ბრალდება სასიკვდილო მუხლით

 საქართველოს მოქალაქე ბაბუცა გორდაძეს მალაიზიის სასამართლომ ბრალი ნარკოტრეფიკის, 39-ბ მუხლით წაუყენა. ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. ანალოგიური ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქის – დარეჯან კოხტაშვილის სასამართლო პროცესი მალაიზიაში ორშაბათს, 8 ნოემბერს გაიმართება. დაკავებულებს ამ დრომდე ადვოკატები არ ჰყავთ. 

ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების მალაიზიაში დაკავების შესახებ უცხოურმა მედიამ ოქტომბრის ბოლოს გაავრცელა. საქართველოს მოქალაქეებს ნარკოტიკული ნივთიერება სურათების ჩარჩოებში ჰქონდათ მოთავსებული. საბაჟოს წარმომადგენლებს სწორედ ამ ჩარჩოების წონა მოეჩვენათ საეჭვოდ – უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა სკანერში გაატარა და ფხვნილიც აღმოაჩინეს. პირველი დაკავების შემდეგ ზუსტად 24 საათში საქართველოს მეორე მოქალაქე მალაიზიის სხვა კუნძულზე – სასტუმროში აიყვანეს. იქ მას, გავრცელებული ინფორმაციით, 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული ნივთიერება ამფიტამინი და დიდი ოდენობით აშშ დოლარი აღმოაჩნდა. დაკავებულები ამჟამადაც სხვადასხვა ქალაქში იმყოფებიან. 

ამფიტამინის ჯგუფის ნარკოტიკები დღეს ერთ-ერთი გავრცელებული ნარკოსაშუალებებია. ამ ჯგუფის ნარკოტიკებს მიეკუთვნება მაგალითად ექსტაზი, რომლის შესახებაც საქართველოშიც, ალბათ, ბევრს სმენია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამფიტამინზე მსოფლიოს შავ ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა. საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, აზიის ქვეყნებში მას 42 მილიონი ადამიანი მოიხმარს.
 
მალაიზია ტაილანდს, ინდონეზიას და ბრუნეის ესაზღვრება. ტაილანდზე გადის ქვეყანაში შემავალი ნარკოტრეფიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გზა. საერთოდ, ნარკობიზნესი, სასიკვდილო რისკის მიუხედავად, ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან ბიზნესად რჩება. სწორედ ამიტომ, მალაიზიაში ნარკოტიკების შეტანის საკმაოდ ინოვაციური საშუალებები გამოიყენება – მაგალითად, 2005 წელს დააკავეს მამაკაცები, რომელთაც პრეზერვატივში ჩადებული ნარკოტიკი ჰქონდათ გადაყლაპული და ქვეყანაში კუჭით შეჰქონდათ. გასულ წელს დააკავეს ქალი, რომელსაც პირსახოცები ნარკოტიკული საშუალებით ჰქონდა გაჟღენთილი. 
 
ირანიდან მალაიზიაში ნარკოტიკები, საჰაერო გზით დუბაის, სომხეთის, სპარსეთის ყურეში არსებული კუნძული კიშის, შრი-ლანკის ქალაქ კოლომბოს ან ყატარის დედაქალაქ დოჰას გავლით ხვდება. 2010 წლის 5 ოქტომბრის მონაცემებით, მალაიზიაში ნარკოტრეფიკის გამო უკვე 138 ირანელია დაკავებული. 
 
საქართველოს მოქალაქეები მალაიზიაში სხვა მარშრუტით მოხვდნენ – სტამბოლის, მაროკოს და კამერუნის გავლით. სასიკვდილო ბარგი – სურათების ხის ჩარჩოებში განთავსებული ნარკოტიკი მათ სწორედ კამერუნში აიღეს. ისინი ტურისტული ვიზით შედიოდნენ მალაიზიაში. როგორც ჩანს, დაკავებულების ჩვენება იმის თაობაზე, რომ ბარგი მათ უცნობმა პირმა გადასცა და ამ ბარგის შიგთავსის შესახებ ინფორმაცია თავად არ ჰქონდათ, მალაიზიის სასამართლომ არ გაიზიარა. ბრალი ბაბუცა გორდაძეს ნარკოტრეფიკის მუხლით წაუყენეს.  
საბედისწერო მოგზაურობამდე საქართველოს მოქალაქეები – 27 წლის ბაბუცა გორდაძე და 37 წლის დარეჯან კოხტაშვილი ერთად მუშაობდნენ თბილისის ერთ-ერთ მარკეტში გამყიდველებად. დარეჯან კოხტაშვილს 3 შვილი ჰყავს, ბაბუცა გორდაძეს კი – ერთი. მათი ოჯახების ინფორმაციით, ისინი თურქეთში სამუშაოდ ბაბუცა გორდაძის მეუღლემ წაიყვანა, რომელიც ამბობდა, რომ ჯინსების ბიზნესი ჰქონდა. ბაბუცა გორდაძის მეუღლე ელდარ დავითიანი პარასკევს, გორდაძის საქმის წინასწარი მოსმენის შემდეგ, თბილისში დაბრუნდა და სამართალდამცავებს ჩვენება მისცა.
 
მალაიზია იმ 22-მდე ქვეყანაში შედის, სადაც ნარკოტრეფიკისთვის სიკვდილით დასჯაა გათვალისწინებული. ამასთან, საგულისხმოა, რომ თუ ბანგლადეში, ბრუნეი, ვიეტნამი, ეგვიპტე, ინდოეთი სასჯელის ამ ზომას დანაშაულის გამეორების შემთხვევაში იყენებს, მალაიზიისთვის, ირანისთვის, ერაყისთვის, ქუვეითისთვის, ომანისთვის, სინგაპურისთვის, ტაილანდის, შრი-ლანკისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნისთვის ასეთი განაჩენის გამოსატანად პირველი მცდელობაც საკმარისია. 
 
ზიანის შემცირების საერთაშორისო ასოციაციის 2010 წლის მიმოხილვის თანახმად, სიკვდილით დასჯის კანონის ამოქმედებიდან (1975 წლიდან) – 2005 წლამდე, მალაიზიაში სიკვდილით ნარკოტიკებით მოვაჭრე 229 ადამიანი დასაჯეს. ორგანიზაცია Amnesty International-ის ანგარიშის მიხედვით კი, მალაიზიაში 2008 წელს 22 ადამიანია სიკვდილით დასჯილი, 2009 წელს ეს რიცხვი 50-მდე გაიზარდა.
 
საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთადერთი შანსი, თავი აარიდონ სასიკვდილო სასჯელს, მათი სამშობლოში ექსტრადიციაა, სადაც მათ მინიმუმ 8-წლიანი ან მაქსიმუმ სამუდამო პატიმრობა ელით. 
 
პრეცედენტი უკვე არსებობს – გასულ წელს სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას გადაურჩნენ ესპანეთის მოქალაქეები. სიკვდილმისჯილები, ესპანური მხარის აქტიური ჩარევის შემდეგ, მალაიზიამ ამ ქვეყანას გადასცა, სადაც მათ ამ დანაშაულისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელი შეუფარდეს. 
 

კომენტარები