მოტეხილი ხელით აღებული 60

ჯერი უესტი
NBA-ს რეგულარულის სტარტით პროფესიული ლიგის ისტორიული ჰაილაითები ოდნავ უკანა პლანზე გადადის. აფიშირებული და უხერხულობამდე გალიპლიპებული ჰიტი, სოლიდური და მშვიდი ლეიკერსი, ბებრების თავშესაფარი, ანუ სან ანტონიო სპურსი და ფულის ფანი დევიდ სტერნი ისევ წინა პლანზე იქნებიან. პარალელურად, დაიწყო რამდენიმე თითქმის საინტერესო გამოკითხვა. ერთ-ერთში საჰედლაინო კითხვაა, ვინ დააგროვებს პირველ მიმდინარე რეგულარულში 60 და მეტ ქულას?

რთული, თითქმის არარეალურია დღევანდელ კალათბურთში 60 ქულის აღება. ლიგის ისტორიაში 60 და მეტქულიანი ინდივიდუალური ჰაილაითი 62-ჯერ, ოცმა მოთამაშემ დააფიქსირა. უილტ ჩემბერლენმა ეს 32-ჯერ გააკეთა, მაგრამ მაშინ კალათბურთიც სხვა იყო და ჩემბერლენსაც ბილ რასელის გარდა, ნორმალური ოპონენტი არ ჰყავდა. 

მაიკლ ჯორდანმა 60 და მეტი ქულა ხუთჯერ დასვა, ისევე როგორც კობი ბრაიანტმა. მერე მოდის ელჯინ ბეილორი (4), რომელიც ჯორდანთან ერთად ერთადერთია, ვისაც იდენტური შედეგი, ანუ 60 ქულაზე მეტი აქვს აღებული როგორც რეგულარულში, ასევე გასავარდნ სტადიაზე. 

1949 წლის 10 თებერვალს ფილადელფია უორიორზი ინდიანაპოლის ჯეთსს ხვდებოდა. ორი ნორმალური გუნდი, საინტერესო რუსტერებით და ძალიან სწრაფი ხუთეულებით. ფილადელფიას ჰყავდა მსუბუქი ფორვარდი ჯო ფულკსი, რომელიც ლიგის ისტორიაში პირველი ოფიციალური საუკეთესო ბომბარდირია (1946). სწრაფი, მანდილოსნებში საკმაოდ პოპულარული ფულკსი უპრობლემოდ იღებდა ნებისმიერ მატჩში იმდენ ქულას, რამდენიც სურდა. პრობლემა მხოლოდ ჯოს მოტივაცია იყო. ორჯერ ფულკსი მატჩის დროს მოედანზე დავარდა, რაც შეხვედრის დაწყებამდე კოკაინის და ტეკილას მიღებამ გამოიწვია. 

იმ მატჩში ფულკსი პირველიდან ბოლო წუთამდე მოედანზე იდგა, 56/27 სროლა და 14/9 საჯარიმო გამოიყენა, ოპონენტის სამი დამცველი გააგდო და 63 ქულა დააგროვა. მაშინ NBA არ იყო NBA, ლიგას Basketball Association of America ერქვა და მოგვიანებით, NBA-ს ბოსებს ფულკსის რეკორდის დაფიქსირება არ სურდათ. 1976 წლის 20 მარტს ფულკსი კალათბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 1976 წლის 21 მარტს ფულკსი მისი საცოლის უმცროსმა ძმამ, გრეგ ბანისტერმა ცეცხლსასროლი იარაღით ლინკოლნში ჩაცხრილა. 

10 წლის შემდეგ ფულკსის რეკორდი ერთი ქულით გააუმჯობესა ელჯინ ბეილორმა. 

მასზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. ბეილორი იყო მთელი გუნდი, ბეილორმა ლეიკერსი ყველაზე პოპულარულ ორგანიზაციად აქცია და ბეილორი იყო კაპიტანი იქ, სადაც ლიგის ლოგოტიპი, ჯერი უესტი თამაშობდა. ბეილორმა კარიერა 23 149 ქულით და ჩემპიონობის გარეშე დაასრულა. 

1962-63 წლებში ბეილორი ამერიკის ჯარში გაიწვიეს. ელჯინი დილით სამხედრო ვალდებულებას იხდიდა, შემდეგ მეგობარი გოგონას მამის მანქანით ლოს ანჯელესში მიქროდა, მოედანზე გადიოდა და ერთ მატჩში საშუალოდ 38 ქულაზე მეტს აგროვებდა. ელჯინი გახდა პირველი აფროამერიკელი კალათბურთელი, რომლის საპატივცემულოდაც ამერიკის პრეზიდენტმა სპეციალური მარკა გამოაშვებინა. 

გუნდი, რომელიც ბეილორის ლეიკერსთან რეგულარულში აგებდა, კალიფორნიელებს ფლეი ოფში ამცირებდა და ეს გუნდი რასელის, ბობ კოუზის სელტიქსი იყო. 1959 წლის 8 ნოემბერს ლეიკერსმა ბოსტონს 136:115 გადაუარა, ბეილორმა კი 37 წუთში თამაშიდან 47-ში 25 სროლა გამოიყენა, 64 ქულა დადო და ფულკსის რეკორდი გადაწერა. 

