ორუელის აჩრდილი

 „კინგ, შენ ერთადერთი რამ დაგრჩა გასაკეთებელი. იცი რასაც ვგულისხმობ. შენ დამთავრდი. შენთვის ერთადერთი გზა არსებობს. შენთვისვე აჯობებს თუ ამ გზას აირჩევ, სანამ შენი ბილწი არსება გაშიშვლებულა მთელი ერის წინაშე” – ასეთი შინაარსის წერილი მიიღო მარტინ ლუთერ კინგ უმცროსმა ერთ მშვენიერ დღეს. იმავე დღეს მისმა მეუღლემ ფოსტით მიიღო აუდიოჩანაწერი, რომლითაც დასტურდებოდა კინგის სასიყვარულო ურთიერთობა სხვა ქალთან.

როგორც წერილის, ისე ჩანაწერის „ავტორი” გახლდათ ჯონ ედგარ ჰუვერი, აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ერთ-ერთი დამაარსებელი და ამავე ბიუროს დირექტორი 37 წლის განმავლობაში. პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა, გაითვალისწინა რა ჰუვერის უზომოდ დიდი ავტორიტეტი, სპეციალური გამონაკლისი გააკეთა მისთვის, არ გაუშვა სავალდებულო პენსიაზე 70 წლის ასაკში, და სიცოცხლის ბოლომდე დატოვა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორად. ჰუვერის ეს ქმედება მიზნად ისახავდა მარტინ ლუთერ კინგის იძულებას თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე.
 
2006 წელს საქართველო შეუერთდა 1981 წლის ევროპულ კონვენციას „პერსონალური მონაცემების ავტომატური გზით დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ”, რომელიც ავალდებულებს ჩვენს სახელმწიფოს მიიღოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. კანონი ასეთი სახელწოდებით უკვე მომზადებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ და ითვალისწინებს ისეთი საკითხების დარეგულირებას, როგორებიცაა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპები, მონაცემთა დამუშავების წესები, გარდაცვლილ პირთა პერსონალური მონაცემების დაცვა, მონაცემთა დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება საჯარო დაწესებულებების და კერძო პირების მიერ, ვიდეო თვალთვალის განხორციელება ქუჩასა და შენობებში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის აღრიცხვის მიზნით და სხვა.
 
მნიშვნელოვანია, რომ კანონი ვრცელდება როგორც საჯარო დაწესებულებებზე, ისე კერძო კომპანიებზე. შესაბამისად, ბიზნესი პერსონალური მონაცემების დაცვის ისეთივე წესებს უნდა მიჰყვეს, როგორსაც მიჰყვება მაგალითად სამოქალაქო ან საჯარო რეესტრი. წესების დარღვევის შემთხვევაში კი გათვალისწინებულია შესაბამისი ჯარიმები, რამდენიმე ასეული ლარიდან რამდენიმე ათას ლარამდე.
 
თავისთავად ცხადია, რომ აღნიშნული კანონის მიღება გაზრდის ბიზნესის ხარჯებს. რამდენად დიდი იქნება ნეგატიური ეფექტი ამა თუ იმ ბიზნესისთვის, რთული გასათვლელია და დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად მოხდება კანონით განსაზღვრული რეგულაციების დეტალიზება და რამდენად მკაცრი იქნება მათი ადმინისტრირება სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ კანონის მთავარი პრობლემა მხოლოდ ბიზნესისთვის დამატებითი ხარჯების გაჩენაში არ მდგომარეობს.
განვითარებულ ქვეყნებში პერსონალური მონაცემების დაცვის სხვადასხვა პრაქტიკა ჩამოყალიბდა. მაგალითად აშშ-ში მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი ერთიანი ფედერალური კანონმდებლობა საერთოდ არ არსებობს. კონფიდენციალურობის დაცვის ამერიკული პრაქტიკა პირადი მონაცემების სფეროში დარღვევების გამოსწორებას ძირითადად საბაზრო მექანიზმებით ან სასამართლო დავების წესით ითვალისწინებს. შესაბამისად, აშშ-ში არ არსებობს მონაცემთა დაცვის მაკონტროლებელი არც რაიმე სპეციალური ინსტიტუტი.
 
