მედიკამენტებით არალეგალური ვაჭრობისთვის 21 ადამიანი დააკავეს

დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი 21 ადამიანი დააკავა. სამინისტროს განცხადებით, დაკავების საფუძველი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ კონტრაბანდული ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანა გახდა. დალუქულია 20 აფთიაქი, რომელიც კონტრაბანდული საშუალებებით ვაჭრობდა. არც ერთი მათგანი ქსელური  არ არის.

დაკავებულთაგან 18 დალუქული ფსიქოტროპული აფთიაქების ხელმძღვანელია. მათგან 16-ს საპროცესო შეთანხმებით 20-დან 40 ათას ლარამდე გირაოს გადახდა შეუფარდეს და გაათავისუფლეს. ორს წინაწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საგამოძიებო დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, პატიმრობაში დარჩენილი ხუთეული დანაშაულებრივი ქსელის ორგანიზატორები არიან.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე  ნანი ბერიძეს შპს ნეოტურის ტრაილერებით რამდენიმე ათეული ათასი ლარის ღირებულების არარეგისტრირებული ფსიქოტროპული მედიკამენტები ”პერმანენტულად” შემოჰქონდა.  ნეოტურის დირექტორი ზურაბ კაციტაძე ტრაილერების სამალავებში შენახულ მედიკამენტებს თბილისის ფსიქოტროპულ აფთიაქებში აბარებდა. ოფიციალურად კომპანია საფოსტო გზავნილების შემოტანით იყო დაკავებული.

დანაშაულებრივი ქსელი რამდენიმე თვის მანძილზე ”განსაკუთრებით დიდი ოდენობით” არალეგალურ  შემოსავალს იღებდა. არალეგალურად შემოტანილი ანტიდეპრესანტები იყიდებოდა ექიმის რეცეპტის გარეშე და ”ძირითადად ნაცნობ კლიენტებზე, რომლებიც ნარკოტიკების მომხმარებლები იყვნენ”. მათდამი ინკრიმინებული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში ამ დროსთვის 313 აფთიაქია, სადაც ფსიქოტროპული და ნარკოტიკული საშუალებები იყიდება. 

კომენტარები