მეხსიერებაში ტრავმული ეპიზოდის გაცოცხლება – ეს მცირე ჩამონათვალია იმ დანაშაულებისა, რომელთაც ყოველდღიურად ვაწყდებით.

 შესაძლოა, სტატიაში განხილული კონკრეტული ექსპერიმენტის დროს ბავშვის ფიზიკური უსაფრთხოება დაცული იყო, მაგრამ მაყურებელმა მიიღო გზავნილი: გადაცემა, რომელიც ბავშვთა უფლებებს ეძღვნებოდა, დასრულდა ექსპერიმენტით, სადაც ეს უფლებები დაირღვა. მედია, რომელიც ნორმების ტირაჟირებას ახდენს, ვალდებულია, მეტი პასუხისმგებლობით ჩვილებთან და ზოგადად, არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ საკითხებს მოეპყროს.

ბავშვის მკვლელობა ყველაზე მძიმე დანაშაულია – გვამცნეს ტელეეკრანიდან და ეს მართლაც ასეა. თუმცა არა მარტო მკვლელობა, ბა

ვშვის წინაშე ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული მძიმეა.

კომენტარები