ტრამპის ინვესტიციები საქართველოში

დონალდ ტრამპი
საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში პირველი ქვეყანაა, სადაც ტრამპის ორგანიზაცია ინვესტიციას დააბანდებს.
თბილისმა, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, დასავლელ ინვესტორებს კარი ფართოდ გაუღო. ქვეყანამ მათ ბიზნესის გაფართოებისთვის ხელსაყრელი პირობებიც შესთავაზა. მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ, მსოფლიოში მე-11 ადგილზეა. ეს მაჩვენებელი ყველა ყოფილ საბჭოთა ქვეყანასთან შედარებით მაღალია. სახელმწიფომ, როგორც ჩანს, სწორი არჩევანი გააკეთა. თბილისი, სადაც 1.1 მილიონი ადამიანი და ბათუმი, სადაც 121 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ტრამპის ინვესტიციებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა. ეს მაშინ, როცა თითო სულზე მთელ ქვეყანაში შემოსავალი ყოველწლიურად სულ რაღაც 4.400 აშშ დოლარია.
ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი ფლობს აშშ-ში უმსხვილეს სამშენებლო კომპანიას Trump Entertainment Resorts, რომელიც მსოფლიო მასშტაბით უმსხვილეს სამორინეებისა და სასტუმროების ქსელებს მართავს. მისია კომპანია Trump Organization-იც. Forbes-ის შეფასებით, დონალდ ტრამპის ქონება 2010 წელს 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ტრამპის ორგანიზაცია რამდენიმე პროექტს გეგმავს თბილისში, ბათუმსა და ბობოყვათში. პროექტების სერია თბილისში, საქანელას ქუჩის განვითარებით დაიწყება. საქართველოში ტრამპი თურქეთში აშენებული 40-სართულიანი საცხოვრებელი და საოფისე კომპლექსის მსგავსი პროექტის განხორციელებას აპირებს.
ამერიკელი მილიარდერი საქართველოში ინვესტირებით აპრილში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამერიკაში ვიზიტისას დაინტერესდა. მაშინ სააკაშვილი აცხადებდა, რომ ტრამპი პოლიტიკოსებს იშვიათად ხვდება, თუმცა ბიზნესის თვალსაზრისით, საქართველოს იმდენად საინტერესო ქვეყნად მიიჩნევს, რომ მასთან შეხვედრას დათანხმდა.
აპრილშივე გადაწყდა, რომ საქართველოში ტრამპის ორგანიზაციის პარტნიორი სილქ როუდ ჯგუფი გახდებოდა. ივლისში სილქ როუდ ჯგუფმა საქართველოში ტრამპის ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ კოენი ჩამოიყვანა. კოენმა თბილისსა და ბათუმში ინვესტირებისთვის მიმზიდველი 13 პოტენციური ადგილი დაათვალიერა. მან დაადასტურა, რომ ტრამპი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრით „განსაკუთრებით დაინტერესდა”.
ეს გარიგება სილქ როუდ ჯგუფის კარიერაში დიდი ნახტომია. კომპანია ქვეყნის მასშტაბით აქტიურადაა ჩართული უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაში. ოფისი ნიუ იორკშიც გახსნა და ცდილობს, მაღალი რანგის ინვესტორები საქართველოს ბიზნესპოტენციალით დააინტერესოს. რადისონის ქსელი თბილისში, მაგალითად, სწორედ ამ კომპანიის მეშვეობით შემოვიდა.
თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი 22 სექტემბერს ნიუ იორკში, დონალდ ტრამპისა და პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ, ოფიციალურად გაფორმდა.  

 

კომენტარები