ბეილორი: „რეკორდის დამყარებაზე არ მიფიქრია. ფეხი ვიტკინე, ექიმებმა მოედანზე გასვლა ამიკრძალეს, მაგრამ გუნდში განაცხადის შესავსებად მოთამაშეების აუცილებელი რაოდენობა არ გროვდებოდა და იძულებული გავხდი, მეთამაშა. სროლა ჯერ არ წამივიდა, მეორე მეოთხედში კი სელტიქსის ერთ-ერთმა სათადარიგომ ცხვირი გამიტეხა. ტამპონით, დალილავებული თვალით ვითამაშე და მხოლოდ მატჩის მერე მითხრეს, რომ 64 ქულა დავაგროვე”.

ბეილორის შემდეგ კი დაიწყება უილტ ჩემბერლენის ეპოქა. უკვე კარიერის ბოლოს, როდესაც უილტი ლეიკერსში ჩემპიონი გახდება, ჩემბერლენს და ბეილორს ერთად თამაშის შანსი მიეცემათ, მანამდე კი ჩემბერლენისტაბილურად აგროვებდა 40-45 ქულას, 23-25 მოხსნას, 5 პასს და ატერორებდა ყველას სელტიქსის და რასელის გარდა. 

უილტის 100-ქულიანი მატჩი (1962.02.03) უფრო გაპიარებულია, ვიდრე მისივე სხვა ჰაილაითები. ნიქსთან 100-ქულიანზე წონადი იყო შეხვედრა, როდესაც ჩემბერლენმა თითქმის მარტომ მოუგო ლეიკერსს.

1961.08.12.
ლეიკერსი მეორე ტაიმში 19 ქულას უგებს უილტის ფილადელფიას. ჩემბერლენს არ მისდის თამაში და პირველი 30 ცოცხალი სროლიდან უილტმა მხოლოდ 11 ჩააგდო. ბეილორივით, ჩემბერლენსაც ცხვირი გაუტეხეს და გიგანტმა ამის შემდეგ აკრიფა. ზედიზედ აღებული 34 (!) ქულით მან მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა. იქ უკვე ჩემბერლენიც გავარდა და კალიფორნიელებმაც მოიგეს 151:147, უილტმა კი მატჩი 78 ქულით, 43 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემით და 17 სლემით დაასრულა. დაფარებებს და ჩაჭრებს ოფიციალურად არ ითვლიდნენ.

1978.09.04.
რეგულარულის ბოლო მატჩი. სან ანტონიო სპურსის ლეგენდა, ჯორჯ გერვინი ბომბარდირებში პირველ ადგილზეა და დენვერის დევიდ ტომპსონს 0.07 უგებს. ნაგეტსის მატჩი დეტროიტთან ოდნავ ადრე იწყება და ტომპსონმა შეხვედრა 73 ქულით დაასრულა. გერვინს ბომბარდირის ტიტულისთვის მინიმუმ 63 ქულა სჭირდება. ჯორჯმა ბოლო მეოთხედამდე მოაგვარა ყველაფერი, 32 წუთში ზუსტად 63 ქულა აიღო და იმავე სხვაობით, ანუ 0.07-ით გადაასწრო ტომპსონს. სპურსმა ის მატჩი 132:153 დათმო. მეორე მეოთხედში გერვინმა 33 ქულა დააგროვა. შედეგი, რომელიც მოგვიანებით კობი ბრაიანტმა გაიმეორა.

სან ანტონიოს კიდევ ერთი დიდი კაცი მოხვდა ანალოგიურ სიტუაციაში. 1993-94 წლების რეგულარულის ბოლო დღეს დევიდ რობინსონი და შაკილ ო’ნილი ქულების თანაბარი საშუალო მონაგარით მიუახლოვდნენ. ადმირალის გუნდი კლიპერსს ხვდებოდა, შაკი კი მოგვიანებით უნდა გასულიყო მოედანზე. რობინსონზე მთელმა გუნდმა, მსაჯებმა, კლიპერსმაც ითამაშეს და ლეგენდარულმა ცენტრმა 42 წუთში 71 ქულა აიღო, შაკმა მოგვიანებით მხოლოდ 38 დააგროვა და რობინსონიც ისტორიაში შევიდა. 

 ლიგის ლოგოტიპი, ჯერი უესტი ერთადერთია, რომელმაც 60 და მეტი ქულა ხელმოტეხილმა გააკეთა. 1962 წლის 15 იანვარს უესტი სასტუმროს შესასვლელში წაიქცა და მარცხენა მაჯა მოიტეხა. ჯერის თაბაშირი დაადეს, ორი კვირით ვარჯიში აუკრძალეს, უესტი კი ორ დღეში მოედანზე გავიდა. ლეიკერსი ნიუ იორკ ნიქსს ხვდებოდა, მატჩს ამერიკის პრეზიდენტი ჯონ კენედი დაესწრო და ჯერიმაც ცალი ხელით 63 ქულა აიღო. ერთ თვეში უესტს თაბაშირი ახსნეს, რომელიც ლეიკერსის პირსახოცში გახვეული, ეგრევე თეთრ სახლში გაგზავნეს. კენედიმ უესტს მადლობა საჯაროდ გადაუხადა.
 

 

კომენტარები