რუსეთი-ბალტიის ქვეყნები

კაუნასი: პუტინს ახალი "გამარჯვება" სჭირდება, უახლოესი სამიზნე ბალტიისპირეთი და პოლონეთია

რობერტას კაუნასი

ლიტვის თავდაცვის მინისტრის, რობერტას კაუნასის თქმით, უკრაინაში ომის სასურველი შედეგის მიუღწევლობის ფონზე, კრემლი ახალი ესკალაციისა და "გამარჯვების" ძიებაშია, ხოლო ყველაზე სავარაუდო სამიზნეებად ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი განიხილება.

"რადგან უკრაინაში ომი არ მიმდინარეობს ისე, როგორც რუსეთი გეგმავდა, მათ არ შეუძლიათ გამარჯვება და აფეთქებები უკვე რუსეთში ხდება, არის საწვავის დეფიციტი [...] რუსეთის საზოგადოება უკვე ეკითხება კრემლის რეჟიმს რატომ ხდება ეს ყველაფერი და სად არის დაპირებული გამარჯვება" - თქვა კაუნასმა LRT-თან.

მისი თქმით, "პუტინს ახალი ესკალაცია და რაიმე ახალი გამარჯვება სჭირდება, ამ შემთხვევაში კი ყველაზე ახლო სამიზნე ბალტიისპირეთი და პოლონეთია".

კაუნასის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ლიტვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ დაადასტურა უცხოურ მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ რუსეთი პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში პროვოკაციებს ამზადებს, რათა NATO-ს ერთიანობა გამოსცადოს.

ნაუსედას თქმით, ეს შეფასება სადაზვერვო მონაცემებს ეფუძნება და ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე შესაძლო თავდასხმებს, რომლებიც შეიძლება შესრულდეს როგორც სამხედრო, ისე ჰიბრიდული მეთოდებით.

მანამდე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ თქვა, რომ რუსეთმა შესაძლოა უკრაინული წარმოების დრონებით მოაწყოს ე.წ. ოპერაცია ცრუ დროშის ქვეშ.

ამავე დროს, ლიტვის თავდაცვის ძალების სარდალმა, გენერალმა რაიმუნდას ვაიკშნორასმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ლიტვისა და სხვა ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან ჩვეულებრივი სამხედრო აგრესიის ნიშნები არ ჩანს, თუმცა სამხედრო საშუალებების გამოყენებით პროვოკაციების შესაძლებლობა გამორიცხული არ არის.

მისი თქმით, მსგავსი შეფასება ლიტვის ყველა დასავლელ მოკავშირეს აქვს, რის გამოც აუცილებელია რუსეთის მოქმედებებისა და რიტორიკის მუდმივი მონიტორინგი, საზოგადოების მდგრადობის გაძლიერება და თავდაცვაში დამატებითი ინვესტიციები.

კაუნასის თქმით, შესაძლო საფრთხის საპასუხოდ ლიტვამ უკვე გააძლიერა ხიდების, ელექტროსადგურებისა და ქვესადგურების, გაზმომარაგების სისტემებისა და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაცვა. მისივე თქმით, პარალელურად მუშავდება დამატებითი საგანგებო გეგმებიც, რომლებიც კრემლის შესაძლო მოქმედებებზე რეაგირებას ითვალისწინებს.

კაუნასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიტვა რუსეთის პროვოცირებას არ ცდილობს, თუმცა, როგორც NATO-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თავდაცვის შესაძლებლობებსა და დასავლეთთან სამხედრო ინტეგრაციას აძლიერებს.

რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების შესახებ განცხადებები ბოლო პერიოდში გახშირდა, რადგან მოსკოვი უკრაინის ფრონტზე მზარდი სამხედრო წნეხის ქვეშ იმყოფება. ბოლო თვეებში უკრაინამ წარმატებული იერიშები მიიტანა რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის ობიექტებზე, რამაც საწვავის კრიზისი გამოიწვია.

კომენტარები