ეს უცნაური არგენტინელები!

 უცნაური ხალხია არგენტინელები – სანამ მათი ნაკრების უცხოელი გულშემატკივრები ცდილობენ, როგორმე „გადახარშონ” სამხრეთაფრიკული ფიასკო, ადგილობრივი ინჩადა აეროპორტში ისეთ შეხვედრას უმართავს მარადონას და მის კრებულს, გეგონება, მსოფლიო თასი მოეგოთ!

გერმანიასთან განადგურების შემდეგ ჩემმა არგენტინელმა მეგობარმა პატრისიო ტუბალმა სატელეფონო საუბარში ჯერ დეტალურად გამირჩია ალბისელესტეს მარცხის ტაქტიკური მიზეზები, ბოლოს კი, როცა მარადონა ვუხსენე, ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, განმიცხადა – ჩემთვის დიეგო მაინც დიეგოა და, რაც უნდა, ის გააკეთოსო! ასევე ფიქრობს უამრავი სხვა არგენტინელი. როგორც ჩანს, მარადონა მათთვის მართლაც ღმერთკაცია და მას ყველაფერს პატიობენ...

უკვე შეცვალეს მწვრთნელები იტალიამ, საფრანგეთმა, საბერძნეთმა, მექსიკამ, ბრაზილიამ... სავარაუდოდ, დახვრეტენ ჩრდილოკორეელთა თავკაცს. მარადონა კი აცხადებს, გადადგომის თაობაზე ნათესავებს უნდა დავეკითხოო! ამასთან, გულშემატკივრები და ფეხბურთელები მას დარჩენას სთხოვენ...

და მაინც, რა მოხდა აფრიკაში? ჯგუფში არგენტინას არ აღმოაჩნდა ძლიერი მეტოქე, ფეხბურთელებსაც წაუვიდათ თამაში და არც მარადონას დაუშვია ფატალური შეცდომები. მერე იყო მატჩი მექსიკასთან, მსაჯის შეცდომა, მეტოქის დაბნეულობა და ტევესის ბენეფისი... მთლიანობაში, გუნდი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით სხვა ფავორიტთა უსახური თამაშის ფონზე. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ არიგო საკიმ მარადონა ფეხბურთის რევოლუციონერად გამოაცხადა და მისი ტაქტიკური ნოუ-ჰაუ 4-1-5 საფეხბურთო ნოვაციად მონათლა!

დიეგოსაც თავში აუვარდა და...

ფაქტია, რომ მარადონამ ვერ გამოიცნო საგერმანიო შემადგენლობა. იმათგანაც კი, ვინც მან აფრიკაში წაიყვანა, შეიძლებოდა გაცილებით უკეთესი ტიტულარების შერჩევა. სრულიად გაუგებარი ჩანდა დაცვის ცენტრში ვალტერ სამუელის იგნორირება. მისი დაყენების შემთხვევაში, დემიკელისს მზღვეველი გაუჩნდებოდა, უნიჭო ოტამენდის პოზიციაზე კი გაცილებით გამოცდილი ბურდისო გადაინაცვლებდა. ან რატომ არ ითამაშა ვერონმა?
ცენტრში მასკერანო მარტო დარჩა, ბურთის გამჩერებელი კი გვერდით არ აღმოაჩნდა. დაიჩაგრა ხონას გუტიერესიც, რომელიც პირველ მატჩებში მიუჩვეველ პოზიციაზე – მარჯვენა მცველად ათამაშეს, ხოლო როდესაც მისი მობილურობა ყველაზე საჭირო გახდა, ნახევარდაცვის ფლანგზე დი მარიათი ჩაანაცვლეს. ან რატომ არ ათამაშეს იგუაინის ნაცვლად მილიტო? მან ხომ მარტომ მოუგო ლიგის ფინალი „ბაიერნს” და გაცილებით ეფექტური იქნებოდა ხისტი გერმანული დაცვის წინააღმდეგ! აღარაფერს ვამბობ სახლში დატოვებულ ხავიერ ძანეტისა და ესტებან კამბიასოს შესახებ, რომელთა პოზიციებიც ამ ნაკრების ყველაზე სუსტ წერტილებად დარჩა!

და, რა თქმა უნდა, მესი. მისი ადგილი მინდორზე ბოლომდე გაუგებარი დარჩა. შეიძლება ბევრი ვისაუბროთ გადაღლილობაზე, რომელიც მუნდიალის ყველა სავარაუდო ვარსკვლავს (რონალდო, რუნი, კაკა, რიბერი) ეტყობოდა, ფატალურ უიღბლობასა და მეკარეთა გამორჩეულად ეფექტურ სეივებზე. ყველა არგუმენტს აქვს თავისი ლოგიკა. თუმცა, ფაქტი ერთია – ლეო არ არის დიეგო და ალბათ ვერც ვერასოდეს გახდება!...
გასარკვევი მხოლოდ ისაა, დასრულდება თუ არა უახლოეს პერიოდში მარადონას ეპოქა?

„არხენტინოს ხუნიორსის” პრეზიდენტმა ლუის სეგურამ, რომელიც არგენტინული ფეხბურთის თავკაცის, ხულიო გრონდონას უახლოესი გარემოცვის წევრია, პირდაპირ განაცხადა – მარადონას დარჩენის საკითხი თვითონ დიეგოს გადასაწყვეტია, ფედერაცია კონტრაქტს არ გაუწყვეტსო.

მუნდიალის ასეთ სამარცხვინო დასასრულს მხოლოდ ერთი პლუსი აქვს – ბუენოს-აირესის მოსახლეობა გადარჩა ტიტველი მარადონას სირბილს ქალაქის ცენტრალური ობელისკის გარშემო!

მომავალ წელს არგენტინა კოპა ამერიკას მორიგ გათამაშებას მასპინძლობს. იქამდე მარადონა კიდევ მოასწრებს ნაკრებში მორიგი ასეულის გამოცდას, მერე ისევ წააგებს გადამწყვეტ მატჩს და სათათბიროდ კვლავ ნათესავებს და მეზობლებს მოუხმობს... და ისევ დარჩება... ხალხის თხოვნით... სამუდამოდ!

მართლა ძალიან უცნაური ხალხია ეს არგენტინელები...

კომენტარები