ქართული ენერგეტიკის ახალი პერსპექტივები

საქართველო საკუთარი ჰიდროენერგო პოტენციალის ათვისებას იწყებს. მთავრობას იმედი აქვს, რომ 10 წელიწადში ქვეყანა ჰიდროელექტროენერგიის ექსპორტის მხრივ რეგიონის ლიდერი გახდება. იდეას სკეპტიკოსები არ ელევა.
საქართველოს ტერიტორიაზე 26 ათასი მდინარეა დათვლილი. 300 მათგანის წლიური ჯამური პოტენციური სიმძლავრე 15 ათას მეგავატს, ხოლო წლიური ენერგია 50 მილიარდ კილოვატსაათს შეადგენს.
საქართველო დღეს საკუთარი ჰიდრო პოტენციალის მხოლოდ 18%-ს იყენებს. ამ მაჩვენებლის გასაზრდელად, რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადაიდგა: შენდება 5 ელექტროსადგური, კიდევ 16-ის ასაშენებლად კონტრაქტები ხელმოწერილია.
ამერიკის შეერთებული შტატები, მაგალითად, საქართველოს ენერგოინფრასტრუქტურაში 124 მილიონ აშშ დოლარს აბანდებს. საქართველოს მთავრობასთან ნამახვანში ჰესების კასკადის მშენებლობისთვის 1 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტზე ხელი შარშანვე მოაწერა კორეულმა კომპანიამ – Korea Electric Power Corporation (KEPCO)-მაც. მშენებლობა 2011 წელს დაიწყება და 6 წლის შემდეგ დასრულდება. შავი ზღვის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაც დაწყებულია. 380 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს სამი საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია – რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი (EBRD), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და ევროკავშირის სამეზობლო ინვესტიციის ფონდი აფინანსებს. მშენებლობა სავარაუდოდ 2012 წლისთვის უნდა დასრულდეს. ახალი ელექტროგადამცემი ხაზით საქართველო თურქეთში 10-ჯერ მეტი ელექტროენერგიის ექსპორტირებას შეძლებს. მას შემდეგ კი, რაც თურქულ ელექტროსისტემას დაუკავშირდება, საქართველო ელექტროენერგიის გაყიდვას უკვე აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე, სირიასა და ერაყშიც შეძლებს.
ელექტროენერგიის წარმოების ხარჯი საქართველოს მთავარი კონკურენტული უპირატესობა იქნება. სხვადასხვა გათვლით, საქართველოში ერთი საათის ელექტროენერგიის მიღება 5-6 აშშ ცენტი ჯდება. თურქეთში ელექტროენერგიის გაყიდვა მხოლოდ 10 ცენტად იქნება შესაძლებელი.
სრული ენერგო პოტენციალის ათვისება იოლი არ არის: საქართველოს მდინარეებში სეზონურად წყლის დონე ხან მკვეთრად იკლებს, ხან – იმატებს. ჰიდროელექტროენერგიის მისაღებად კი აუცილებელია, წყლის დონე დარეგულირდეს. ამისთვის შეიძლება ხელოვნურად მარეგულირებელი წყალსაცავებიანი ელექტროსადგურები აშენდეს. თუმცა ასეთი ელექტროსადგურების ოპერირება დიდ ეკოლოგიურ რისკებთან არის დაკავშირებული: წყლის ბუნებრივი დინებისა და დონის დარღვევამ შეიძლება მისი დაშრობაც კი გამოიწვიოს.
გამოსავალი მაინც არსებობს – მცირეწყალსაცავებიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. სრული ენერგო პოტენციალის ასათვისებლად, ამ მიმართულებით 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა საჭირო.
სკეპტიკოსებს მიაჩნიათ, რომ საქართველო, გლობალური ფინანსური კრიზისისა და საგარეო პოლიტიკის საფრთხეების გათვალისწინებით, ამ თანხის მოზიდვას ვერ შეძლებს.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, წინა წლებთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, საშუალოდ, გასამმაგდა. 2010 წლის I კვარტალში, ინვესტიციები 42%-ით შემცირდა. 1.6 მილიარდდოლარიანი შემცირება რამდენიმე მიზეზმა გამოიწვია: ფინანსურმა კრიზისმა, შიდა პოლიტიკურმა არეულობამ და 2008 წლის აგვისტოს ომმა. 2010 წლის II კვარტალში საქართველოში უკვე 197 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა. ეს 11%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველოს ადგილი კორუფციის აღქმის ინდექსშიც ბოლო ოთხი წლის მანძილზე ყოველწლიურად საშუალოდ 8 ადგილით უმჯობესდებოდა. დღეს საქართველო 180 ქვეყანას შორის 66-ე ადგილზეა. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან, მასზე წინ მხოლოდ თურქეთია და 5 ადგილით უსწრებს. დანარჩენ მეზობლებთან შედარებით – რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი – საქართველო საშუალოდ 70 ადგილით წინაა.
საქართველოს საკუთარი ენერგოსექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების წარმატებული ისტორია უკვე აქვს. ამას ენერგოსექტორის დივერსიფიკაციისა და პრივატიზაციის გზით მიაღწია. ჰიდროელექტროსადგურებისა და ენერგოგამანაწილებლების პრივატიზაცია დღის წესრიგში 2006 წლის იანვარში დადგა. ეს მას შემდეგ, რაც რუსული გაზის გიგანტმა – გაზპრომმა საქართველო დააშანტაჟა და გაზის მიწოდება შეუწყვიტა. ერთი წლის შემდეგ საქართველომ, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან ბუნებრივი გაზის შესყიდვის ხარჯზე, რუსული გაზის იმპორტი შეამცირა. თან ენერგეტიკულ მიქსში გაზის წილის შემცირებაც გადაწყვიტა. ამისათვის ჰიდრო პოტენციალის ათვისება და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იყო საჭირო. ჩეხურმა კომპანიამ – Energo Pro – ელექტროენერგიის აქტივები პირველად თანხაზე (312 მილიონი აშშ დოლარი) გაცილებით იაფად (132 მილიონი აშშ დოლარი) იყიდა, ოღონდ იმ პირობით, რომ დამატებით 285 მილიონ აშშ დოლარს ინფრასტრუქტურაში, აქტივების რეაბილიტაციასა და ახალი სიმძლავრის გამომუშავებაში დააბანდებდა. 2007 წელს, თავის ისტორიაში პირველად, საქართველომ ელექტროენერგია ექსპორტზე გაიტანა.

კომენტარები