არჩევნებში მარცხის შემდეგ ობამა ინდოეთს ესტუმრა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მანმოჰან სინგჰი და პრეზიდენტი ობამა
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მანმოჰან სინგჰი და პრეზიდენტი ობამა
 პრეზიდენტი ბარაკ ობამა 5 ნოემბერს აზიურ ტურნეში გაემგზავრა. ვიზიტი ინდოეთში დაიწყო. ამ ქვეყნის გარდა, იგი ინდონეზიაში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაშიც ჩავა. აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების მარცხის შემდეგ, პრეზიდენტისთვის ეს ტურნე საკუთარ ამომრჩევლებთან რეაბილიტაციის შანსსაც წარმოადგენს.

 
მსოფლიოს ორი უდიდესი დემოკრატიული სახელმწიფოს თანამშრომლობა XXI საუკუნის გლობალური პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. დემოკრატიის გარდა, ამერიკასა და ინდოეთს მრავალი საერთო აქვთ, მათ შორის ფედერალური ტერიტორიული მოწყობა და ჩინეთის შეკავების სურვილი.
 
ინდოეთთან დაახლოება ჯერ კიდევ ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას დაიწყო, თუმცა აპოგეას ჯორჯ ბუშის დროს მიაღწია. ობამას
გაპრეზიდენტების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები თითქოს გაიყინა. 
 
ობამამ ინდოეთში 250 ამერიკელი ბიზნესმენი გაიყოლა. ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალ კონტრაქტებს მოეწერა ხელი. ობამას განცხადებით, ამით ამერიკაში 50 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამერიკულ კომპანიებს უფრო სარფიანი კონტრაქტების იმედი ჰქონდათ, მათ შორის ბირთვული ენერგეტიკის სფეროში. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ინდოეთის ეკონომიკა, საშუალოდ, 8 პროცენტით იზრდება. ინდურმა კორპორაციებმა მსოფლიო ბაზარზე მეტალურგიასა და საავტომობილო ინდუსტრიაში წამყვანი პოზიციები დაიკავეს. პროგრამული უზრუნველყოფის მხრივ ინდოეთის დაწინაურებისა და მუშახელის სიიაფის გამო კომპიუტერული სერვისების ნაწილმა ინდოსტანის ნახევარკუნძულზე გადაინაცვლა. ტექნოლოგიების კვლევასა და განვითარებაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა პოზიტიური გავლენა იქონიეს როგორც ეკონომიკის ტექნიკურ მხარეზე, ასევე მენეჯმენტზე. ვიზიტის ბოლოს, დელიში გამოსვლისას ობამამ თავისუფალი ბაზრის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მან ინდოეთს ეკონომიკის კიდევ უფრო ლიბერალიზაციისკენ და უცხოური ინვესტიციებისთვის ბარიერების შემცირებისკენ მოუწოდა.
 
გასულ წელს, ობამას მიერ ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანის თარიღის დათქმამ (2011 წლის ზაფხული) ინდოეთში უკმაყოფილება გამოიწვია. ამერიკელების გასვლა გაზრდის სხვა ექსტრემისტული დაჯგუფებების მომძლავრების რისკს. თუმცა დელიში ობამამ განაცხადა, რომ ამერიკის ჯარების გაყვანა არ ნიშნავს ავღანეთისა და რეგიონის უყურადღებოდ დატოვებას. ინდოეთი ავღანეთში ამერიკის პარტნიორ პაკისტანს ტერორისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. მეორე მხრივ, ბირთვული იარაღით აღჭურვილი არასტაბილური პაკისტანი თავად წარმოადგენს საფრთხეს რეგიონული სტაბილურობისთვის. ამერიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა პაკისტანის პასუხისმგებლობას და აღნიშნა, რომ ამ ქვეყანამ უნდა გაანადგუროს ტერორისტთა თავშესაფრები საკუთარ ტერიტორიაზე. ინდოეთ-პაკისტანის ურთიერთობებზე საუბრისას კი მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს მოლაპარაკებებისკენ.
 
ჩინეთის გაძლიერების საპასუხოდ, ინდოეთმა უკვე დაიწყო სამხრეთ კორეასა და იაპონიასთან როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური კავშირების გაღრმავებაზე ზრუნვა. თუმცა ჩინეთის დაბალანსება, ამერიკის გარეშე, მარტო აზიურ სახელმწიფოებს გაუჭირდებათ. თავდაცვის მდივანმა რობერტ გეიტსმა, რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ ამერიკა გააფართოებს საკუთარი სამხედრო ძალების წარმომადგენლობას ინდოეთის ოკეანეში, თუმცა აღნიშნა, რომ ამას ჩინეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამერიკა ინდოეთთან ერთად მრავალ სამხედრო წვრთნას ატარებს. ამერიკული კომპანიებისთვის ინდოეთი მიმზიდველი ადგილია, რადგანაც ქვეყნის მთავრობა უახლოეს წლებში რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებს სამხედრო მოდერნიზაციისთვის. ვიზიტის ფარგლებში დადებული კონტრაქტების ნაწილი სამხედრო სფეროზე მოდის. 
 
დელიში ობამამ განაცხადა, რომ ამერიკა მხარს დაუჭერს ინდოეთის სურვილს გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივ წევრად მიღების თაობაზე. გაეროს ძირითადი ორგანოები დაარსებიდან დღემდე პრაქტიკულად შეუცვლელი სახით მოვიდნენ. მიიჩნევა, რომ ახლანდელი გლობალური პოლიტიკური წესრიგი მოითხოვს უშიშროების საბჭოს გარდაქმნას და მასში ისეთი სახელმწიფოების ჩართვას, როგორებიც არიან ინდოეთი და ბრაზილია. ობამას განცხადებას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა პაკისტანში. თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში, ობამას განცხადება, სავარაუდოდ, სოციალური მეცნიერებების აკადემიურ წრეებზე უფრო მოახდენს გავლენას, ვიდრე გლობალური უსაფრთხოების სისტემის შეცვლაზე.
 
ინდოეთს ამერიკისგან პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობაც სჭირდება განვითარების ტემპების შესანარჩუნებლად. თავის მხრივ, ობამას აზიური ტურნეს მთავარი მიზანი ამერიკის პოზიციების უცვლელობაში მოკავშირეების დარწმუნება და პარტნიორობის გაღრმავება იყო. ამvერიკასა და ინდოეთს უჭირთ ურთიერთობების განვითარება, რისი ერთ-ერთი მიზეზი ინდოეთის მოუქნელი ბიუროკრატიაცაა. საბოლოო ჯამში ტურნეს პოზიტიურად დაწყების მიუხედავად, ნაკლებ სავარაუდოა, შეხვედრებმა ნაყოფი მოკლე დროში გამოიღოს. ობამას კი წინ იაპონიაში არანაკლებ მნიშვნელოვანი ვიზიტი ელის. 

კომენტარები