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კი ეფუძნება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში არსებულ პრაქტიკას და ითვალისწინებს სპეციალური სახელმწიფო მაკონტროლებლის – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის – შექმნას. ინსპექტორის ერთ-ერთი ამოცანა იქნება „მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება), როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებში”. ხოლო აღნიშნული ამოცანის შესრულების მიზნით, ინსპექტორი „უფლებამოსილია, როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე დაინტერესებულ პირთა განცხადების საფუძველზე, განახორციელოს მონაცემთა ნებისმიერი დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის შემოწმება”. იგი ასევე უფლებამოსილია „შემოწმების ჩატარების მიზნით შევიდეს ნებისმიერ დაწესებულებასა და ორგანიზაციაში და გაეცნოს ნებისმიერ დოკუმენტსა და ინფორმაციას მიუხედავად მათი შინაარსისა და შენახვის ფორმისა”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახლად შექმნილ სახელმწიფო სტრუქტურას ექნება უფლება შევიდეს ყველგან, სადაც მოესურვება და მოიპოვოს ნებისმიერი ინფორმაცია ნებისმიერ მოქალაქეზე.
რამდენ ორგანიზაციასა თუ დაწესებულებაში შეგივსიათ რაიმე სახის განაცხადის ფორმა, სადაც პირადი მონაცემები მიუთითეთ? ოდესმე გახსენით ბანკში ანგარიში? სუპერმარკეტში პროდუქტების შეძენის მიზნით საკრედიტო ბარათით სარგებლობთ? რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში შემთხვევით ანკეტა ხომ არ გაქვთ გახსნილი? მობილური ტელეფონით ეკონტაქტებით თანამშრომლებს, ოჯახის წევრებს და ახლობლებს? ინტერნეტში შედიხართ პირადი კომპიუტერიდან?
 
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უფლება აქვს შევიდეს ორგანიზაციაში, სადაც თქვენ მუშაობთ და მოითხოვოს თქვენ შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, მოიპოვოს ნებისმიერ ბანკში თქვენს ანგარიშებზე მოძრავი თანხების შესახებ დეტალური მონაცემები, მიიღოს თქვენი საცხოვრებელი კორპუსის ნულოვან სართულზე მდებარე სუპერმარკეტიდან ინფორმაცია იმის თაობაზე საშუალოდ რამდენ კილოგრამ სოსისსა და ლუდს შეიძენთ თვის განმავლობაში, საავადმყოფოსა და პოლიკლინიკაში გაეცნოს თქვენს ჯანმრთელობის პრობლემებს, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიისგან შეიტყოს ვის ესაუბრებით, ხოლო ინტერნეტ კავშირის მომწოდებლისგან – რომელ ვებგვერდებზე გიყვართ სტუმრობა.
 
ამ შემთხვევაში აღარც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ ევრო-ბიუროკრატების მოთხოვნის საფუძველზე იქმნება სრულიად ზედმეტი სახელმწიფო სტრუქტურა, რომლის შენახვაც დამატებით ხარჯად დააწვება გადასახადის გადამხდელებს. ნებისმიერი ეკონომიკური ხასიათის პრობლემა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ამ კანონის მიღებასთან, მეორე პლანზე გადადის, რადგან იზღუდება ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლება და სახელმწიფოს ეძლევა ბერკეტები აქტიურად შეიჭრას მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ექსპერტებს Google-ით გაკეთებული რამდენიმე საძიებო ოპერაციის საფუძველზე შეუძლიათ დახატონ ადამიანის ფსიქოპორტრეტი, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ კანონით ფაქტობრივად ვუახლოვდებით ორუელისეულ 1984-ს, სადაც „დიდი ძმა” ყველაფერს ხედავს და ისმენს.
 
პრობლემა რომელიმე კონკრეტული ხელისუფლების შიშში არ არის. ჩვენ შეიძლება თვალდახუჭული ვენდობოდეთ ხელისუფლებას, მაგრამ რა გარანტია გვაქვს, რომ შემდეგი ხელისუფლებები ბოროტად არ გამოიყენებენ ამ კანონით მინიჭებულ უფლებებს კონკრეტული მოქალაქეების წინააღმდეგ? ესეც რომ არ იყოს, ხელისუფლებები ხშირად იცვლიან შეხედულებებს გამომდინარე პოლიტიკური თუ სხვა ტიპის მოსაზრებებიდან და მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა დღეს ხელისუფლების მიერ პერსონალური მონაცემების მოქალაქეთა წინააღმდეგ გამოყენების საფრთხე – ჩვენ მაინც უნდა ვიყოთ სკეპტიკურები და ვიკითხოთ: რა უფრო მნიშვნელოვანია, ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს რამდენიმე ადამიანს მათი პერსონალური მონაცემების ვინმეს მიერ დაუკითხავად გამოყენების შემთხვევაში (მით უმეტეს თუ მათ ექნებათ სასამართლოს გზით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა), თუ ზოგადად ადამიანების თავისუფლება სახელმწიფო კონტროლისგან?
 
ადამიანები არ არიან ანგელოზები. ისინი უშვებენ შეცდომებს. ვერც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი იქნება ანგელოზი. ისტორია კი სავსეა სახელმწიფოს მიერ მოქალაქეთა წინააღმდეგ პერსონალური მონაცემების გამოყენების მაგალითებით, როდესაც ეს საჭიროდ ჩათვალა რომელიღაც ბიუროკრატმა. ეს სტატია ერთ-ერთი გახმაურებული მაგალითით დავიწყე.

კომენტარები