საგარეო საქმეთა სამინისტრო: ”ლატვიაში საქართველოს ელჩი მკაცრად ინსტუქციის ჩარჩოებში მოქმედებდა”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლატვიაში საქართველოს ელჩთან დაკავშირებით Wikileaks.org-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გამოწვეული უხერხულობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

”ჩვენ ხელთ გვაქვს მხოლოდ ერთი წინადადება, ყოველგვარი კონტექსტის გარეშე, რომელსაც ვერ ავიღებთ რაიმე გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად. ეს წინადადება არის სხვა ქვეყნის ერთი დიპლომატის მოსაზრება. რომც ვივარაუდოთ, რომ ასეთი საუბარი ნამდვილდ შედგა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ლატვიაში აშშ-ს ელჩს შორის, ჩვენ არ ვიცით, მართლაც ითქვა თუ არა წინადადება ისეთი ფორმულირებით, როგორც ეს მინისტრის ნათქვამში ან ელჩის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტისადმი გაგზავნილ წერილშია აღწერილი“,  — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ და აღნიშნა, რომ, შესაძლოა, ეს უბრალოდ წერის დროს დაშვებული შეცდომაც იყოს. მისი თქმით, ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაამოწმა   ელჩის საქმიანობა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისას საგარეო საქმეთა სამინისტროსგან კონსტანტინე კორკელიას გაეგზავნა ორი ინსტრუქცია და ის მკაცრად ამ ინსტრუქციების ჩარჩოებში მოქმედებდა.

შეგახსენებთ, Wikileaks.org-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლატვიაში აშშ-ს ელჩი სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გაგზავნილ წერილში აღწერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცვიფრებას იმის გამო, რომ მასთან შეხვედრაზე ქართველმა დიპლომატმა საქართველოს მიერ „სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაზე“ ისაუბრა. აშშ-ს ელჩი წერილში იზიარებს ლატვიელი მაღალჩინოსნის გაოცებას იმით, რომ ქართველი დიპლომატი მისი სახელმწიფოს ინტერესების საზიანო ტერმინოლოგიით მეტყველებს.  

კომენტარები